"ნაციონალური მოძრაობა" - NDI -ს: "სარკევ, სარკევ, აბა, მითხარ, ჩემი მსგავსი სხვა ვინ არის"?! - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობა" - NDI -ს: "სარკევ, სარკევ, აბა, მითხარ, ჩემი მსგავსი სხვა ვინ არის"?!

ყველას გვახსოვს ალბათ ზღაპარში "კონკია" ბოროტი დედინაცვალი ჯადოსნურ სარკეს ყოველდღე როგორ ეკითხება - ჩემზე ლამაზი ხომ არ გამოჩენილა დედამიწაზე ვინმეო, სარკეც დაუზარებლად პასუხობს, რომ ცისქვეშეთში მასზე ლამაზი ჯერ არ შობილა და არც მომავალში იქნება ვინმე (მერე, სარკე რეალობასაც დაანახებს, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა).

თანამედროვეობაში ასეთი სარკეები და ბოროტი დედინაცვლები აღარ არიან, მაგრამ გვყავს "ნაციონალური მოძრაობა" და NDI, რომლებიც ზუსტად ისე არიან, როგორც სარკე და დედინაცვალი. ერთი ეკითხება, ჩემი მძლეველი ხომ არ გამოჩენილაო და მეორე პასუხობს, როგორ გეკადრებათ თქვენ ძლევას ვინ შეძლებსო და საილუსტრაციოდ ისეთი პროცენტები მოჰყავს რომ "ნაციონალურ გულს" ახარებს.

NDI-მ ამჯერადაც კვლევის გასაოცარი შედეგი დადო, მაგალითად, კითხვაზე, რომელი პოლიტიკოსი მოსწონთ? - გამოკითხულთა 15%-მა თურმე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე დაასახელა, 7%-მა - ირაკლი ალასანია; 6%-მა - შალვა ნათელაშვილი, 5%-მა - გიორგი კვირიკაშვილი, 3%-მა კი - დავით სერგეენკო.

დავანებოთ ყველა დანარჩენ მონაცემს თავი, ამ დავით ბაქრაძეს დიდი რეიტინგი მაშინ არ ჰქონდა, როცა ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე, შემდეგ "ნაციონალური მოძარობის" პირველი ნომერი და ბოლოს საპრეზიდენტო კანდიდატი იყო... ეგ კი არა დავით ბაქრაძე, "ნაციონალური მოძრაობის" თავგადაკლულ მომხრეებშიც არ სარგებლობს დიდი პოპულარობით, ამბობენ, - მიმწოლი და უკომპრომისო არააო, ჰოდა, ახლა მისი პირველობა მომკალით და სარკის და დედინაცვლის ზემოთ მოყვანილ ისტორიას მაგონებს. ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში ისაა, რომ "რეიტინგულ" პოლიტკოსს უხარია (თუმცა, ასე მგონია, გულის გულში დიდად არ სჯერა), უხარია მის პარტიასაც, მის მხარდამჭერებსაც და რაც მთავარია უხარია "სარკესაც", არადა სწორედ ეს "სარკე" იყო 2012 წლის არჩევნების წინ რომ ასევე ახარებდა "დედინაცვალს" მაგრამ რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა. საილუსტრაციოდ, 2012 წლის ერთ შედეგს მოვიყვან: 2012 წელს კითხვაზე - რომელი ოპოზიციური ლიდერი მოგწონთ? - ენ-დი-აიმ პასუხები ასე გაანაწილა: გიორგი თარგამაძე - 54 პროცენტი, ბიძინა ივანიშვილი - 40 პროცენტი. არ მკითხოთ ახლა, გიორგი თარგამაძე ვიღააო...

ზოგადად სარკის ფუნქცია ისაა, რომ საკუთარი თავი ისეთი დაგვანახოს როგორებიც ვართ და თუ რამე არ მოგვწონს შევცვალოთ, მაშინ როცა საკუთარ თავს დამახინჯებულად ვხედავთ ეგ უკვე სარკე აღარაა, ეგ გასართობი ოთახია, რომელიც დამთვალიერებლს ახალისებს.

ცხადია "სარკე" გამრუდდა და თან არც ცდილობს გამოსწორებას, მეტიც, დიდი ეჭვი მაქვს წინა საარჩევნოდ ისეთ შედეგებს აჩვენებს "დედინაცვალს", რომ სიხარულისაგან გააგიჟებს.

რეიტინგული დავით ბაქრაძის მადლით მშვიდად მივსულიყავით არჩევენებდამდე!

იხილეთ ასევე: ბაქრაძე - 15%, კვირიკაშვილი - 5%... - NDI მორიგი კვლევის შედეგს აქვეყნებს