აბა, ჰეი - კვირის პალიტრა

აბა, ჰეი

მსოფლიო ჩემპიონმა ხელი დაგვიქნია

ბრიტანელმა მძიმეწონოსანმა მოკრივე დევიდ ჰეიმ ოფიციალურად განაცხადა, რომ რინგზე აღარასდროს გავა. ასეთი "საჩუქარი" მიართვა თავს ჰეიმ თავის დაბადების დღეზე, 13 ოქტომბერს. ისე, მისი განცხადება მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ბრიტანელი მოკრივე კარგა ხანია გაიძახოდა, კარიერას მაშინვე დავასრულებ, როგორც კი 31 წელი შემისრულდებაო. საკითხავი ის იყო, შეასრულებდა თუ არა დანაპირებს. მისდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჰეი სიტყვის კაცი აღმოჩნდა და ხელი დაგვიქნია 13-ში, 31 წლისამ...

დევიდ ჰეი მსოფლიო ჩემპიონი ორ წონით კატეგორიაში იყო. ორი წლის წინ WBA-ს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ნიკოლაი ვალუევს შეხვდა და 213 სმ სიმაღლის რუსი გოლიათი ქულებით დაამარცხა. ინგლისელმა ტიტული ზედიზედ ორჯერ დაიცვა - ჯონ რუისსა და ოდლი ჰარისონთან შეხვედრებში, 2011 წლის 2 ივლისს კი უკრაინელ ვლადიმირ კლიჩკოსთან ქულებით წააგო და ჩემპიონობას დაემშვიდობა. ბრიტანელის თქმით, რა ჰონორარიც უნდა შესთავაზონ, რინგზე გასვლას აღარ აპირებს და ამიერიდან მსახიობობას დაიწყებს. "სამსახიობო კარიერა ჩემი ახალი მიზანია. მინდა, მძაფრსიუჟეტიან ფილმებში ვითამაშო და საუკეთესო მსახიობი გავხდე", - ამბობს ჰეი, რომელსაც კარიერის განმავლობაში ჩატარებული 27 ბრძოლისგან 25 (აქედან 23 ნოკაუტით. - ავტ.) აქვს მოგებული.