"ფორმულა 1"-ის სათავეებთან... - კვირის პალიტრა

"ფორმულა 1"-ის სათავეებთან...

უკანასკნელ წლებში ქართული ავტოსპორტი განსაკუთრებულად გამოცოცხლდა. სხვადასხვა სახის შეჯიბრებებიც ხშირად იმართება და ისინი, მეტ-ნაკლებად შუქდება კიდეც.მაგრამ როგორც დიდი ილია ბრძანებდა, "უწარსულოდ აწმყო უფესვო ნერგია" და ქართველი კაცის ნათქვამიც ხომ გაგიგონიათ - სხვისი ღვინო ვერ დამათრობს, ჩემი თუ არ ურევიაო. ასეა, ყველას, ვინც დღეს ქართულ ავტოსპორტში ტრიალებს, ძველებისა, ანუ იმ ხალხისა "ურევია", ვინც სპორტის ეს სახეობა აქამდე მოიტანა...

ავტოსპორტს ჩვენში დიდი ხნის და ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, ამიერიდან კი, ფურცელზე გადატანილიც. "ფორმულა-1"ის სათავეებთან" - ასე ჰქვია წარსულში სახელგანთქმული მრბოლელის - გურამ დგებუაძის უნიკალური ფოტოებით უხვად ილუსტრირებულ წიგნს, რომლის პრეზენტაციაც გასულ კვირას გაიმართა. "კიდევ არაერთი წიგნიც რომ დავწერო, ბოლომდე მაინც ვერ ამოვწურავ, იმას, რაც მინახავს. არ შეიძლება ახალმა თაობამ არ იცოდეს, როგორი წინაპრები ჰყავდა. ამ წიგნით, ვალი მოვიხადე იმათ წინაშე, ვინც ძალიან მიყვარდა, ვინც სპორტის ეს სახეობა აქამდე მოიტანა"... - ამბობს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორი გურამ დგებუაძე.

ბევრმა არ იცის, რომ ქართველები ავტორბოლებში ჯერ კიდევ 1930-იანი წლებიდან მონაწილეობდნენ. მათგან ყველაზე ცნობილი საქართველოდან ემიგრირებული თავადი - დიმიტრი ჯორჯაძე გახლავთ, რომელიც მონაკოში ცხოვრობდა და წარმატებით მონაწილეობდა ევროპულ რბოლებში. აღსანიშნავია, რომ სპორტის ამ სახეობით სამეფო გვარის წარმომადგენლებიც იყვნენ გატაცებულნი. ესპანეთში მცხოვრები ირაკლი ბაგრატიონის შვილი გიორგი 1973 და 1982 წლებში ავტორბოლაში ესპანეთის ჩემპიონიც კი გახდა. გიორგი ბაგრატიონს ბარსელონაში, წრიულ ავტორბოლაზე ქართული ცეკვის დიდი მაესტრო - ესპანეთში სტუმრად მყოფი ილიკო სუხიშვილიც კი დაუპატიჟებია, რომელიც ავტო-მოტოსპორტის მოყვარული გახლდათ.

გურამ დგებუაძე თავმდაბალი კაცია და მიუხედავად იმისა, რომ გასახსენებელი ბევრი აქვს, მისივე წიგნში საკუთარ თავზე ყველაზე ნაკლებად ჰყვება - სამაგიეროდ, მის ნაშრომში ბევრ რამეს წაიკითხავთ ქართული ავტოსპორტის და მოტოსპორტის კორიფეებზე - შალვა სუხიშვილზე, ტიტიკო ხაბურზანიაზე, შოთა ზარდიაშვილზე, ავთანდილ გუნიაზე, ვლადიმერ გლურჯიძეზე, იგორ პოლტორაცკიზე და სხვა სახელოვან მრბოლელებზე. - თითოეული სტრიქონი ისეთი ემოციით არის დაწერილი, მეგონა, თავად ვიჯექი საჭესთან, - უთქვამს ავტორისთვის ბაკურ ბერიკაშვილს და ხუმრობით ისიც დაუმატებია - ერთი ნაკლი აქვს, ეტყობა, რომ "პლეხანოველის" დაწერილიაო...

შეკითხვაზე - როგორ ხარ? ძველი ავტომრბოლელები ერთმანეთს ასე პასუხობენ ხოლმე - მიწოლით ვიქოქებიო... თავად არა, მაგრამ ძველისძველი "ბოლიდები" მართლაც ბევრჯერ დაუქოქავთ "მიწოლით", ნორმალურ ეკიპირებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ხშირად ჩაფხუტის ქვეშ გასაკეთებელი დამცავი "პადშლემნიკიც" კი არ ჰქონდათ, მაგრამ სამაგიეროდ, ოთხცილინდრიანი ძრავის მქონე მანქანებით არაერთხელ დაუმარცხებიათ ექვსცილინდრიანი ავტომანქანები...

P.S. ამ ხალხმა ქართული ავტოსპორტი ჩვენამდე მოიტანა და კარგია, რომ მათ სახელებს "პლეხანოვურად", ანუ გემრიელად დაწერილი ეს პატარა წიგნი მაინც შემოინახავს...