მოლდავეთი "სასწავლო წლის" წინ - კვირის პალიტრა

მოლდავეთი "სასწავლო წლის" წინ

11 ნოემბერს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მოლდაველებს ამხანაგურად უმასპინძლებს.თემურ ქეცბაიას სამწყსომ გასულ კვირას საბერძნეთის ნაკრები მიიღო, "ევრო-2012"-ის შესარჩევი ეტაპის უკანასკნელი მატჩიც წააგო და მოუგებელი შეხვედრების რიცხვი კიდევ უფრო გაზარდა. 11 ნოემბერი ოფიციალურად სანაკრებო დღეა, ამიტომაც საქართველოს ნაკრების თავკაცის მიერ გამოძახებულ ფეხბურთელებს ვერც ერთი კლუბი ვერ დააკავებს. საკითხავი ის არის, ვისი გამოძახების სურვილი ექნება "ჯვაროსანთა" თავკაცს. ბოლო დროს გახშირდა ლაპარაკი ეროვნულ გუნდში დასაწყები "დიდი წმენდის" შესახებ და მიუხედავად იმისა, რომ სფფ-ის პრეზიდენტიც და ნაკრების მწვრთნელიც ირწმუნებიან, არავინ არავის გაშვებას და "ჩარეცხვას" არ აპირებსო, სულ უფრო ხშირად გაიგონებთ შეძახილებს, "ეროვნული ნაკრები ვეტერანების გარეშე!", "მიეცით ნიჭსა (ახალგაზრდებს) გზა ფართო!" და ა.შ.

კი, ბატონო, გავუშვათ ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელები - ზოგი დამსახურებულ, ზოგიც დაუმსახურებელ "პენსიაზე", მაგრამ მათ ნაცვლად ვინ მოგვყავს? პირდაპირ 17 და 19 წლამდე ნაკრებებიდან თუ შევავსებთ ეროვნულ გუნდს, არ ვიცი, ახალგაზრდული ნაკრების ქუთაისური 2:7  კი კიდევ კარგა ხანს რომ გვემახსოვრება მწარედ, აშკარაა. არადა, რაოდენ გულსაკლავიც უნდა იყოს, იმ მატჩში ქართული ფეხბურთის მომავლად აღიარებული ბიჭების 80% მონაწილეობდა... 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მომავალი ევროპირველობისთვის მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთო, გვეუბნებიან. მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისეთი მეტოქეები გვერგო, სხვა გზა მაინც არ დაგვრჩენია და გვინდა თუ არა, შესარჩევის ნაცვლად, მაინც "მოსამზადებელზე" მოგვიწევს ყოფნა. საკითხავი ახლა ის არის, "მზადება" მოლდაველებთან მატჩშივე დაიწყება თუ ახალი "სასწავლო" წლიდან.