ზაზა ფაჩულიას ტრავმამ ძილი გაუტეხა - კვირის პალიტრა

ზაზა ფაჩულიას ტრავმამ ძილი გაუტეხა

მიუხედავად იმისა, რომ სტამბოლის "გალათასარაიში" სულ რამდენიმე დღის გადასულია, თურქეთის ჩემპიონატში დაბრუნებულმა ზაზა ფაჩულიამ ახალ კლუბთან ერთად უკვე მოასწრო პირველი ტიტულის მოგება - "პრეზიდენტის თასის" ფინალში მისმა გუნდმა თანაქალაქელ "ფენერბაჰჩეს" ოვერტაიმიან მატჩში 103:97 სძლია. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ევროპის ჩემპიონატზე მიღებული ტრავმა ახლახან მოიშუშა და, ბუნებრივია, სადებიუტო მატჩში თავი ბევრი ვერაფრით გამოიჩინა, მაგრამ მთავარია, NBA-ში სეზონის განახლებამდე უგუნდოდ აღარ იქნება და ევროლიგაზეც ითამაშებს. როგორც ცნობილია, პროფესიული კარიერა ზაზამ სწორედ თურქეთში დაიწყო, "ულქერის" ღირსებას რამდენიმე წლის განმავლობაში იცავდა და ქვეყანასაც და თურქულ ენასაც კარგად იცნობს. ივლისში სტამბოლის "ბეშიქთაშში" მისი გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო, თუმცა, საბოლოოდ, ეს ტრანსფერი არ შედგა. ზაზა ფაჩულიასთან ინტერვიუ კი "გალათასარაიში" ჩატარებულ სადებიუტო მატჩზე ლაპარაკით დავიწყეთ.

- შარშან და წელს რომ "გალათასარაის" სეზონი აქვს, ასეთი დიდი ხანია არ ჰქონია. გუნდმა ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, სამი მატჩი მოიგო და ფინალურ ეტაპზე მოხვდა, "პრეზიდენტის თასზეც" ითამაშეს. მე კი ტრავმის გამო ერთი თვე გამიცდა, ვარჯიში ახლახან განვაახლე და როცა უცებ აღმოვჩნდი ისეთ მზარდ გუნდში, რომელიც უკვე საუკეთესო ფორმაშია, ცოტა არ იყოს, გამიჭირდა. თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს "გალათასარაიში" ჩემი პირველი მატჩი იყო. თუმცა, სანამ კონტრაქტს მოვაწერდი ხელს, მწვრთნელს ვუთხარი, გპირდებით, რომ ყოველდღე ვივარჯიშებ და ფორმაში რაც შეიძლება მალე შევალ-მეთქი. თურქეთში დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობდი, ხალხი მიცნობს, ჩემი იმიჯი მაქვს. თანაც,  NBA-ს მოთამაშისგან ყოველთვის მეტს ელიან და ჩემს ინტერესშიც არის, რაც შეიძლება კარგად ვითამაშო. თუმცა, ახალი ჩამოსული ვარ და ვარჯიშებზეც არ ვიქცევი ისე, თითქოს ეს ჩემი გუნდი იყოს და სიტუაციის "წაყვანას" ვცდილობდე. დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია პარასკევს. - ავტ.) მეოთხედ ვივარჯიშე მას შემდეგ, რაც ტრავმა მოვირჩინე, თავს უკეთესად ვგრძნობ, ყოველდღე ვუმატებ და იმედია, მალე მივაღწევ საუკეთესო ფორმას.

- მართალია, მიზეზს დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, მაგრამ იქნებ მკითხველს მაინც ვუთხრათ, რატომ ჩაიშალა ბოლო წუთს "ბეშიქთაშში" თქვენი ტრანსფერი?

- დროებითი კლუბის მოძებნა არც ისე ადვილია. მით უმეტეს, როცა გუნდისთვის საკმაოდ დიდ დანახარჯზეა ლაპარაკი. კალათბურთელის ხელფასის გარდა, კიდევ უამრავი ხარჯია - სასტუმრო, ბინა, მანქანა და ა.შ. "ბეშიქთაშს" ნამდვილად არა აქვს იმხელა ბიუჯეტი, როგორიც, მაგალითად, "ბარსელონას", "რეალს" ან თუნდაც "ეფეს პილსენს". თანაც, სტამბოლურ კლუბს უკვე აყვანილი ჰყავდა დერონ უილიამსი. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ "ბეშიქთაში" უპირატესობას თავიდანვე სემი ერდენს ანიჭებდა, ვინც ჩემს ნაცვლად აიყვანა. ზოგი ჭირი მარგებელიაო და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ უკეთეს კლუბში მოვხვდი - "ბეშიქთაშმა" ევროჩელენჯზეც ვერ ივარგა, "გალა" კი ევროლიგაზე გამოდის.

- თურქეთში 2003 წლამდე თამაშობდით. მას შემდეგ ამ ქვეყნის საკალათბურთო ჩემპიონატში ბევრი რამ შეიცვლებოდა.

