"მადლიერი" პენსიონერის წერილი მთავრობას - ადამიანურად ცხოვრება ჩვენც გვინდა, ბებო გენაცვალოთ - კვირის პალიტრა

"მადლიერი" პენსიონერის წერილი მთავრობას - ადამიანურად ცხოვრება ჩვენც გვინდა, ბებო გენაცვალოთ

გამარჯობა, ჩემო ძვირფასო მთავრობა.

მე ერთი პენსიონერი ვარ იმ ათასებიდან, რომელიც თქვენ შემოგყურებთ. 3 წლის წინ, ისევე, როგორც სხვები, მეც იმედით შევცქეროდი თქვენს მოსვლას და ვიტყვი, რომ სრულად გამიმართლეთ იმედები, თქვენი წყალობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პენსიონერი ვარ. ალბათ, სხვებთან ერთად, თქვენც გაგიკვირდებათ რეებს ბოდიალობსო, მაგრამ სიბერეს ნუ დააბრალებთ, ახლავე ყველაფერს აგიხსნით.

მაშ ასე:

ყველა თავმოყვარე ქვეყნის თავმოყვარე ადამიანი, თვეში ერთხელ მაინც დადის თეატრში, რათა განიტვირთოს და ისიამოვნოს. ჩვენთან თეატრის ბილეთის საშუალო ფასი 5 ლარიდან იწყება და ზოგჯერ 30-40 ლარამდეც ადის. ავიღოთ საშუალო ფასი 7 ლარი, 3 წელია სპექტაკლი არ მინახავს ანუ თვეში 7 ლარს ვზოგავ, რაც წელიწადში 84 ლარი გამოდის, ეს რომ სამზე გავამრავლოთ 252 ლარია ანუ თქვენი ხელშეწყობით 252 ლარი დავზოგე, თუმცა ეს მხოლოდ მცირედია.

ყოველდღე არა, მაგრამ თვეში ერთხელ საყვარელ ადამიანთან ერთად ხომ შეიძლება სადმე რესტორანში წახვიდე სავახშმოდ?! რა თქმა უნდა, შეიძლება, რესტორანში სულ მცირედი რომ შეუკვეთო, 20 ლარი მაინც დაგჭირდება ადამიანს, ბოლოს როდის ვიყავი რესტორანში არ მახსოვს, ანუ გამოდის, რომ ყოველთვე 20 ლარს ვზოგავ, ამას თეატრის ფულიც დავუმატოთ და უკვე 27 ლარია დანაზოგი. რესტორნიდან წამოსული ავტობუსს ხომ არ დავუწყებ ლოდინს?! ტაქსს 5 ლარი მაინც უნდა, ეგეც თქვენი 32 ლარი... თეატრში თუ წახვალ, კინომ რა დააშავა?! მით უფრო, რომ ამდენი ახალი ფილმი გამოდის, კაი, პრემიერაზე არ მივალ, მაგრამ მერეც 10 ლარზე ნაკლებად ბილეთს ვერ იყიდი, მე კი თქვენი ხელშეწყობით აქაც ვერ მივდივარ, ანუ კიდევ 10 ლარს ვზოგავ რაც თვეში სულ 42 ლარი გამოდის.

ყველას გვინახავს უცხოელი პენსიონერები, რომლებიც დადიან და მოგზაურობენ, რითა ვარ მათზე ნაკლები?! სარატოვში რომ ვიყავი 86-ში, მას მერე არსად არ ვყოფილვარ და კი მინდა პარიზის ან რომის ნახვა, ეს მინიმუმ 500-600 ევრო მაინც დამიჯდება, რაც დაბალი კურსით რომ დავთვალოთ, კაი 1500 ლარია ამას ის 42 ლარიც, დავუმატოთ და 1542 ლარი უკვე დავზოგე.

ქალი ვარ და რაღა დაგიმალოთ პრანჭიაობა მიყვარს, თუ პიერ კარდენის ან შანელის ბოლო მოდელი ვერა, თვეში ერთხელ რამე ახალი კაბა ან კოფთა ხომ უნდა ვიყიდო?! მაგის ფასი კი 40 ლარზე ნაკლები არ იქნება, მაგრამ ბოლოს ახალი კაბა 2 წლის წინ ვიყიდე, ცხონებული ჩემი მეუღლე რომ გარდაიცვალა... ანუ აქაც ვზოგავთ 40 ლარს ესეც თქვენი 1582 ლარი.

ახალ კაბას სუნამო არ უნდა?! ბუნებრივია, უნდა. იქიდან გამომდინარე, რომ თეატრში წავალ, კინოში წავალ, რესტორანში წავალ, ერთი ფლაკონი სუნამო (რომელიც სადღაც 40 ლარი მაინც ეღირება) ალბათ ერთი თვე მეყოფა, რადგანაც მე არსად დავდივარ სუნამოს საჭიროებაც აღარაა ანუ ეგ 40 ლარიც დავზოგე, რაც ჯამში 1622 ლარი გამოდის.

ეს ყველაფერი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, კიდევ უამრავი წვრილ-წვრილი დანაზოგის აღმოჩენა შეიძლება, რომელთა საერთო ღირებულება მინიმუმ 200 ლარი იქნება, ანუ თქვენი ძალისხმევით თვეში მინიმუმ 1800 ლარი დავზოგე. ასეა პენსიონერთა 90% და ამის მერე როგორ შეიძლება ვინმეს ენა მოუტრიალდეს და თქვას, რომ თქვენ ხალხზე არ ზრუნავთ?! ზრუნავთ თან როგორ, მსოფლიოს არცერთი ქვეყნის პენსიონერს არ ექნება თვის განმავლობაში ამხელა დანაზოგი.

სწორედ ამიტომ, მინდა, მადლობა გითხრათ, ჩვენზე ზრუნვისთვის და გულწრფელად გთხოვოთო: შეეშვით, ბებია, ჩვენზე ასეთ ზრუნვას, რადგან ადამიანურად ცხოვრება გაგიკვირდებათ და ჩვენც გვინდა, ბებო გენაცვალოთ.