"რა დროშა მოგვცა მიშამა" ჩანაცვლებულია, ანუ "ჩვენო დიდო, კარგო, გამგეობის თავკაცო!" - შაბაშ! სიმღერა ეძღვნება გორის გამგებელს! - კვირის პალიტრა

"რა დროშა მოგვცა მიშამა" ჩანაცვლებულია, ანუ "ჩვენო დიდო, კარგო, გამგეობის თავკაცო!" - შაბაშ! სიმღერა ეძღვნება გორის გამგებელს!

რა აღარ უნახავს და მოუსმენია ამ ჩვენი პოლიტიკოსებისა და მათი მეხოტბეებისგან გაწამებულ ამომრჩეველს ბოლო წლების განმავლობაში: ლოცვა მიშასთვის - გულწრფელი და ამავდროულად მისტიურ - საკრალური ქალთა გუნდის მიერ ჩატარებული გალობა-სავედრებელი.

ან კიდევ იმ ნამღერის გახსენება რად ღირს - "რა დროშა მოგვცა მიშამა, რა დროშა" და ა.შ. ამ ბოლო სიმღერის უმთავრესი პლიუსი შემსრულებლის გულწრფელობაა, რომელში ეჭვის შეტანაც დანაშაული იქნება ღვთისა და ერის წინაშე.

მოკლედ, ჩვენი რომ იყო და ახლა ოდესელების რომ გახდა, ის კაცი ნამდვილად მუზა იყო ერთდროულად ლექსის, სიმღერისა და პოლიტიკის მოყვარულთათვის.

გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი ასპარეზზე და პოლიტიკურმა სიომაც სხვაგვარად დაბერა, ბევრს ეგონა და მღეროდა კიდეც: "ქე, მევიდა ბიძინე, სვი, ჭამე და იძინეო", მაგრამ ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში…

ამ პოლიტიკური სახოტბო პოეზიისა და მუსიკის ალბათ ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია სიმღერა-ხოტბა დილარ ხაბულიანისადმი, რომელიც ამ უკანასკნელის დიდგორის რაიონის გამგებლობისას საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ამღერეს, ჰო, ასე ჩაამწკრივეს პატარები და გამგებლისადმი დაწერილი "შედევრი" დააგუგუნებინეს - "ძია დილარის სახით ჩვენ გვყავს სპონსორიო", "გვიყვარს ძია დილარიო" და ა.შ.

ამ ყველაფრის შემდეგ ძნელია კაცი რამემ გაგაკვირვოს, მაგრამ გორის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა მოახერხეს და მთლად პირღია დამტოვეს, როცა ვნახე, როგორ დადგნენ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის თანამშრომლები და უმღერეს და რა უმღერეს გამგებელს, დავით ონიაშვილს და კიდევ იმის მოადგილეს. ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა, რომლის ინფორმაციითაც, ვიდეო 2016 წლის 15 იანვარს რესტორან ,,ნაჭარმაგევშია" გადაღებული.

ქეიფს მოგვიანებით, თურმე მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტარი სოსო ვახტანგაშვილიც შეუერთდა, რომელსაც დარბაზში შესვლისას ფეხზე წამოუდგნენ. წყაროს ცნობით, ვახტანგაშვილმა მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი წარმატებული საქმიანობის გამო, შეაქო.

"ეს მაშინ, როდესაც 2015 წელს მუნიციპალიტეტის გამგეობამ 5 მლნ ლარზე მეტი ვერ აითვისა, ხოლო დამატებით ერთი მილიონი ლარი შემოსავლის სახით ზედმეტად გაუხარჯავი დარჩათ". - წერს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი.

დავუბრუნდეთ ისევ სიმღერას -

"ბატონო გამგებელო,

როგორ, როგორ, როგორ

ავაყვავოთ სოფელი?

ეს ხომ ჩვენი მიზანია

და ოცნება ცისფერი" - მღერის ქალთა კრებული საოცარი მონდომებით, დიდი ენთუზიაზმით, ამათ შემხედვარე ლამის არის დაიჯერო, რომ სოფელი მართლაც სიმღერით შეიძლება აშენდეს.

"ჩვენო დიდო, კარგო,

გამგეობის თავკაცო,

და გამგებლის მოადგილევ,

არასდროს არ დაივიწყო

რომ კულტურის სამსახური

სიმღერასაც გიმღერებთ

სოფლის აშენებას

სიმღერა სჭირდება

ჰო და,

ჩვენც გიმღერებთ"

გორელებო, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ამათ ცისფერი ოცნებისა და სიმღერით აშენებული სოფლის იმედად ვერ ვიქნებოდი...

იხილეთ ვიდეო