"ქართული" ევროლიგა - კვირის პალიტრა

"ქართული" ევროლიგა

ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრი - თორნიკე შენგელია "თამასის დაწევას" არც ახალ კლუბში აპირებს. როგორც ცნობილია, ბელგიურ "შარლერუას" ის ევრობასკეტიდან დაბრუნების შემდეგ შეუერთდა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად პირველივე მატჩიდან იქცა. გასულ კვირას თორნიკემ სადებიუტო მატჩის ჩატარება ევროლიგაზეც მოასწრო და ორმაგი დუბლის შესრულებამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. მადრიდის "რეალთან" 100:76 წაგებულ შეხვედრაში ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 27 წუთი გაატარა და 11 ქულასთან ერთად, 9 მოხსნაც მოაგროვა. შენგელიასგან განსხვავებით, მოგებით დაიწყეს ევროლიგის  გათამაშება დანარჩენმა ქართველებმა. მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის "კანტუმ" საკუთარ მოედანზე ფრანგულ "ნანსის" სძლია, ჩვენებურების ანგარიშზე კი 8-8 ქულაა. რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას "გალათასარაის", თურქულმა კლუბმა სტუმრად "პროკომს" მოუგო, თუმცა, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, რომელსაც ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს და ახალ გუნდში ჯერაც საადაპტაციო პერიოდს გადის, მხოლოდ 5 წუთი ითამაშა.