რა მოხდება პოლიტიკოსებს სულ რაღაც ერთი დღით რომ გაეზარდოთ ცხვირი პინოქიოსავით, ანუ გამოვაცხადოთ 1-ლი აპრილი პოლიტიკოსთა დღედ! - კვირის პალიტრა

რა მოხდება პოლიტიკოსებს სულ რაღაც ერთი დღით რომ გაეზარდოთ ცხვირი პინოქიოსავით, ანუ გამოვაცხადოთ 1-ლი აპრილი პოლიტიკოსთა დღედ!

დღეს პირველი აპრილია. წლებია ამ დღეს ტყუილის დღედ მიიჩნევენ და ყველა ცდილობს ვინმე მოატყუოს. ქართველი პოლიტიკოსების და არა მხოლოდ მათ კალენდარს თუ გადავხედავთ, 365 დღიდან მინიმუმ 300 დღე პირველი აპრილია (მიხეილ სააკაშვილის კალენდარი მუდამ ნაკიანი წელი იყო, შესაბამისად, 366 დღე სულ პირველ აპრილს ეკავა).

საქართველოში (და არა მარტო აქ) პოლიტიკა/პოლიტიკოსები და ტყუილი შეიძლება ითქვას სინონიმებადაა ქცეული, თუმცა არის პერიოდი, როცა ტყუილის თქმა ხელოვნების დონემდე ადის. მაგალითად, წინა საარჩევნოდ, როდესაც პოლიტიკოსები ერთმანეთს ეჯიბრებიან დაპირებების მიცემაში. იმ დაპირებებისა, რომელთა უმტესობაც არჩევნებიდან ძალიან მალე საპნის ბუშტებივით ქრება. პრინციპში ქრება მათთვის, ვინც ეს თქვა, თორემ ხალხს ახსოვს, თან მწარედ... მოკლედ, გვახსოვს, მაგრამ ვიცით, რომ ის არასოდეს ასრულდება, მიუხედავად ამისა, მაინც მივდივართ ამ პოლიტიკოსთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე და ბედნიერი სახით ვუსმენთ ტყუილებს. საბოლოოდ კი იმ ადამიანს ვირჩევთ, ვინც უფრო დიდ ტყუილს გვეტყვის. ამ დროს ვფიქრობ ხოლმე, რა იქნება ერთხელ, თუნდა სულ რაღაც ერთი დღით, გაეზარდოთ ცხვირი პინოქიოსავით, რათა ბოლოს და ბოლოს თვალნათლივ დავინახოთ, როგორ გვატყუებენ...

ვაზის სამშობლოს სახელთან ერთად, თავისუფლად შეგვიძლია მატყუარების ყველაზე დიდ დისტრიბუტორ ქვეყანად ვიქცეთ. ოფიციალურად 220 პარტიაა რეგისტრირებული ("ააშენე სახლი, დარგე ხე, გაზარდე ვაჟიშვილი და დაუტოვე შთამომავალს პარტია") ყველა პარტიას მინიმუმ ერთი დამფუძნებელი მაინც ჰყავს ანუ მინიმუმ 220 მატყუარა ოფიციალურადაა რეგისტრირებული. მაშინ როცა ქვეყანას ეკონომიკური გაჭირვება აქვ,ს ხომ არ გვეფიქრა ამ ხალხის ექსპორტზე?! ძალიან ბევრი ქვეყანა სიხარულით მიიღებს (აგერ უკრაინას ისე მივეცით "განძი" რომ მათგან კაპიკი არ აგვიღია, არადა ასეთ ტრანსფერებში ხალხი მილიონებს შოულობს. კი, ჩვენ ლეონიდ ჩერნოვეცკი მოგვცეს და ერთგვარი ბარტერი გამოვიდა, მაგრამ რეალურად თუ შევხედავთ წაგებაში ვართ), მადლობას გვეტყვის, პატარა ინვესტიციასაც არ დაგვამადლებს და მეტი ჩვენც არ გვინდა.

ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, ასი მოგუგუნე ქარხანის აშენებას რომ დაპირდეს პოლიტიკოსი და ვერ ააშენოს, დიდი ეჭვი მაქვს მომდევნო არჩევნებზე თვითონ აღარ ექნება მონაწილეობის სურვილი, ჩვენთან კი პირიქითაა - ამ არჩევნებზე ორას ქარხანას დაგვპირდებიან, თანაც წარბშეუხრელად, მომავალ არჩევნებზე 300-ს, მერე 400-ს, ამასობაში ასი ქარხანა კი აშენდება და გვეტყვიან აგერ ხომ ხედავთ დაპირებებს ვასრულებთ, არ ვიტყუებითო და ჩვენც დავიჯერებთ. პრინციპში სხვა გზა არც გვექნება.

მოკლედ, ჩვენო საყვარელო პოლიტიკოსები გილოცავთ დღევანდელ დღეს. გისურვებთ (უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვი - საკუთარ თავს და ზოგადად თქვენს ამომრჩევლებს ვუსურვებ), რომ მომავალ წელს, პირველი აპრილი ასეთი ფორმით აღარ მომელოცოს თქვენთვის.

გისურვებთ სიმართლით ცხოვრებას, ვიცი, რომ ძალიან გაგიჭირდებათ, მაგრამ თუ მოინდომებთ, შეძლებთ. ერთხელ სცადეთ, იყავით გულწრფელები, იქნებ უფრო გაამართლოთ და ჩვენც უფრო მეტად გენდოთ, მაგრამ ჩემზე უკეთ იცით, ნათქვამია:  "კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალსო".

პ.ს. ისე, ეს ბლოგიც დიდი ტყუილია, უფრო სწორად თავის მოტყუებაა, თუ  გვჯერა, რომ ვისაც ეს ეკუთვნის, წაიკითხავს და მითუმტეს გაითვალისწინებს.