"დინამო" ბრუნდება - კვირის პალიტრა

"დინამო" ბრუნდება

ფეხბურთის არ იყოს, გუნდების "დაშლა-არმოშლა" საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატისთვისაც არაა უცხო - დაშლილიც ბევრი გვინახავს, "მობრუნებულიც" და სახე(ლ)შეცვლილიც, მაგრამ თბილისის "დინამოს" მაინც რაღაც განსაკუთრებული სჭირდა. უდიდესი ტრადიციის მქონე კლუბი ბოლო წლებში უპატრონოდ იყო მიტოვებული და საკვირველია, როგორ ახერხებდა მთავარი მწვრთნელი - დავით თორთლაძე ყოველგვარი დაფინანსების გარეშე გუნდის შენარჩუნებას. რამდენიმე კვირის წინ, "დინამო" სულაც დაშლილად გამოცხადდა და წლების განმავლობაში მხოლოდ ენთუზიაზმის ამარა მომუშავე თორთლაძეც უმუშევარი დარჩა. საბედნიეროდ, კლუბს მალევე გამოუჩნდა ახალი მეპატრონე და საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი თანამდებობაზე დააბრუნეს. აღსანიშნავია, რომ კალათბურთს ამჯერად მწვრთნელის ამპლუაში დაუბრუნდა და დავით თორთლაძის თანაშემწედ იმუშავებს ვეტერანი კალათბურთელი ირაკლი ხოშტარია. სიახლეა შემადგენლობაშიც: ახალგაზრდა კალათბურთელებთან ერთად, დუდუ დადიანის მემორიალზე "დინამოს" მაისური ისეთმა გამოცდილმა მოთამაშეებმაც მოირგეს, როგორებიც ირაკლი კეიდია, პლასიდე როდუმტა, გიორგი მარხვაშვილი და ლადო სუხიშვილი არიან. კლუბის ახალ ხელმძღვანელობას ძლიერი გუნდის დაყენება სურს და იმედია, საქართველოს ერთ-ერთი ტიტულოვანი კლუბის პრობლემებსაც ბოლო მოეღება.