ახალი ტურნირი "ექვს ერზე" ფიქრის ნაცვლად - კვირის პალიტრა

ახალი ტურნირი "ექვს ერზე" ფიქრის ნაცვლად

ქართველმა მორაგბეებმა ახალი ზელანდია ოქტომბრის დასაწყისში დატოვეს, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე კი მსოფლიო თასის მასპინძელ ქვეყანაში ტურნირის დასრულებამდე დარჩა და მსოფლიო რაგბის მაღალჩინოსნებთან არაერთი საინტერესო შეხვედრაც გამართა.თბილისში ახლახან დაბრუნებულ ქართული რაგბის თავკაცთან ინტერვიუც სწორედ ამ თემით დავიწყეთ:

- თითქმის ორი კვირა გავატარე IRB-ის მაღალჩინოსნებსა და ელიტური სარაგბო ქვეყნების წარმომადგენლებთან, ანუ იმ ხალხთან ერთად, ვინც "ამინდს ქმნის" მსოფლიო რაგბიში. ბუნებრივია, ასეთი შანსის გამოუყენებლობა არ შეიძლებოდა და მათთან პრობლემებზეც ვილაპარაკეთ და პირადი კონტაქტებიც დავამყარეთ. ამაში ისიც გვიწყობდა ხელს, რომ საერთო შეფასებით, ქართულმა რაგბიმ დიდი პროგრესი განიცადა, საქართველოს რაგბის კავშირი კი ერთ-ერთი მოწინავე ორგანიზაციაა.

- ასეთი შეფასებები კარგა ხანია გვესმის, მაგრამ მხოლოდ სიტყვები საკმარისია?

- ყველა ამბობს, რომ ე. წ. "მეორე ეშელონის" ქვეყნებსა და უძლიერეს სარაგბო ნაკრებებს შორის განსხვავება მუდმივად მცირდება და ასახელებენ საქართველოს, კანადას, აშშ-ს, ტონგას და სამოას. ეს გუნდები ვითარდებიან, მაგრამ იმისთვის, რომ მათსა და ელიტურ ნაკრებებს შორის განსხვავება შემცირდეს, წამყვან ქვეყნებთან უფრო ხშირად შეხვედრის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ და არა მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ, მსოფლიო თასის დროს.

გარდა ამისა, ეს გუნდები ერთმანეთთანაც იშვიათად თამაშობენ და მხოლოდ რეგიონულ შეჯიბრებებში "იხარშებიან".  IღB-ის ხელმძღვანელები იმასაც აღიარებენ, რომ შესაცვლელია მსოფლიო თასის ფორმატი - "მეორე დონის" ქვეყნებს თამაშებს შორის მხოლოდ 3-4 დღე აქვთ ძალების აღსადგენად, მაშინ, როცა წამყვანი ქვეყნები მატჩიდან მატჩამდე 6-7 დღეს ისვენებენ. ამის თაობაზე ვესაუბრეთ IღB-ის თავკაცებს და სამივე საკითხი, ალბათ, ძალიან მალე დადებითად გადაწყდება.

- ანუ, დადგა დრო, როცა ცვლილებები რეალურად იქნება? ბევრი ფიქრობს, რომ "ექვსი ერის" ფორმატიც შესაცვლელია.

- ჩემი აზრით, ჩვენთან "ექვსი ერის" თემა ზედმეტად არის აჟიტირებული. ჯერჯერობით, იქ ნამდვილად ვერ შევალთ. ჯერ ერთი, ეს ტურნირი IRB-სგან დამოუკიდებელია და რაც მთავარია, პირდაპირ ვთქვათ - კომერციული ტურნირია, სადაც თითოეული თამაშის შემდეგ ორგანიზატორები რამდენიმემილიონიან მოგებას ნახულობენ. დავუშვათ, იტალია ჩამოაქვეითეს და მის ნაცვლად "ექვს ერში" საქართველო, რუმინეთი ან პორტუგალია ათამაშეს, კომერციულად რითი უნდა დავაინტერესოთ ორგანიზატორები? კარგი, მაყურებელთა დასწრებით საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ხშირად ჩვენს სტადიონზე დასწრება უფასოა, ან ბილეთი მაქსიმუმ, 5 ლარი ღირს! ვერც ტელეტრანსლაციის უფლებით ან გაყიდული მაისურებისგან მიღებული შემოსავლით დავაინტერესებთ, ამიტომაც, ჯერჯერობით თავი დავანებოთ "ექვს ერს", როცა დრო მოვა, ეს ბუნებრივად მოხდება, ამ ეტაპზე კი ჩვენ ალტერნატიულ ტურნირებზე უნდა ვიფიქროთ, რომელშიც "მეორე ეშელონის" ქვეყნები ვითამაშებთ. იანვარში ათი ქვეყნის რაგბის კავშირების პრეზიდენტები შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ ახალი ტურნირის ჩატარებაზე, რომელიც 2013 წლიდან აიღებს სტარტს და სავარაუდოდ, მასში საქართველო, რუმინეთი, რუსეთი, აშშ, კანადა, იაპონია, სამოა, ტონგა, ფიჯი და ნამიბია ითამაშებენ. გაუქმდება "ჩერჩილისა" და "ბუქარესტის" თასები, რის ნაცვლადაც ეს ახალი ტურნირი და ნოემბრის "ფანჯარა" დარჩება, რომლის დროსაც წამყვანი ქვეყნების გუნდები უნდა გვეთამაშონ.

