ბურჭულაძე იმღერებს, ნადირაძე-კუზანოვა ჭრა-კერვას გააჩაღებს, კახაძე ექოსკოპიის აპარატით დაგვაკვირდება და სოფელიც აშენდება...
ბურჭულაძე იმღერებს, ნადირაძე-კუზანოვა ჭრა-კერვას გააჩაღებს, კახაძე ექოსკოპიის აპარატით დაგვაკვირდება და სოფელიც აშენდება...
საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება, მაგრამ პოლიტტემპერატურა უკვე ძალიანაა მომატებული, პარტიების დიდი ნაწილი საარჩევნო რეჟიმშია. აგერ პაატა ბურჭულაძემ პარტიის დამფუძნებელი ყრილობაც გამართა და კიდევ ერთხელ გაგვაოცა.

ბურჭულაძემ სცენაზე ასვლა რომ იცის, არავისთვისაა ახალი, მაგრამ პოლიტიკურ სცენაზე ვინმეს ბანი იქნება თუ "პოლიტტენორის" პარტიებს მოირგებს, ვნახავთ, თუმცა ვინ იცის კიდევ რა სიურპრიზით გაგვაოცებს, ამჯერად კი... ბურჭულაძემ ჟურნალისტი რომ მომენტალურად გააპოლიტიკოსა, კი ვნახეთ, მაგრამ თავად დიდი პლასტიკური ქირურგის ივა კუზანოვის რძალიც?! - აი,
ამას კი ნაღდად ვერასდროს ვიფიქრებდი... "უკვე იმ ასაკში ვარ, რომ ეს გამოცდილება მოსახლეობას გავუზიარო"
, - ბრძანა ნინო ნადირაძე-კუზანოვამ... და რომელი გამოცდილება, ქალბატონო ნინო, ადამიანის ცხვირ-ყურ-მკერდის ჭრა-კერვისა?! ღმერთო დიდებულო, ეს ჩვენი ბედკრული ეკონომიკის ჭრა-კერვასაც წაადგება, თუ?..

ან იქნებ, ეგეთი გეგმა გაქვთ: ბურჭულაძე იმღერებს, ნადირაძე-კუზანოვა ჭრა-კერვას გააჩაღებს,
კახაძე ექოსკოპიის აპარატით დაგვაკვირდება და სოფელიც აშენდება...
ღმერთმა ქნას და აშენდეს, თუმცა რა ვიცი, რა ვიცი...

გასულ კვირაში ერთ-ერთი მთავარი სალაპარაკო თემა 22 მაისს მომხდარი ინცინდენტი იყო, როდესაც შუალედური არჩვენებისთვის სოფლად ჩასული პარტიის ლიდერები გალახეს, "კორცხელის კურცხლებზე" იმდენი დაიწერა, თავს მეტად აღარ შეგაწყენთ, (იხილეთ: კორცხელის კურცხლები, ქართული პოლიტიკის "ჟოფრეი" და ქუთაისელი "პორტის მამა", ანუ როცა ყველაფერი ბიძინათი იწყება) მხოლოდ ერთ საკითხზე შევჩერდები, გალახვით ნაწყენმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა, აქაოდა ვიდრე ინცინდენტის ყველა მონაწილე არ დაისჯება, მანამდე პარლამენტის სხდომებში მონაწილეობას აღარ მივიღებთო, მართალია დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს, მაგრამ თქვე მიშასგან მრავალგზის დალოცვილებო, მაშინ რატომ არავის სჯიდით ქუჩაში ადამიანების ცემა-ტყეპა კი არა, მკვლელობაც რომ ლამის ჩვეულებრივ ამბად აქციეთ, იმ მიშასგან კურთხეულ და ბიძინასგან მრავალჯერ ნახსენებ 9 წელს ვგულისხმობ...

ისეთი სახელები ვახსენე ცოტა მეტი ყურადღება რომ არ დავუთმო, გამინაწყენდებიან, ვიცი. მოკლედ, ამ მიშა სააკაშვილს აქამდე ქართული პროკურატურა არ ასვენებდა, ახლა უკვე უკრაინულიც გადაეკიდა.

ამ ორიოდე დღის წინ, უკრაინის გენერალური პროკურატურის და უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ოდესის გუბერატორის თანაშემწის, თეიმურაზ ნიშნიანიძის სახლსა და კაბინეტში ჩხრეკა ჩაატარეს. უკრაინული მედიის ცნობით, ნიშნიანიძე და "ოდესის განვითარების ფონდი" მსხვილი ოდესელი ბიზნესმენების კუთვნილი თანხების აკუმულირებას ეწევა, რითიც ალექსანდრე ბოროვიკის საარჩევნო კამპანიის, მიხეილ სააკაშვილის მივლინებების და უკრაინის საოლქო ცენტრებში ფორუმების დაფინანსება ხდება. მოკლედ, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, ზედ სააკაშვილზეა ზედმოჭრილი... არც ქცევის და ლანძღვა-გინების რიტორიკას არ იცვლის...

მთელი ეს დავიდარაბა საეჭვოდ დაემთხვა სააკაშვილის ინტერვიუს "გარდიანში", სადაც მან უკრაინის მთავრობა, რბილად რომ ვთქვათ, გალანძღა. მერე კი თქვა, ეგრე არ მითქვამს და ჟურნალისტმა დამიმახინჯაო, მაგრამ, როგორც ჩანს, თავის მართლებამ არ გაჭრა და პოროშენკოც გაბრაზდა... ჰოდა, მიშასაც წყალი ნელ-ნელა უდგება, ამიტომაც მოუხშირა საქართველოში დაბრუნებაზე ლაპარაკს, თუმცა აქაც ბევრი არავინ ელის სიხარულით, ჯერჯერობით მაინც...

სიხარულზე რა გითხრათ და მოუთმენლად კი ელოდნენ ჩვენში ბიძინა ივანიშვილის წერილს, გაამართლა თუ არა ეს მოლოდინი, ამას როცა წავიკითხავ, მაშინ გეტყვით...

რატომღაც მგონია, რომ წერილს განსაკუთრებით "რესპუბლიკელები" ელოდნენ, ჰო ასე, "იდგნენ და ელოდნენ..."

გაგა
20 ივნისი 2016 16:53
პაატა ნამდვილად ის კაცია რომელსაც არ აქვს სხვა ინტერესები გარდა თავისი ქვეყნის და ერი სიყვარულისა. ამ აზრს მისი დარიგებული ათასობით ბინები ამყარებს
niko
20 ივნისი 2016 15:52
პაატას გაუმარჯოს მისი სიმართლიეანა მართალი კაცი გვინდა სათავეში სწორედაც ამოვიდა ყელში ამდენი ცრუპენტელობა
Tamari
31 მაისი 2016 17:37
მე კარგად ვიცი, რომ პაატა უნამუსოდ არ მოიქცევა და თავს სალანძღავად, როგორც ეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ჩვევია, არ გაიხდის. კაცი როცა ღირსეულია, ის ყველგან ღირსეულია- ოჯახშიც, სამსახურშიც და ქვეყანასთან და ხალხთან დამოკიდებულებაშიც.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები