ბოისას ნაცვლად მარკოიშვილთან - კვირის პალიტრა

ბოისას ნაცვლად მარკოიშვილთან

როდის "დააკანტურებენ" თავს იტალიელები?

ჩვენთვის სადებიუტო ევრობასკეტთან დაკავშირებული აჟიოტაჟი შედარებით მინავლდა და კალათბურთელებმაც თავიანთ კლუბებს მიაშურეს. ნაკრების წევრთა უმეტესობას საკლუბო პრობლემები არ აწუხებს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთა მომავალი ნავსაყუდელი ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. ბოლო დროს მათ შორის ყველაზე დიდ ინტერესს გიორგი შერმადინის სატრანსფერო ამბები იწვევს. საქართველოს ნაკრების ცენტრი,  რომელიც ჯერ ისევ "პანათინაიკოსის" საკუთრებაა, გასულ სეზონში ლიუბლიანას "ოლიმპიაში" იყო განათხოვრებული და ვლადიმერ ბოისას მხარდამხარ თამაშობდა, ცოტა ხანში კი, შესაძლოა, იგი იტალიურ "კანტუში" მანუჩარ მარკოიშვილის თანაკლუბელი გახდეს.

რამდენიმე იტალიური წყარო ირწმუნება, რომ ეს უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ არც გიორგის და არც მის აგენტს ჯერჯერობით ამ თემაზე ლაპარაკი არ სურთ. 216 სმ სიმაღლის ქართველს "კანტუ" მიმდინარე წლის გაზაფხულიდან აკვირდება და საქმე იქამდეა მისული, რომ სამივე მხარეს - გიორგისაც, "პანათინაიკოსსაც" და "კანტუსაც" - სურს, ქართველმა ცენტრმა კარიერა სწორედ ამ იტალიურ კლუბში გააგრძელოს. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში, 2-ქულიანი ტყორცნების ზუსტად შესრულებით შერმადინი ლიუბლიანის "ოლიმპიაში" ლიდერი იყო. ამ მაჩვენებლით ის ევროლიგაზე - მესამე (71,4%), ადრიატიკის ლიგაზე - მეორე (72,1%), ხოლო სლოვენიის ჩემპიონატში პირველი (68,5%) გახლდათ. გარდა ამისა, ევროლიგის ტოპ-16-ის მოთამაშეთა შორის ქართველი ცენტრი დაფარებების მაჩვენებლითაც საუკეთესო იყო.

შერმადინის კარგი თამაში, ბუნებრივია, არც საკალათბურთო ექსპერტებს დარჩენიათ შეუმჩნეველი და გასული წლის ევროლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში გიორგის გადაბირებით ევროპის ოთხი უძლიერესი კლუბი იყო დაინტერესებული, იმ დროს "პანათინაიკოსთან" მოლაპარაკება შეუძლებელი გახლდათ: ივლისის შუა რიცხვებამდე ბერძნული გრანდის პრეზიდენტი პავლოს იანაკოპულოსი კლუბის გასხვისებას ცდილობდა. ამას NBA-ში გამოცხადებული ლოკაუტი და ევროპულ ეკონომიკაში, უპირველესად კი საბერძნეთში არსებული კრიზისიც დაემატა. ფინანსური პრობლემების გამო "პანათინაიკოსმა" ბიუჯეტი 40%-ით შეამცირა და რამდენიმე წამყვან მოთამაშესაც შეელია. ამან ძალიან გაართულა გიორგი შერმადინისათვის ისეთი პირობების შეთავაზება, როგორიც მას დააკმაყოფილებდა. ქართველ კალათბურთელს ახლა ორი ვარიანტი აქვს: ან "პანათინაიკოსში" დარჩეს უკვე ხელმოწერილი, გარანტირებული კონტრაქტით (ბერძნულ კლუბთან მისი ხელშეკრულება კიდევ ერთი წელი გრძელდება. - ავტ.), ან ფინანსურად სტაბილურ ტოპ-გუნდს მიაშუროს.

