"კარგად წაგებების" დრო დამთავრდა! - კვირის პალიტრა

"კარგად წაგებების" დრო დამთავრდა!

ქართველი მორაგბეები სულ გაბარბაროსდნენ - დუდუ ქუბრიაშვილის შემდეგ, მათ რიგებში კიდევ ორი ჩვენებური ჩაეწერა! რაგბიში ნაკლებად ჩახედული მკითხველი ძალიან რომ არ დავაბნიოთ, გეტყვით, რომ "ბარბაროსები" უძველესი, მე-19 საუკუნეში დაარსებული კლუბია, რომელსაც მუდმივი წევრები არ ჰყავს, წელიწადში რამდენჯერმე, იმ მომენტისთვის საუკეთესო მორაგბეებით კომპლექტდება და წამყვანი სარაგბო ქვეყნების ნაკრებებს ერკინება. ამ გუნდის მაისური ქართველთაგან პირველმა ეროვნული ნაკრების პირველხაზელმა - დუდუ ქუბრიაშვილმა მოირგო და მიმდინარე წლის ივნისში ჯერ ინგლისელებს, შემდეგ კი უელსს ესტუმრა. 11 ოქტომბერს, შოტლანდიაში გასამართი მატჩისთვის კი, "ბარბაროსთა" რიგებში ერთბაშად ორ ქართველს - გოდერძი შველიძეს და დავით კაჭარავას უხმეს. დღევანდელ რესპონდენტად სწორედ უკანასკნელი შევარჩიეთ და ბუნებრივია, ეროვნული გუნდისა და "ნიცას" მოთამაშეს მსოფლიო თასზეც ველაპარაკეთ...

- ჯერ კიდევ აგვისტოში იყო ლაპარაკი იმაზე, რომ შესაძლოა, "ბარბაროსებში"  მეთამაშა, მსოფლიო თასზე შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ კი, დანამდვილებით გახდა ცნობილი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ სარაგბო კრებულში მე და გოდერძი შველიძე მართლაც მიგვიწვიეს. გარდა იმისა, რომ ჩვენთვის დიდი სიხარული და პატივია, მთლიანად ქართული რაგბისთვისაც კიდევ ერთი აღიარება გახლავთ. როგორც ცნობილია, პირველი ქართველი "ბარბაროსი" დუდუ ქუბრიაშვილი იყო, ახლა კი, საქართველოს ნაკრებიდან ერთბაშად ორი მოთამაშე მიგვიწვიეს და შევეცდებით, ჩვენი ქვეყანა კარგად წარმოვაჩინოთ, ეს გუნდი ხომ ფაქტობრივად, მსოფლიო ნაკრებია...

- ამჯერად ვინ იქნება "ბარბაროსთა" მეტოქე?

- 11 ოქტომბერს ედინბურგში ვთამაშობთ შოტლანდიის "სამხრეთ ნაკრების" წინააღმდეგ.

- შოტლანდიაში გამგზავრებამდე, ალბათ, რამდენჯერმე გაესაუბრეთ ქუბრიაშვილს, რომელსაც უკვე აქვს "ბარბაროსების" მაისურით თამაშის გამოცდილება...

- დიახ, "კონსულტაცია" უკვე გავიარეთ (იცინის). ძალიან მაგარიაო - გვითხრა. იმ მორაგბეებს, ვისაც ამ გუნდის შემადგენლობაში უთამაშიათ, სარაგბო სამყაროში მართლაც სულ სხვა თვალით უყურებენ. საერთოდაც, ბრიტანელები მორაგბეებს სხვაგვარი პატივისცემით ეპყრობიან, საქართველოს მსგავსად, რაღაცნაირი, ოჯახური დამოკიდებულება აქვთ მათთან.

- სხვათა შორის, ზელანდიაში ყოფნისას მასპინძლებმა საინტერესო რამ გითხრეს - მსოფლიოში სულ სამი ერია, ვისთვისაც რაგბი ეროვნული თამაშია - ზელანდია, უელსი და საქართველოო... ამაზე რას იტყვით?

