დავით მუჯირის ღია წერილი: "ქეცბაიას გზით ვერ გავფრინდებით" - კვირის პალიტრა

დავით მუჯირის ღია წერილი: "ქეცბაიას გზით ვერ გავფრინდებით"

გასულ კვირას გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნებულ საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის - დავით მუჯირის ღია წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.ამიტომაც მუჯირის მიერ სფფ-ის პრეზიდენტისა და ნაკრების თავკაცის - თემურ ქეცბაიას მისამართით პუნქტებად ჩამოყალიბებული პრეტენზიების შემცირებულ ვარიანტს ჩვენც გთავაზობთ.

მოგესალმებით ყველას. ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენები იმდენად უსამართლოდ მეჩვენება, იძულებული გავხდი, ასეთი სახის მიმართვა გამეკეთებინა.

ჩემი აზრით, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სუსტი ჯგუფი გასულ შესარჩევ ციკლში შეგვხვდა. ამ ჯგუფში კატასტროფული შედეგისა და მთელი ციკლის განმავლობაში ნაჩვენები "ანტიფეხბურთის" შემდეგ ფედერაციის თავკაცმა გადაწყვიტა, მთავარ მწვრთნელთან გაეფორმებინა ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი და თან, როგორც თავად აცხადებს, გასული ორი წლის მსგავსად, მომდევნო სამი წელი შედეგს არ მოსთხოვს.

ქეცბაიამ და სიჭინავამ ქართველებს ახალი ფენომენი შემოგვთავაზეს - მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის გამოყენება, რადგან მაინც ძლიერი ჯგუფიაო! თითქოს წინასწარ იცოდნენ მომდევნო შესარჩევი ციკლის კენჭისყრის შედეგები და გარანტია ჰქონდეთ იმისა, რომ ისევ ესპანეთ-საფრანგეთის მსგავსი ძლიერი გუნდები არ შეგვხვდება. ან თუნდაც "იოლი" ჯგუფიდან გასვლა ჰქონდეთ გარანტირებული.

სამწუხაროდ, მწვრთნელ ქეცბაიას უამრავი მინუსი აღმოაჩნდა, უამრავი შეცდომა დაუშვა შემადგენლობის შერჩევაში, თამაშებისთვის მზადების პროცესში, შეცვლებში, ფეხბურთელებთან ურთიერთობაში... რაც შეეხება ტაქტიკას, ჩემი აზრით, მის არსენალში ის საერთოდ არ მოიპოვება, რადგან პირადად მე "მცველებისა და დაცვითი ფუნქციების ფეხბურთელების ჭარბი რაოდენობით მოედანზე გამოყვანას და "იქნებ გაგვიმართლოს და შემთხვევით ბოლო წუთზე გოლი გავიტანოთო", ტაქტიკას ვერ ვუწოდებ.

გამართლებაზე გამახსენდა, არ გვიმართლებსო, გაიძახის ქეცბაია, არადა: 1. კენჭისყრისას ისე გაგვიმართლა, სიზმარშიც ვერ ვინატრებდით და უსუსტესი ჯგუფი შეგვხვდა; 2. თემურის სადებიუტო შეხვედრაში ესტონეთთან ბოლო წამზე სირაძის თავურმა გაგვახარა; 3. ჯგუფის აუტსაიდერ მალტასაც ასევე ბოლო წამზე, ისევ სირაძის თავურით გაჭირვებით გამოვტყუეთ გამარჯვება; 4. ხორვატიასთან თბილისში ბოლო წუთზე პირველად(!!!) დავარტყით კარში და კობიაშვილის გოლით გავიხარეთ; 5. ხორვატიაში კარის მიმართულებით გაგზავნილი ერთადერთი(!!!) ბურთი კანკავას თავიდან მოწინააღმდეგის ბადეში აღმოჩნდა.

როდესაც საქმეს ხელი მოჰკიდა და პასუხისმგებლობა აიღო, მშვენივრად იცოდა, ვისთან ერთად მოუწევდა დასახული მიზნის მიღწევა. მისი განცხადებები, რომ ფეხბურთელები არ გვყავს, მინიმუმ, არაკორექტული, ჩემი ხედვით კი - საკუთარი გუნდის უპატივცემულობაა.

KvirisPalitra.Geკარგი, ვთქვათ, ქეცბაიას დავუჯერეთ, რომ ისრაელთან  უმნიშვნელოვანეს შეხვედრამდე ორი დღით ადრე გოგუა იმიტომ "გაუშვა" ნაკრებიდან, რომ გოლები ვერ გაჰქონდა. ის რაღას მივაწეროთ, რომ სირაძე, რომელმაც ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და რამდენიმეჯერ სირცხვილს ბოლო წამებში გადაგვარჩინა, ნაკრებს მიღმა რჩება?

მე პირადად არსად მსმენია, შენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყო, ქვეყანაში ფეხბურთელების დეფიციტს წარუმატებლობის უმთავრეს მიზეზად მიიჩნევდე, სამშობლოში წარმოუდგენლად მაღალ გასამრჯელოს იღებდე და ამ დროს სხვა ქვეყანაში, ამ შემთხვევაში - კვიპროსზე, საფეხბურთო აკადემიას ხსნიდე.

