3 მილიონი 40 დღეში! - კვირის პალიტრა

3 მილიონი 40 დღეში!

კობი ბრაიანტი სანიკიძესთან ერთად ითამაშებს

ბოლონიის "ვირტუსის" ხელმძღვანელობამ თავისი მაინც გაიტანა და NBA-ს ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი - კობი ბრაიანტი მხოლოდ რამდენიმე დღით, მაგრამ მაინც გადაიბირა. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გამოცხადებულმა ლოკაუტმა ბევრი ოკეანისგაღმელი მოთამაშე დააფიქრა ევროპაში გადმობარგებაზე. მათ შორის აღმოჩნდა ბრაიანტიც, რომელსაც "ვირტუსმა" იმდენი "უჩხიკინა", სანამ ბოლონიაში არ ჩაიტყუა.

ისე, ამას "ჩატყუებას" ძნელად თუ დაარქმევს კაცი - ხელშეკრულება 40 დღით არის გაფორმებული და ამ ხნის განმავლობაში 33 წლის ვარსკვლავი 3 მილიონ დოლარს მიიღებს! იტალიელთათვის "ორმოცს" "წლისთავი", ანუ მინიმუმ ერთწლიანი კონტრაქტი სჯობდა, მაგრამ  NBA-ში გაფიცვა ამდენ ხანს არ გაგრძელდება, ამიტომაც კობი "ვირტუსში" იმდენ ხანს ითამაშებს, სანამ ლოკაუტი არ დასრულდება. ჩვენთვის კი ეს ამბავი იმით არის საინტერესო, რომ ბოლონიურ კლუბში ვიქტორ სანიკიძეც თამაშობს.