მოედანზე როგორც ომში... - "რაგბი ჩვენი თამაშია!" - კვირის პალიტრა

მოედანზე როგორც ომში... - "რაგბი ჩვენი თამაშია!"

2 ოქტომბერს, კარდიფში ბიბლიური თქმულება გაცოცხლდა, დავითმა სძლია გოლიათს. გუშინდელ თამაშში ანგარიში არ იყო მთავარი, მთავარი ის იყო, რაც თამაში დასრულების მერე გამარჯვებული ქვეყნის წარმომადგენლებმა დაწერეს - საქართველომ გვანახა თუ როგორი უნდა იყოს შერკინებაო.

ჰო, მართლა 2 ოქტომბერს დავითის მეტოქე ახალი ზელანდიის ნაკრები იყო. ვისაც რაგბის შესახებ სულ მცირედი მაინც გაუგია ( თუნდაც მხოლოდ ოვალური ბურთი ჰქონდეს ნანახი) იცის, თუ რაცაა რაგბში ახალი ზელანდია, ის გაცილებით მეტია, ვიდრე ფეხბურთში ბრაზილია ან კალათბურთში აშშ. ახალი ზელანდიის ნაკრებთან შეხვედრა ბევრი მორაგბისათვის კარიერის ოცნებაა (დარმუნებული ვარ ჩვენი ბიჭებისთვისაც ასე იყო), ხოლო ისეთი თამაში კი, რაც ჩვენმა ბიჭებმა აჩვენეს თამამი ოცნებაა. ეს ოცნება გუშინ ასრულდა, დავითი გოლიათს შეერკინა...

გუშინდელი თამაშის გამარჯვება ისიცაა, რომ მთელი მსოფლიო ალაპარაკდა ექვის ერის რეფორმირებაზე და მასში მეშვიდე გუნდის დამატებაზე. ეს საქმე იოლი არაა, შეიძლება 2-3 წელიც (ან მეტი) დაჭირდეს ამ საქმეს, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება.

2 ოქტომებრს, ქართული რაგბის ისტორიაში ძალიან ლამაზი ფურცელი დაიწერა, რომელმაც მომავალი თაობები უნდა გაზარდოს. თუმცა მეორე დღეს კიდევ ერთი, ფურცელი დაიწერა, თუმცა ფეხბურთში და თანაც სამარცხვინო. რთულია, შედეგი მოსთხოვო იმ სპორტულ გუნდს, რომლის მმართველობისთვისაც ყველანაირ არასპორტულ მეთოდს იყენებენ. ასეთი რაღაც რაგბში არასოდეს მოხდება, რადგან რაგბში მთავარი ურთიერთობაა და არა ფული!

განა ტყუილად კი არ დაწერა გავლენიანმა ზელანდიურმა გამოცემამ - საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, შესაბამისი ტექნიკის არარსებობის გამო, ქართველები ტრაქტორს იყენებდნენ რათა შერკინებაში ევარჯიშათო და ასეთმა გუნდმა გვასწავლა, თუ რა არის შერკინებაო.

ჰო, იყო დრო როცა ქართველი რაგბისტები შეკრებაზე საკუთარი ხარჯით დადიოდნენ, ხოლო ეროვნული ჩემპიონატი ისე ტარდებოდა მთელი სეზონი ხელფასს ვერ იღებდნენ მოთამაშეები, თუმცა ერთს არ დაუჩივლია, რადგან რაგბზე უარის თქმა, საკუთარ პიროვნებაზე უარის თქმას უდრიდა. ასე იყო ადრე და ასეა ახლაც. რაგბის კავშირის არჩევნების დროც მოვა და შეიძლება ისე უხმაუროდ ჩატარდეს, დელეგატების გარდა ვერავინ გაიგოს, არა იმიტომ რომ არ გვაინტერესებს, არამედ იმიტომ რომ ამ ხალხმა ხმაური არ იციან, ამ ხალხის ხმაური საქმეა, სწორედ ის საქმე რაც გუშინ გააკეთეს, სხვა ხმაური ამ ხალხმა არ იცის. სუფთები არიან.

დღეს, მეტროთი მგზავრობისას ათიოდე წლის ბიჭუნა შემოვიდა, რომელსაც თავის ზომაზე გაცილებით დიდი მაისური ეცვა, მაგრამ ბედნიერი იყო, რადგან გულთან ბორჯღალი ეხატა. ალბათ ნაცნობმა მოთამაშემ აჩუქა. იმსახურებდა ეს კაცი ამ საჩუქარს, რადგან აშკარად იცოდა ამ კვართის ფასი. თავისთვის იდგა ეს ბიჭი ბედნიერი, ალბათ წარმოდგენებში ზელანდიასაც მოუგო, ზედ სამხრეთ აფრიკა და ავსტარლიაც მიაყლოა და სახლში მომლოდინე მშობლებს ვებ ელისის თასი ჩამოუტანა. ბიჭუნა ფიქრებიდან ასაკოვანმა ქალბატონმა გამოიყვანა, რომელმაც ჩასვლისას ხელი ბორჯღალზე მიადო და უთხრა - რაგბი ჩვენი თამაშიაო.

ჩვენია, აბა, რაა, ჩემია, ჩემი ოჯახისა, ჩემი მეგობრებისაა და ჩვენი ყველასია, რადგან იმ სიხარულმა რაც გუშინ გვქონდა ყველა გაგვაერთიანა, არადა ყველაზე მეტად ხომ ამ ერთიანობის ეშინია მტერს, ეს ბიჭები კი თავის საქმით გვაერთიანებენ და ყველას ერთად მეთექვსმეტე მოთამაშედ გვაქვეცენ ხოლმე.

მალე ნამიბიაა, მერე ცოტას დავისვენებთ, მსოფლიოს შედეგებს განიხილავთ, მინუსზე თვალს არ დავხუჭავთ, რათა მომავალში გამოვასწოროთ, პლიუსს უფორ მეტად დავხვეწავთ და მერე უფრო დიდ გამრჯვებებს გამოვჭედავთ, იმ გამარჯვებებს რომლითაც ყველა ერთად ვიამაყებთ რადგან - რაგბი ჩვენი თამაშია!!!

პ.ს. სოციალურ ქსელში მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ქართველი მორაგბის გიორგი ბეგაძის 2008 წელს რუსეთ–საქართველოს ომში გადაღებული ფოტო, ის მაშინ რეზერვისტი იყო. უყურებ ამ ფოტოს და ძალაუნებურად სიმაყის განცდა კიდევ უფრო მძაფარი ხდება -

"ბორჯღალოსნები" ხომ ნებისმიერ თამაშისას მოედანზე ისე გადიან, როგორც მებრძოლები ომში...

პ.პ.ს. "ის შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კაცია დღევანდელ რაგბის სამყაროში, მაგრამ ღიმილი აქვს, რომელიც აისბერგს დაადნობს!" – ეს სიტყვები ინგლისელმა კომენტატორმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულ მამუკა გორგოძის შესახებ თქვა. საინტერესოა, რომ ამ  ნომინაციაში წარდგენილი მორაგბეებიდან სამივე ქართველი იყო - მამუკა გორგოძე, ლაშა ლომიძე და შალვა მამუკაშვილი.