მოლდავეთთან ვეტერანების გარეშე - კვირის პალიტრა

მოლდავეთთან ვეტერანების გარეშე

თემურ ქეცბაიასგან ყველა საპასუხო ნაბიჯს ელის იმ ღია წერილზე, რომელიც დავით მუჯირმა გასულ კვირას გამოაქვეყნა. თუმცა, თუ წერილში მოყვანილ საკითხებზე პასუხის გაცემას აპირებს, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამას, სავარაუდოდ, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გააკეთებს.მანამდე კი იმ 24 ფეხბურთელის სია გახდა ცნობილი, რომლებიც ქეცბაიამ მოლდავეთთან 11 ნოემბერს გასამართი ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა. პირველი, რაც ჩამონათვალის ნახვისას თვალში გვხვდება, გამოძახებულთა შორის ნაკრების ვეტერანების - კალაძის, კობიაშვილის და იაშვილის არყოფნაა, თუმცა, არა იმიტომ, რომ ეროვნულ გუნდში უკვე დაიწყო მავანთაგან "ანონსირებული" გაახალგაზრდავების პროცესი - ალექსანდრე იაშვილის თქმით, თემურ ქეცბაიამ მას დაურეკა და უთხრა, რომ ამხანაგურ მატჩში ახალბედების გამოცდა სურს. უნდა ვივარაუდოთ, რომ იგივე მიზეზია კალაძისა და კობიაშვილის შემთხვევაშიც. მათ გარდა, მოლდაველებთან მატჩში ნაკრებს ტრავმირებულები - დავით თარგამაძე, სანდრო კობახიძე და ჯაბა კანკავაც დააკლდებიან. გამოძახებულთა სია კი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი  ("ანჟი"), გიორგი ლორია  ("დინამო" თბილისი), კონსტანტინე სეფიაშვილი ("გაგრა");

მცველები: უჩა ლობჟანიძე  ("კრივბასი"), ზურაბ ხიზანიშვილი ("ქაისერისპორი"), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კრასნოდარი"), გურამ კაშია ("ვიტესი",), გია გრიგალავა ("ვოლგა"), ალექსანდრე კვახაძე ("მეტალურგი", რუსთავი), აკაკი ხუბუტია ("სამსუნსპორი"), კახაბერ ალადაშვილი ("ზესტაფონი").

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი"), შოთა გრიგალაშვილი ("ზესტაფონი"), ალექსანდრე გურული ("კარპატი",), ირაკლი მაისურაძე ("მეტალურგი", რუსთავი), დათო კვირკველია ("პანიონიოსი"), გიორგი განუგრავა ("ლომბარდ პაპა"), თორნიკე გორგიაშვილი ("ზესტაფონი"), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი).

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი"), ვლადიმერ დვალიშვილი ("მაქაბი", ხაიფა), ოთარ მარცვალაძე ("კრასნოდარი"), ნიკოლოზ გელაშვილი ("ზესტაფონი"), დიმიტრი ტატანაშვილი ("მეტალურგი", რუსთავი).