ფუნთუშაპარია მეკარე - კვირის პალიტრა

ფუნთუშაპარია მეკარე

2011 წლის ივნისში "მანჩესტერ იუნაიტედმა" 18,3 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ მადრიდის "ატლეტიკოდან" 20 წლის მეკარე - დავიდ დე ხეა გადაიბირა. ახალგაზრდა ესპანელს ედვინ ვან დერ სარის შემცვლელად მოიაზრებენ, ხელფასად კი კვირაში 70 ათას გირვანქა სტერლინგს იღებს. როგორც ჩანს, დე ხეას ეს ფული მაინც არ ჰყოფნის და იძულებულია, საჭმელი მაღაზიიდან აწაპნოს. ბოლო წინადადება, რა თქმა უნდა, სერიოზულად არ უნდა მიიღოთ, დანარჩენი კი ყველაფერი სიმართლე იყო - გასულ კვირას ორ ესპანელ მეგობართან ერთად დე ხეა თესცო-ს ქსელის სუპერმარკეტში შევიდა, რგოლის ფორმის ფუნთუშები შესანსლა და მაღაზიის დატოვება ტკბილეულის საფასურის (თითო ფუნთუშა 1,19 გირვანქა სტერლინგი ღირს. - ავტ.) გადაუხდელად სცადა.

20 წლის მეკარისა და მისი ამფსონების სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მაღაზიის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, ღორმუცელა ყმაწვილები დაცვის ოთახში შეიყვანეს და ჩანაწერი აჩვენეს. თესცო-ს ქსელის მაღაზიების შინაგანაწესის თანახმად, იმ მომხმარებლებს, რომლებიც პროდუქციის მოპარვაში არიან ეჭვმიტანილი, მაღაზიაში შესვლა სამი თვის განმავლობაში ეკრძალებათ, მიუხედავად ამისა, დაცვის სამსახურს არც პოლიციისთვის მიუმართავს და ფუნთუშაპარიებისთვის არც რაიმე სანქცია დაუკისრებია. ინციდენტის შემდეგ "მანჩესტერის" თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა შეგირდის დაცვა სცადა - დავიდი ჯერ მხოლოდ 20 წლის არის და ჩვენი ქვეყნის კულტურას კარგად არ იცნობსო. გეგონება, სხვა ქვეყნებში ქურდობა ნებადართული იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, მადრიდში ისეთ გემრიელ ფუნთუშებს ვერ აცხობენ და რა ექნა? სულმა წასძლია ბიჭს.