- მაშინ მხოლოდ სამიოდე გამოკვეთილი ფავორიტი იყო, ახლა კი გაცილებით მეტია ისეთი კლუბი, რომელთაც ქვეყნის ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლიათ. ჩემპიონატის დონემაც მოიმატა და გაცილებით საინტერესო სანახავიც არის. წლევანდელ ევროლიგაზე თურქეთს სამი წარმომადგენელი ჰყავს და ჩემთვისაც კარგია, რომ ასეთ ძლიერ ლიგაში მოვხვდი. მათი კალათბურთის პროგრესი არა მხოლოდ საკლუბო, სანაკრებო დონეზეც აშკარაა - ამის მაგალითად ისიც კმარა, რომ შარშან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც კი ითამაშეს.

- თავადაც თქვით, რომ NBA-ს მოთამაშისგან ბევრს ელიან, თქვენგან კი, ალბათ, კიდევ უფრო მეტს - ევროპული ქვეყნებიდან ხომ ზაზა ფაჩულიას ყველაზე უკეთ სწორედ თურქეთში იცნობენ.

- რომ არ სჭირდებოდე, არც აგიყვანდნენ. კი ჰყავთ ცენტრები, მაგრამ მათ, ძირითადად, სხვა ფუნქცია აქვთ, მე კი უფრო ძალისმიერად და აგრესიულად ვთამაშობ. მით უმეტეს, ევროლიგაზე ისეთი მეტოქეები შეხვდათ, როგორებიც "ბარსელონა", "მონტეპასკი", "ოლიმპია" არიან და ჩემი სტილის კალათბურთელი სჭირდებოდათ.

- ქვეყანას კარგად რომ იცნობს და ენაც იცის, ახალ კლუბში გადასული სპორტსმენისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

- რამდენიმე წელიწადი "ულქერში" გავატარე, ბოლო ექვსი წელია "ატლანტაში" ვთამაშობ, ასე რომ, გუნდების ხშირ ცვლას ნამდვილად არა ვარ შეჩვეული. ბელგიიდან, თორნიკე შენგელიას "შარლერუადანაც" მქონდა შემოთავაზება, მაგრამ არჩევანი მაინც სტამბოლზე შევაჩერე, რადგან ქალაქს კარგად ვიცნობ, თურქული ენაც ვიცი, თანაც თურქეთი საქართველოსთანაც ახლოს არის. სხვათა შორის, ჩვენი ქვეყნების სიახლოვე ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი გახლდათ - ოჯახის წევრებს უფრო ხშირად შეეძლებათ წასვლა-მოსვლა. ჩემი მეუღლე ახლა ჩემთან ერთად არის სტამბოლში, რამდენიმე დღეში ბინას შევარჩევთ, ბავშვებსაც ჩამოვიყვანთ და ფაჩულიები სრული შემადგენლობით ერთად ვიქნებით (იცინის). როცა მოედანს მიღმა კარგად გრძნობ თავს, მერე თამაშიც ადვილია. არ დაგიმალავთ, ამ შემთხვევაში ფინანსური მხარე მთავარი არ ყოფილა და "გალათასარაისთან" შეთანხმებას ძალიან იოლად მივაღწიე - მე კალათბურთის სათამაშოდ ჩამოვედი ქვეყანაში, რომელსაც კარგად ვიცნობ, სადაც ძლიერი ჩემპიონატია და როდესაც NBA-ში სეზონი განახლდება, კარგ ფორმაში ვიქნები.

- რამდენიმე სიტყვით ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა გავიხსენოთ.

- რაც ნაკრებში ვთამაშობ, ასეთი სიამოვნება არასდროს მიმიღია და წლევანდელ ზაფხულს ყოველთვის სიამოვნებით მოვიგონებ. ბედნიერი ვარ, რომ იმ გუნდის ნაწილი ვიყავი, რომელმაც ქართული კალათბურთის ახალი ისტორია შექმნა. ჩემი და ცინცაძის ტრავმები რომ არა, ვფიქრობ, მეორე ჯგუფური ეტაპის დაძლევაც შეგვეძლო, თუმცა, ძნელია წარმატებაზე ფიქრი, როცა გუნდს ძირითადი გამთამაშებელი და ცენტრი გამოაკლდება. ამის მიუხედავად, ვამაყობ ჩემი გუნდით, რომელსაც ფარ-ხმალი არც ერთ მატჩში არ დაუყრია. საქართველოს ნაკრები ტურნირის მთავარი აღმოჩენა იყო, ყველა ჩვენს გუნდზე ლაპარაკობდა, სანამ მაკედონია არ მოახდენდა სენსაციას და მესამე ადგილზე გავიდოდა.

- რას გრძნობს კაპიტანი, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან დროს ტრავმის გამო ვერ ეხმარება საკუთარ გუნდს?

- არა მგონია, ჩემზე მეტად ჩემი ტრავმა იგორ კოკოშკოვს, რომელიმე კალათბურთელს ან გულშემატკივარს განეცადოს. როცა ვფიქრობდი, რომ ევროპის ჩემპიონატზე პირველად გასულ ნაკრებს ასეთ მნიშვნელოვან დროს ვერ ვეხმარებოდი, დაძინებას ვერ ვახერხებდი. მაგრამ უკვე არაერთი წელია კალათბურთს ვთამაშობ და ვიცი, რომ ტრავმა სპორტსმენის კარიერის განუყოფელი ნაწილია. ასე რომ, არაფრის გაკეთება არ შემეძლო და იმის ნაცვლად, ყურებჩამოყრილს მევლო, ბიჭებს გვერდში ვედექი და ვამხნევებდი.