იმის მაგივრად, თქვას, ნაკრებში ითამაშებენ საუკეთესო ფეხბურთელები ასაკის მიუხედავადო, ქეცბაია კითხვებს თავს არიდებს და კონკრეტული პასუხებისგან თავს იკავებს. რას ელოდებით, ბატონო თემურ? კალა-კობი-იაშკა-ხიზანა რომ გამოვლენ და იტყვიან, ჩვენ კი ვთამაშობთ სერია A-ში, პირველ და მეორე ბუნდესლიგებსა და თურქეთში, კი ვართ ნაკრებისთვის ყველაზე საჭირო ფეხბურთელები, მაგრამ ჩვენი დრო წავიდა და წავალთო?

ისევე, როგორც ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელისთვის, ჩემთვისაც ნაკრებში თამაში ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. ამიტომ მწყდება გული, რომ მიუხედავად იმისა, საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მქონდა და შედეგიანად და გუნდისთვის სასარგებლოდ ვთამაშობდი, ვერც  30-კაციან გაფართოებულ  სიაში და ვერც  რომელიმე მატჩში ჩემი ადგილი არ მოიძებნა და ნაკრების დახმარება ვერ შევძელი. შევეცადე, ამისთვის გულშემატკივრის თვალით შემეხედა და ვიფიქრე, თუ საქართველოს ნაკრების მწვრთნელის განკარგულებაში მუჯირზე უკეთესი 30 ფეხბურთელია, მაღალი შედეგისთვის ბრძოლა უფრო გაგვიადვილდება-მეთქი. თუმცა, როდესაც თამაშს ვუყურე და ვნახე, რომ საქართველოს ნაკრებმა სპლიტში 90 წუთის განმავლობაში მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით მხოლოდ ერთხელ დაარტყა, და ისიც თავით, მივხვდი, რომ ასე ვერ "გავფრინდებით".

სამწუხაროდ, სპორტული მედია დუმს. ბევრ ჟურნალისტს პირადად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს ბევრი ხედავს და ბევრ რამეში მეთანხმება. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ქართული ფეხბურთის აღორძინებას ელოდებიან და ერთი სურვილით არიან შეპყრობილნი, როდის დაწერენ და გვამცნობენ ქართული ფეხბურთისა და ეროვნული ნაკრების დიდ წარმატებას. მათი დახმარების გარეშე კი არაფერი შეიცვლება.

ამოიღეთ ხმა, თამამად და თავისუფლად მიუთითეთ შეცდომებზე, დაუსვით კონკრეტული კითხვები და მოითხოვეთ კონკრეტული პასუხები. იქნებ მიხვდნენ, რომ საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა და მათ გარდა სხვამაც იცის, რა არის ფეხბურთი და რა - "ანტიფეხბურთი".

იქნებ ასე მაინც იგრძნონ პასუხისმგებლობა შედეგზე; იქნებ სუსტ ჯგუფში 10 ქულას და მე-5 ადგილს წარმატება აღარ უწოდონ და იქნებ იმასაც მიხვდნენ, რომ მხოლოდ 9-0-1 განლაგებით, ტაქტიკის არარსებობით მომავალი არა გვაქვს და ორ წელიწადში ერთი შემთხვევითი გამარჯვება საქართველოსთვის საკმარისი არ არის.

მინდა, სწორ გზაზე დავდგეთ, პერსპექტიული მომავალი დავინახო და ამიტომ ვალდებულად ჩავთვალე თავი, მიმდინარე პროცესებზე პოზიცია დამეფიქსირებინა.

და თუ მომავალში მაინც ქეცბაია უნდა იყოს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, იქნებ ჩემმა და თქვენმა სიტყვებმა აუხილოს თვალი, თვითკრიტიკული გახდეს და ქართული ფეხბურთი სწორ გზაზე დააყენოს.

ამ წერილის მიზეზი და მიზანი ქართული ფეხბურთის კეთილდღეობაზე ზრუნვაა. ამიტომ თქვენ და თითოეულ ქართველს გთხოვთ, ყველაფერი გააკეთოთ ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლისთვის. იმიტომ, რომ ეროვნული ნაკრები მთელი ერის საკუთრებაა და თითოეული ქართველის ვალია, მისთვის მაქსიმუმი გაიღოს.

დავით მუჯირი, ჰიროშიმა, იაპონია

P. S. წერილის სრული ვერსიის წაკითხვა  შეგიძლიათ ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოს" 19 ოქტომბრის ნომერში, ან მისამართზე: http://sportall.ambebi.ge

P. P. S. ბუნებრივია, ამ წერილის შემდეგ თემურ ქეცბაიას აზრმაც დაგვაინტერესა, თუმცა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება და მასთან დაკავშირება ვერ შევძელით. ქეცბაია საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება და საკუთარ პოზიციასაც მაშინ დააფიქსირებს.