ძმაო ლეონიდ, არ მჯერა! არ მჯერა! არ მჯერა.... - კვირის პალიტრა

ძმაო ლეონიდ, არ მჯერა! არ მჯერა! არ მჯერა....

წასვლაც როგორი საოცარი ჰქონდა, იყო ამაში რაღაც მისტიური და ამოუცნობი. ძველ საბერძნეთში ის აუცილებლად ოლიმპოზე იცხოვრებდა, თუ ზევსი არა, მინიმუმ აპოლონი მაინც ერქმეოდა, ოღონდ მისი პოსტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ მხოლოდ 9 მუზა არ ეყოფოდა. ოლიმპოს მთიდან ისე დამოძღვრავდა მთელს ელადას, როგორც ქართველებს გვმოძღვრავდა ქობულეთიდან.

წავიდა და დავგიტოვა მილიონი პასუხგაუცემელი კითხვა, რომელთა პასუხიც მხოლოდ მას უნდა სცოდნოდა. დაგვიტოვა სევდა და მელანქოლია, იმ 200 000-ზე მეტ ადამიანს ვინც ყოველდღე ველოდით მის ცხოვრებისეულ პოსტებს. სიცარიელეს ერთი თვისება აქვს - აუცილებლად რაღაცით ივსება, მაგრამ მისმა წასვლამ ისეთი სიცარიელე დატოვა, რომელიც მოუშუშებელი იარასავით მუდამ ღია იქნება.

დაგვტოვა შეგონების გარეშე, არადა რამდენი ადამიანი იწყებდა დღეს მისი გენიალური ნათქვამებით, კვირეებს ვგეგმავდით მისი სიბრძნით, ახლა კი შეხვალ მის ფეისბუკგვერდზე, ავისმომასწავლებელი სიჩუმე და ყელში გასაჩხერად გამოჭიმული პოსტი - მე წავედი...

ამბობენ, ვითომდა ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და ისე მიიღო გადაწყვეტილებაო, მაგრამ არ მჯერა, განა მის გადაწყვეტილებაზე ვინმეს შეიძლება მოეხდინა გავლენა?! განა მაკედონელს ვინმე ეუბნებოდა როგორ მოქცეულიყო?! ის ხომ თანამედროვე მაკედონელი იყო, კაცი რომელიც თუ არ გააბრწყინებდა ივერიას, ბჟუტვას მაინც დააწყებინებდა. ეჰ, ლელა კაკულიას რა ვუთხარი, როცა თქვა, რომ მომავალში გიორგი ბრწყინვალეს ვხედავ, რომელიც გააერთიანებს ერსო, როგორც ჩანს, მისმა კეთილმა გულმა ლელას ნათქვამი შეიმეცნა, ენდო და რადგან გიორგი არ ერქვა წავიდა, არადა ძველ შუმერულად ლეონიდი ხომ გიორგის ნიშნავს.

მოღრუბლულ ცაზე მზის გამოჩენა რომ გახარებს ადამიანს და გულში მომავლის იმედს გისახავს, ისე გამოჩნდა, გააცისკროვნა ცა, გადაყარა საწვიმრად გამზადებული ღრუბელი, მაგრამ უცებ გაქრა.

როგორც არასდროს, ისე აქტიურია სიტყვები - ჩვენს თვალებს დააკლდი და გულებს არასოდეს დააკლდებიო. ყოველ დღეს ისევ თქვენი პოსტების ნახვით დავიწყებ, რაც არ ვიცი დავიზეპირებ, თორემ მუხთალია წუთისოფელი და ვაითუ ვინმემ წაშალოს ეს სიბრძნე და შთამომავლობას რა პასუხი გავცეთ?!

"ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერის დაკარგვის მერე, ამხელა დანაკარგს შთამომავლობა აღარ გვაპატიებს და საფლავებში ჩაგვაფურთხებს. ეჰ, მე ვინ დამიჯერებს თორემ სკოლაშიც უნდა ისწაველბოდეთ, ნახეთ რა გენიალურად ჟღერს - აი-ია ლეონიდი.

თუ რამე გეწყინათ გვითხარით, გულში ნუ ჩაიხვევთ წყენას, თორემ სათუთია თქვენი გული და არ გეტკინოთ, გვითხარით, გაგვიმხილეთ და ვინც თქვენ გაწყენინათ, სათანადოდ გავუსწორდებით.

სწორად წასვლას, მოსვლაზე მეტი შნო უნდა, თქვენი კი ეს შეძელით. თქვენგან ვიცი მომავლის იმედი სულ უნდა გქონდეს ადამიანსო, ჰოდა მეც იმედით შევყურებ "ფეისბუქს" იქნებ ისევ დაბრუნდეთ.

P.S. ისე ბატონო ლეონიდ, ჩვენში დარჩეს და ან მოსვლა რა იყო და ან წასვლა?!