ელიტური "იბერია" - კვირის პალიტრა

ელიტური "იბერია"

უკვე დიდი ხანია, "იბერია სტარს" საკუთარ მოედანზე მატჩი არ წაუგია და მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფიდან გასვლა საწყისი ორი ტურის შემდეგ გაინაღდა, მოდუნების უფლება არც მესამე მატჩში მიუცია თავისთვის.გასულ კვირას თბილისის სპორტის სასახლემ ფუტსალში "უეფას თასის" ელიტრაუნდის შესარჩევ ტურნირს უმასპინძლა და პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მაყურებელთა დასწრების რეკორდიც დაამყარა: "იბერიისა" და ბელორუსიის "მაპიდის" მატჩს 4500 გულშემატკივარი დაესწრო. სპორტის სასახლეში მაყურებელთა სიმრავლე მხოლოდ იმის ბრალი არ ყოფილა, ტრიბუნაზე მოკალათება უფასო რომ გახლდათ, ტექნიკური ბრაზილიელებით დახუნძლული "იბერია სტარი" თვალსასეირო თამაშსაც აჩვენებს და არც გოლების გატანა უჭირს.

18 გატანილი და მხოლოდ სამი გაშვებული ბურთი, - ასეთია ოლეგ სოლოდოვნიკის გაწვრთნილი გუნდის სტატისტიკა სამ მატჩში. ისიც სათქმელია, რომ "იბერიამ" სამივე გოლი ბოლო ტურში - სლოვაკურ "სლოვ-მატიკთან" 3:3 ნათამაშებ მატჩში გაუშვა. მანამდე მასპინძლებს კინკილა ბურთიც კი არ ჰქონდათ გაშვებული - "მაპიდს" 4:0 მოუგეს, "ჟენევას" კი სულაც 11 უპასუხო ბურთი გაუტანეს. "იბერიულ ვარსკვლავში" ერთიმეორეზე უკეთესი ბრაზილიელები კი ბრწყინავენ, მაგრამ სასიამოვნოა ტურნირის საუკეთესო მოთამაშისთვის სპორტული რადიო "ჯაკოს" დაწესებული პრიზი, გუნდის კაპიტანმა გოგა ალთუნაშვილმა რომ დაიმსახურა. საბოლოოდ "იბერიამ" ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო და 2012 წლის ფუტსალის "უეფას თასის" ელიტრაუნდის საგზური გაინაღდა.