- რაც შეეხება "ერთა თასს"?

- "ერთა თასის" მატჩები თებერვალსა და მარტში გაიმართება, ივნისი, სავარაუდოდ, ტურნირებისთვის იქნება განკუთვნილი, შემოდგომაზე კი ტესტმატჩებს ჩავატარებთ. უკვე გადაწყვეტილია, რომ მომავალი წლის ივნისში საქართველოს ნაკრები აშშ-სა და კანადას ესტუმრება, შემოდგომაზე კი გულშემატკივარი თბილისში ნახავს ძალიან საინტერესო მატჩებს.

- ზაფხულის დასაწყისში ნაკრების მოთამაშეების მოგროვება ყოველთვის პრობლემურია.

- მართალია, ამ დროს ზოგი მორაგბე გადაღლილია, სხვებს კლუბები არ უშვებენ. ამიტომაც საჭიროა თანხების მოძიება და მორაგბეებისთვის კომპენსაციის გადახდა. გარდა ამისა, ზოგ მატჩში ექსპერიმენტული შემადგენლობის დაყენებაც მოგვიწევს, რამაც შეიძლება შედეგზეც იმოქმედოს, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარი შედეგი და რეიტინგი კი არ არის, არამედ მომავალი მსოფლიო თასისთვის მომზადება. თუ პროგრესი და ახალ სიმაღლეზე ასვლა გვინდა, 2015 წლის მსოფლიო თასზე ერთი თამაშის მოგება და დანარჩენებში ღირსეული თამაში საქართველოს ნაკრებისთვის საკმარისი ვეღარ იქნება.

- არგენტინის ნაკრებს 2007 წლის მსოფლიო თასზეც ვეთამაშეთ და ზელანდიაშიც. როგორც ჩანს, მათ თვალშიც გავიზარდეთ, რადგან 2013 წლის ზაფხულში სათამაშოდ მიგვიწვიეს.

- ეს მიწვევა უდიდესი პატივია ჩვენთვის. მათი ერთ-ერთი ლიდერი გვეუბნებოდა, ვიცოდით, რომ არაფერს დაგვითმობდით, მაგრამ ნამდვილად არ გვეგონა, თქვენი დამარცხება ასე თუ გაგვიჭირდებოდაო. საერთოდაც, ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და სამაგალითოა ქართული რაგბისთვის. პირველი საერთაშორისო მატჩი არგენტინის ნაკრებმა 1965 წელს ჩაატარა, დიდი შრომისა და გონივრული სტრატეგიის ფასად იმას მიაღწიეს, რომ ამიერიდან, "სამ ერს" მეოთხე ქვეყნად ემატებიან. ჩვენ გვაქვს  იმის პოტენცია, რომ ეს გზა უფრო სწრაფად გავიაროთ, თუ სერიოზულად ვიმუშავებთ და  მხარდაჭერაც გვექნება.

- რაც შეეხება სამწვრთნელო შტაბს - კონტრაქტი საქართველოს ნაკრების ყველა მწვრთნელს დაუმთავრდა, მათ შორის - მთავარ მწვრთნელ რიჩი დიქსონსაც.

- თითოეულის მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ. თუმცა, კონტრაქტები დაუმთავრდათ, საქართველოს ნაკრების წინაშე სრულიად სხვა ამოცანებია და კარგად უნდა მოვიფიქროთ, ვის ჩავაბაროთ გუნდი. რიჩი დიქსონი აუცილებლად დარჩება ქართული რაგბის სამსახურში, თუმცა, რა სტატუსით, ამას მოგვიანებით გავარკვევთ, როცა საქართველოში ჩამოვა და მოვილაპარაკებთ. მან ბევრი რამ გააკეთა ქართული რაგბისთვის და ჩვენი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.

- ორგანიზაციულად, როგორ მოგეწონათ ახალი ზელანდიის მსოფლიო თასი? ითქვა, რომ "საფრანგეთი-2007" გაცილებით უკეთესი იყო.

- სათამაშო თვალსაზრისით, ძალიან კარგი ტურნირი იყო და სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რადგან მსოფლიოში ყველაზე სარაგბო ქვეყანაში - ახალ ზელანდიაში ჩატარდა. ძალიან ლამაზი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხია და ფანტასტიკური დახვედრა მოგვიწყვეს და რაც მთავარია, ერთ ადამიანს ვერ შეხვდებოდი, რომელიც ჩართული არ იყო და უმაღლეს დონეზე არ ერკვეოდა რაგბიში. თუმცა, ფინანსურად არასახარბიელო ტურნირი გამოდგა. პატარა ქვეყანაა, ტურისტული ინფრასტრუქტურა არც ისე კარგად არის განვითარებული და ვერც ბევრი ტურისტი ჩავიდა, რადგან შორია და იქ მოხვედრა ძვირი სიამოვნებაა. საფრანგეთში სხვა ვითარებაა - 2007 წლის მსოფლიო თასზე 2,5 მილიონი ტურისტი ჩავიდა...