გულშემატკივრის წერილი "ბორჯღალოსნებს" - კვირის პალიტრა

გულშემატკივრის წერილი "ბორჯღალოსნებს"

გამარჯობა, "ბორჯღალოსნებო".

მე თქვენი ერთ-ერთი რიგითი გულშემატკივარი ვარ, რომელსაც თქვენ ასე ძალიან შეაყვარეთ რაგბი...  ჩემი მსგავსი საქართველოში ათასობით გყავთ. ალბათ იმსახურებთ თორემ საქართველოში უანგარო სიყვარულის დამსახურება არაა იოლი. ჩვენ არამარტო ძალიან გვიყვარხართ, არამედ ძალიან გვეამაყებით კიდეც. პრინციპში როგორ შეიძლება თქვენით არ ვიამაყოთ?! გუშინ დამარცხდით, არგენტინის ძალიან ძლიერ ნაკრებთან. ამ დამარცხების გამო თქვენ გულშემატკივრებს არ შეგვშინებია, რადგან ყველა დარწმუნებული ვართ, რომ ამ დამარცხებით უფრო მეტს ისწავლით ვიდრე გერამანიასთან ან თუნდაც რუსეთთან გამარჯვებით.

რომ გითხრათ, ამ დამარცხებით გული არ დამწყდა-მეთქი, დამიჯერებთ? ჰოდა, პირდაპირ გეტყვით, რომ მაგრად განვიცადე, თქვენი ბრალია რა, ისე შეგვაჩვიეთ გამარჯვებას რომ ზოგჯერ არარეალურსაც მოვითხოვთ თქვენთგან. რას ვიზამთ, ასეთია გულშემატკივრის ბუნება, ყოველი მოგების მერე თამასას მაღლა-მაღლა სწევს. ტონგასთან მოგების მერე ჩვენც ავწიეთ თამასა და ახლა არგენტინის ბეჭზე გაკვრა მოგვინდა. ეჭვიც არ მეპარება რომ მაგის დროც მოვა, მაგრამ სულსწრაფები ვართ და ჰა...

2 ოქტომბერს ზელანდიას ვხვდებით. უჰ, როგორ ველოდები ამ თამაშს. მსოფლიო ჩემპიონები და ჩვენ (იმედია, მომავალი ჩემპიონები). ეჭვიც არ მეპარება, რომ მაგარი ჯახი შედგება, იქნება ომი რომელსაც ეყოლება გამარჯვებული, თუმცა არ ეყოლება დამარცხებული.

ბიჭებო, თქვენი სხვა წაგებებიც მახსოვს, ალბათ მომავალშიც იქნება წაგებები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არასოდეს იქნება შერცხვენილი "ბორჯღალოსანი", ასეთი რამე ბუნებაში არ არსებობს და მომავალშიც ასე იქნება. თქვენ ის ქართველები ხართ, ვინც გვჭირდება, სამშობლოს სჭორდება... თქვენი გამარჯვება ხშირად ყოფილა მთელი ქვეყნისთვის ერთადერთი ნათელი წერტილი.

უჰ, ერთ რამედ ღირს თქვენი ყურება ჰიმნის დროს. ბიჭო, კი არ მღერით არამედ ომობთ, თითქოს საქართველოს ისტორიის მანძილზე გადახდილი ყველა ბრძოლაში იღებთ მონაწილეობას, სულ მინიმუმ მარტო მაგიტომ ღირს თქვენი ყურება. სტადიონზე 15 დგახართ, მაგრამ თქვენ გაცილებით მეტი ხართ ჩვენთვის.

ჩემო "ბორჯღალოსნებო", არგენტინასთან წაგების მერე ბევრმა დაწერა თქვენზე აუგი, მაგრამ ძალიან გთხოვთ გულთან ნუ მიიტანთ. ვინც თქვენზე ცუდს ამბობს და წერს, ისინი მე და ჩემნაირ ათასობით გულშემატკივარს ლანძღავენ, ჰოდა, თქვენ ნუ მოცდებით, მაგათ ჩვენ გავცემთ პასუხს. კაცო, თქვენ ჩვენს გამო თავს აკლავთ მოწინააღმდეგეს, ერკინებით მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ გაგვახაროთ (მე, შენ გეტყვი ზოგ-ზოგი სპროტივით მილიონებს გაძლევენ) და ჩვენ, თქვენზე აუგის მთქმელისთვის, თუ ვერ მიგვიხედავთ, მაშინ არაფრის ღირსები ვყოფილვართ.

ბიჭებო, ძალიან მიყვარხართ. მინდა, ჩემი შვილიც თქვენი სიყვარულით გავზარდო, რადგან თქვენთან ყველაფერი ნაღდია და არაფერია ყალბი. თქვენ არასოდეს გითამაშიათ გულშემატკივირს სიყვარულით, ბოროტად არ გამოგიყენებიათ ჩვენი ნდობა, ამიტომაც ხართ ყველაზე მაგრები, ამიტომაც გვეიმდებით და ამიტომაც ვართ მსოფლიოში ყველაზე მაგარი გუნდის - საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარები. დამარცხების გარეშე გამარჯვება არ იქნება, წინ კი ძალიან დიდი გამარჯვებები გველის.

პ.ს. არ ვიცი ამ წერილს წაიკითხავთ თუ არა, უბრალოდ იცოდეთ (ვაძლევ თავს ამის თქმის უფლებას), რომ ჩემი წერილით ძალიან ბევრი გულშემატკივრის სათქმელს ვამბობ.

ჩვენ ამაყები ვართ თქვენით!!!