თუ ბერძნულ-იტალიური შეთანხმება შედგა, გიორგისთვის "კანტუ" საუკეთესო არჩევანი უნდა იყოს: ჯერ ერთი, იტალიურ კლუბს წვრთნის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი - ანდრეა ტრინჩიერი, რომელსაც თითოეულ კალათბურთელთან ინდივიდუალურად მიდგომისა და მისი ბოლომდე "გახსნის" საოცარი უნარი აქვს. გარდა ამისა, "კანტუს" ევროლიგის საგზური დაბევებული აქვს და რაც მთავარია, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მანუჩარ მარკოიშვილია, ახალ კლუბში თანამემამულისა და მეგობრის დახვედრა კი ახალგაზრდა მოთამაშისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გაირკვევა, შეძლებენ თუ არა კლუბები შეთანხმებას. გიორგი შერმადინი ახლა ათენშია, "პანათინაიკოსთან" ერთად ვარჯიშობს და მოვლენათა განვითარებას ელის. რადგან მომავალ ტრანსფერზე ქართველ კალათბურთელს სიტყვაც კი ვერ დავაცდენინეთ, მასთან ხანმოკლე ინტერვიუში ორიოდ სიტყვით მხოლოდ ქართველთათვის სადებიუტო ევრობასკეტს შევეხეთ:

- ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა ნორმალურად უნდა შევაფასოთ. ევრობასკეტის დებიუტანტები ვიყავით და პირველივე ჯერზე 12 საუკეთესო ნაკრებს შორის მოვხვდით. თანაც, ჩემპიონატის მსვლელობისას გუნდის კაპიტანი და ლიდერი ზაზა ფაჩულია და ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გიორგი ცინცაძე გამოგვაკლდნენ. ამის მიუხედავად, ტურნირის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან - მაკედონიასთან მხოლოდ ბოლო წამებზე დავმარცხდით, პირველი ტაიმი მოვუგეთ საბერძნეთის უძლიერეს ნაკრებს და ა.შ. ასე რომ, შემდეგი ჩემპიონატისთვის გაცილებით მეტი გამოცდილება გვექნება.

- ლიტვაში იმდენი ქომაგი გყავდათ, ალბათ, თავი საქართველოში გეგონათ.

- მართლაც ძალიან ბევრი გულშემატკივარი გვამხნევებდა და მათი მხარდაჭერა ყველა მატჩისას დიდ ენერგიასა და პასუხისმგებლობას გვმატებდა. უკრაინა-ბულგარეთის მატჩის დასრულების შემდეგ, როცა გაირკვა, რომ ჯგუფიდან გავედით, მოთამაშეებმა ერთმანეთს მივულოცეთ, მერე კი გარეთ მომლოდინე უამრავ ქართველთან გავედით და წარმატება  ვიზეიმეთ. უნდა გენახათ, როგორი სიმღერა და ცეკვა-თამაში გაიმართა ქუჩაში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ტრიბუნიდან თუ საქართველოდან გვგულშემატკივრობდა და ვისაც ჩვენი წარმატება გაუხარდა.

- გასული სეზონი თქვენ და ვლადიმერ ბოისამ სლოვენიის "ოლიმპიაში" გაატარეთ, სლოვენია კი ქვეჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქე იყო. მატჩის შემდეგ რა უთხარით თანაკლუბელებმა ერთმანეთს?

- ბუნებრივია, თამაშის დაწყებამდე ერთმანეთს "ვემუქრებოდით", მატჩის დასრულების შემდეგ კი ბევრი აღარ გვილაპარაკია - გამარჯვება მივულოცეთ და დავემშვიდობეთ. საქართველოს ნაკრების კარგმა თამაშმა სლოვენიელებიც გააკვირვა და მათთან ერთად ჯგუფიდან ჩვენც რომ გავედით, ძალიან გაუხარდათ.

- ევროპის საუკეთესო ცენტრებთან თამაშით თქვენც დიდ გამოცდილებას მიიღებდით.

- რა თქმა უნდა. ზოგიერთი მათგანის წინააღმდეგ მანამდეც მითამაშია, სხვები საქმეში პირველად ვნახე და მგონი, ჩემი ქვეყანა არ შემირცხვენია.