ევროპაზე და ევროპისთვის - კვირის პალიტრა

ევროპაზე და ევროპისთვის

29 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით ბუქარესტში  ჩატარდება 17 წლამდე მორაგბეთა შორის ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს.წესით, ამ ტურნირზე ჩვენს გუნდს კონკურსგარეშე უნდა ეთამაშა, რადგან მომავალ წელს გასამართი ევროპირველობის საგზური ქართველმა 17-წლამდელებმა ივნისში დაიბევეს, მაგრამ მოგვიანებით რაგბის საერთაშორისო საბჭომ გადაწყვიტა, გეკუთვნით, მაგრამ არ გეკუთვნითო და ერთხელ უკვე მოპოვებული საგზურის თავიდან მოსაპოვებლად ბრძოლა გამოგვიწერა. კონტინენტის მომავალ პირველობაზე მოსახვედრად ბუქარესტში ჩვენები მასპინძლებთან, ბელგიელებსა და პორტუგალიელებთან ერთად იბრძოლებენ. როგორც ცნობილია, ბოლო დროს მსოფლიო რაგბის მმართველ ორგანოში ექსპერიმენტები ძალიან შეუყვარდათ და რა გასაკვირია, რომ შარშანდელთან შედარებით 2012 წლის ჩემპიონატიც განსხვავებული იქნება: შესარჩევი ეტაპის ორი საუკეთესო ნაკრები "ექვსი ერის" გუნდებს დაემატება და ჩემპიონობისთვისაც სწორედ ეს რვა ნაკრები იბრძოლებს. ამ დღეებში ბუქარესტში ითამაშებს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებიც, ოღონდ ორი წლით უმცროსებისგან განსხვავებით ახალდანიშნული შოტლანდიელი მწვრთნელის, იან სმიტის შეგირდები არა საკვალიფიკაციო, არამედ ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე ითამაშებენ და 2012 წლის მსოფლიო ალაფის საგზურისთვისაც იბრძოლებენ. ჩვენი გუნდის მეტოქეები რუმინეთი, ბელგია, პორტუგალია, რუსეთი, ესპანეთი, შვეიცარია და ჰოლანდია იქნებიან.