აქამდე კანონიერ ქურადად ცნობილი ლაშა შუშანაშვილი მკითხაობს: - ქურდი ვარ, არა ვარ ქურდი?!. - კვირის პალიტრა

აქამდე კანონიერ ქურადად ცნობილი ლაშა შუშანაშვილი მკითხაობს: - ქურდი ვარ, არა ვარ ქურდი?!.

სიცილისგან სული ძლივს მოვითქვი, რომ წერა დამეწყო...

ჰა, მომკალით და ისევ მეცინება, არადა, ისეთი ამბავი გავიგე მეჩქარება თქვენც გაგაცინოთ, ვისაც უნდა დავენიძლავები, რომ მსგავსი რამ არც სმენია როდისმე და არც უნახავს. კაცმა, რომელსაც მთელი საქართველო და არა მხოლოდ... აქამდე როოგორც კანონიერ ქურდს ისე იცნობდა, ჩემ კოლეგას, ანუ ჟურნალისტს არც მეტი არც ნაკლები, ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაში უჩივლა.. მომჩივარი საყოველთაოდ ცნობილი ძმები შუშანაშვილებიდან ერთ-ერთი - ბატონი ლაშაა.

ახლა სულ არა აქვს მნიშვნელობა,ლაშა შუშანაშვილის აღშფოთების ობიექტი "კვირის პალიტრის" ობიექტურობითა და პროფესიონალიზმისთ გამორჩეული ჟურნალისტი რომაა, თვითონ ფაქტია ისეთი სასაცილო, რა ვქნა, ისევ ვხარხარებ და მომკალით...

იმ თაობის პირმშო ვარ, როდესაც პატარებისთვის (და არა მხოლოდ მათთვის) მისაბაძი მაგალითები კანონიერი ქურდები იყვნენ, არადა, სახელიც კი - "კანონიერი ქურდი" არის აბსურდულობის პიკი, როგორ შეიძლება ქურდობის დაკანონება. არც მაშინ და არც ახლა ქურდების დიდად მოტრფიალე არ ვყოფილვარ, მაგრამ იმდენი კი ვიცოდი, რომ სამართალდამცავ სტრუქტურასთან რაიმე სახის კავშირი, ჩივილი და მსგავსი "მაიმუნობები", ბოდიში მომითხოვია და "ბოზობად" მიიჩნეოდა, როგორც ჩანს ქურდულმა სამყარომაც იცვალა ფერი და ქურდული კანონების მაგიერ, საერთაშორისოდ აღიარებულ კანონებს სცემენ პატივს, ამის ნათელ დადასტურებაა - "კანონიერი ქურდის" ლაშა შუშანაშვილის სარჩელი...

ახლა რატომ ჩივის შუშანაშვილი, რომელსაც საქართველოში ბრალი აქვს წაყენებული ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით? - მისი პროტეტსტის მიზეზი გახდა ის, რომ სტატიაში მოხსენიებული იყო, როგორც "ქართული მაფიის ბოსი..." ასევე, მისი წარმომადგენლების განცხადებით, სტატიაში მოყვანილია არასწორი ინფორმაცია საბერძნეთში მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც მკითხველს ლაშა შუშანაშვილზე ნეგატიურ წარმოადგენას უქმნის.

(იხილეთ სტატია: საბერძნეთის ყველაზე ძვირად ღირებული ტუსაღი - რისთვის იყენებს "ქართული მაფია" საბერძნეთის კრიზისს?!)

ოი, ქურდთა მფარველო ღმერთებო და ღვთაებებო, რა მოთმინება გაქვთ რომ ამ ყველაფერს უძლებთ?! გასაგებია, რომ შუშანაშვილი ამჟამად "კოლეგებთან" კონფლიქტში მყოფად მოიხსენიება, მაგრამ როგორც ჩანს, იდეასთანაც, რასაც ქურდები ატარებენ, ვერ აქვს მთლად კარგი დამოკიდებულება.

ეჰ, არადა რა დრო იყო, როდესაც ქართველი ქურდები დედამიწას აზანზარებდნენ. რასაც იტყოდნენ მათ სიტყვას წყალი არ გაუვიდოდა, მაგრამ მერე დროის უქონლობის მიზეზით ერთმანეთის სკაიპით ნათლობა დაიწყეს, როგორც ჩანს, რიგი ნათლობისას არ იყო კარგი ინტერნეტკავშირი და მირონის სრულად მიწოდება ვერ მოხერხდა, რასაც ამ სისტემის სრული დეგრადაცია მოჰყვა. შუშანაშვილი კია სკაიპამდელი ქურდი, მაგრამ აშკარად ეტყობა სკაიპის გავლენა.

მოკლედ, ბატონი ლაშას სარჩელი განიხილა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ, უმჯობესი იქნება თუ ვიტყვით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის "სხადნიაკმა" და ორ შემთხვევაში კი გაამართლა ჟურნალისტი, მაგრამ მიიჩნია, რომ ჟურნალისტმა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

გულწრფელად მაინტერესებს 50-იანი წლების ქურდებს, რომლებიც მართლა კოჭლი, მაგრამ მაინც რაღაც იდეისთვის იბრძოდნენ, საკუთარი ცხოვრებით ერთგვარ პროტესტს გამოხატავდნენ საბჭოთა სისტემის მიმართ, ეს ყველაფერ რომ გაეგოთ რა რეაქცია ექნებოდათ?!

ამ ყველაფრის მერე ნამდვილად არ გამიკვირდება, თუ "კანონიერი ქურდები" ოფიციალურად დაარეგისტრირებენ პოლიტიკურ მოძრაობას სახელით - "ქურდული ყველაფერი ნაღდია" ან "ჩვენ არასოდეს ვიჭრებით". მოხვდებიან პარლამენტში, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ამის მერე ისევ ქურდებად დარჩებიან, ოღონდ ახლა მართლა კანონიერები იქნებიან.

პ.ს. სოციალურ ქსელს აქვს ე.წ. "დათაგვის" ფუქნცია. ამ ყველაფერს იქ რომ ვწერდე აუცილებლად "დავთაგავდი" ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს, რათა მომზადებული შეხვედროდნენ ახალ სარჩელს, რომელიც ბლოგერ - სურამელის წინააღმდეგ შევა.

პ.პ.ს მე კიდევ ერთი ეგეთი სცენა წარმოვიდგინე უცებ აქამდე კანონიერ ქურადად ცნობილი ლაშა შუშანაშვილი გვირილას როგორ ფურცლავს და მკითხაობს: - ვარ კანონიერი ქურდი, თუ - არა, ვარ ბოსი, თუ - არა?

რა ვიცი, რა ვიცი...