- ეს სამი ქვეყანა, მოსახლეობის რაოდენობის მხრივ, დაახლოებით თანაბარია და ალბათ, ის იგულისხმეს, რომ საკმაოდ მცირე მოსახლეობის მიუხედავად ზელანდიაშიც, უელსშიც და საქართველოშიც უამრავი ადამიანია რაგბიში ჩართული და ეს თამაში ძალიან უყვართ.

- მსოფლიო თასზე გადავიდეთ - თავად ბორჯღალოსნები როგორ აფასებთ ზელანდიაში ჩვენი ნაკრების თამაშს?

- პროგრამა-მინიმუმი, ანუ, რუმინეთის ნაკრების დამარცხება და ჯგუფის ფავორიტებთან კარგი თამაში - შევასრულეთ, მაგრამ თან ისიც დავინახეთ, რომ მეტი შეგვიძლია. რაგბი ლოგიკური თამაშია და ძალიან რთულია, სუსტმა გუნდმა ძლიერი დაამარცხოს. განვითარებისთვის კი ძლიერ ნაკრებებთან უფრო ხშირი თამაშია აუცილებელი, სხვაგვარად ვერ გაიზრდები. წინა მსოფლიო თასზე ერთი-ორჯერ თქვეს, ამჯერად კი გაცილებით ბევრჯერ აღინიშნა, რომ დროა, "ექვსი ერის" გათამაშების ფორმატი შეიცვალოს და რამდენიმე გუნდი დაემატოს.

- თავისთავად კარგია ის ფაქტი, რომ ქართველ გულშემატკივარს უკვე ყველა გუნდთან მოგების ამბიცია გაუჩნდა, მაგრამ ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგვდის და ხომ არ გვავიწყდება, რა სიძლიერის ნაკრებები ჰყავთ თუნდაც ინგლისს, შოტლანდიას, არგენტინას...

- არა მარტო გულშემატკივრების, ჩვენი, მორაგბეების განწყობაც შეიცვალა. თუ წინა მსოფლიო თასზე, ირლანდიასთან ოთხი ქულით წაგების შემდეგ, გახარებულები ვუვლიდით წრეებს მოედანს - ეს რას მოვაღწიეთო, ამჯერად, შოტლანდიასთან მარცხის მერე ყველანი ძალიან დამწუხრებულები ვიყავით. იგივე შეიძლება ითქვას ინგლისთან და არგენტინასთან თამაშებზეც. "კარგად წაგებების" დრო უნდა დამთავრდეს. იყო პერიოდი, როცა გვიხაროდა, თუ ძალიან დიდი სხვაობით აღარ წავაგებდით ნაკრებთან, რომელიც, მანამდე, ვთქვათ, 80 ქულის სხვაობით გვიგებდა. დროა, ახალ ეტაპზე გადავიდეთ და "კარგად წაგებაზე" კი არა, მოგებაზე ვიფიქროთ!

- უკვე რაგბის საერთაშორისო საბჭოც აღიარებს, რომ "რაღაცები უნდა შეიცვალოს", რომ "საქართველო ყველაზე პროგრესირებადი გუნდია" და ა.შ. მაგრამ თავად მოთამაშეები თუ გრძნობთ მეტოქეებისგან თქვენდამი დამოკიდებულების შეცვლას?

- რა თქმა უნდა. ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრების მოთამაშეების 80% არც ისე ძლიერ კლუბებში თამაშობს და როცა ჩვენს მეტოქეებს ამას ვეუბნებოდით, ძალიან უკვირდათ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ მსოფლიო თასის შემდეგ, ქართველ მორაგბეებზე მოთხოვნა გაცილებით გაიზრდება. საქართველოში 2500 მორაგბეა, ინგლისში - მილიონ 200 ათასი... ამის მიუხედავად თითქმის თანაბრად ვეთამაშეთ და ის დროც მოვა, როცა მოვუგებთ კიდეც...

- მამუკა გორგოძემ თქვა, რომ ორგანიზაციული თვალსაზრისით, წინა მსოფლიო თასი წლევანდელს ბევრად სჯობდა. თქვენც ასე ფიქრობთ?

- ზელანდიის ხიბლი ის იყო, რომ პატარა ბავშვიდან დაწყებული, 90 წლის მოხუცებით დამთავრებული, რაგბიში ყველა შესანიშნავად ერკვევა და სპორტის ეს სახეობა, იქ ლამის რელიგიის დონეზეა. გარდა ამისა, ძალიან სტუმართმოყვარეებიც ყოფილან, თორემ ნამდვილად ვერ იტყვი, მაგარი მსოფლიო თასი ჩაატარესო. თუნდაც, სტადიონები ავიღოთ - სადაც ჩვენ ვითამაშეთ, გრანდიოზული და განსკუთრებული არც ერთი ყოფილა. ორგანიზაციული კუთხით, საფრანგეთის მსოფლიო თასი ნამდვილად უკეთესი იყო. ახალი ზელანდია ულამაზესი ქვეყანაა, მაგრამ ვერ იტყვი, რომ ცხოვრების დონით რომელიმე ევროპულ ქვეყანას სჯობს.

- ალბათ, ასეთი მაღალი ხარისხის თამაშს   ზელანდიელები საქართველოსგან არ ელოდნენ...

- დიახ, და ახლა უკვე სამხრეთ ნახევარსფეროშიც იციან, რომ თამაში შეგვიძლია. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ევროპელებს გაცილებით მეტი ინფორმაცია ჰქონდათ. და ჩვენთან თამაშის წინ, უელსელები და ირლანდიელები ეუბნებოდნენ კიდეც შოტლანდიელებს - ფრთხილად იყავით, შეიძლება წააგოთო... პრინციპში, გამარჯვებისგან არც ძალიან შორს ვყოფილვართ - 15:6 დაახლოებით ისეთი ანგარიშია რაგბიში, ფეხბურთში 2:1 რომ წააგო.

- წინას მსგავსად, წლევანდელ მსოფლიო თასზეც ერთადერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ, თანაც, რუმინელები ჩვენი ურთიერთშეხვედრების ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით დავამარცხეთო.

- წლების წინ, "ერთა თასის" ლიდერი სულ რუმინეთი იყო ხოლმე და ევროპული რაგბის ხელმძღვანელებიც მის გარდა სხვა გუნდს ვერ ხედავდნენ. ამ ქვეყანას რაგბიში მართლაც დიდი ტრადიცია აქვს, ას წელიწადზე მეტია თამაშობენ, IRB-დანაც ყოველთვის ყველაზე მეტ დაფინანსებას იღებენ და თავის დროზე, ჩვენც ბევრი რამ ვისწავლეთ მათგან. სწორედ ამიტომ არის, რომ მართალია, ბოლო ოთხი წელიწადია, სულ ვუგებთ, მაგრამ მაინც გაიძახიან - მოსწავლე მასწავლებელს ვერასდროს დაამარცხებსო. თუმცა, ბოლო მატჩმაც დაადასტურა, რომ ჩვენ უკვე გაცილებით წინ ვართ, რუმინელები ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ და სარეკორდო სხვაობით დავამარცხეთ. იმ მატჩის წაგება არაფრით შეიძლებოდა და ამიტომაც, შედეგზე ვითამაშეთ, თორემ საჯარიმოები კარში რომ არ დაგვერტყა და ლელოებზე გვეთამაშა, გაცილებით დიდი სხვაობით მოვუგებდით...

- ნაკრების სამწვრთნელო შტაბის თავკაცზე რას იტყვით? თქვენი აზრით, რიჩი დიქსონმა მუშაობა 2015 წელს მსოფლიო თასამდე უნდა გააგრძელოს?

- დიქსონის ხელმძღვანელობით, ნაკრებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ რიჩი საკმაოდ ასაკოვანი სპეციალისტია და მისდამი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ საქართველოს ნაკრებს ისეთი მწვრთნელი ჩაიბარებს, ვინც უფრო მეტად არის ჩახედული თანამედროვე რაგბიში, ვინც მეტ ყურადღებას დაუთმობს სისწრაფეზე აგებულ თამაშს. ჩემი აზრით, ასეთ შემთხვევაში, განვითარების მეტი პერსპექტივა გვექნება...