რუსეთუმეებო, მახათი გაიაფებულა! - კვირის პალიტრა

რუსეთუმეებო, მახათი გაიაფებულა!

2008 წლის ომიდან 8 წელი გავიდა... მძიმე დღეებია საქართველოსთვის და ამ დღეებში რუსეთუმეთა აქტიურობა ერთიორად მაკვირვებს და მაცოფებს, ამიტომაც ძალიან ვეცადე კორექტული ვყოფილიყავი...

უსაქმურობა მძიმე დაავადება ყოფილა, გაცილებით მძიმე ვიდრე ავთვისებიანი სიმსივნე. იმისათვის, რომ საკუთარი დაავადება დამალონ ამ სენით შეპყრობილი ხალხი ისეთ რამეებს იგონებს, კაცს თმები ყალყზე დაგიდგება. საქმეგამოლეულები ქვეყნისთვის საშიში ხალხია, რადგან ქვეყნის მტრები ადვილად ხვდებიან, რომ პატარა ლუკმის გადაგდებითაც კი მათთვის სასურველ საქმეს გააკეთებინებენ, ჰოდა, ამ ლუკმებსაც ყრიან და ყრიან. ლუკმა მსუყეა თუ არა იმის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ როგორ აქტიურობს მავანი საქმეგამოლეული. (ყველა უსაქმურს ეს არ ეხება!) მაგალითად, როგორც ჩანს, ბოლო ხანს ვალერი კვარაცხელიას და ძმათა მისთა მსუყე ლუკმა მიუგდეს (ზოგჯერ მეშინია ყელზე არ დაადგეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, მაგათ ყელი სპეცშეკვეთაა და ამგვარ ლუკმასთან ადაპტირებულია) და ესენიც აბობოქრდნენ.

ეს ვაიპატრიოტები თურმე ამდენ ხანს ითმენდნენ (ალბათ ლუკმის მოლოდინში) და თვალს ჩუმად ადევნებდნენ "ქვეყნის სვლას უფსკრულისაკენ", მაგრამ, აი, მოთმინების ფიალაც აევსოთ და ხსნა რუსეთში ერთბაშად იპოვეს. ახლა ეს კვარაცხელია და მისნაირები ხან ბათუმში არიან და ითხოვენ საქართველოში  კიდე უფრო დიდი რაოდენობის რუსეთის ჯარის შემოყვანას, ხანაც თელავში არიან და თავდაცვის ილეთებს იყენებენ (ალბათ რუსეთის ჯარში ნასწავლს), რათა კვერცხების წვიმისაგან თავი დაიცვან... მოკლედ, დადიან და ხალხს რუსეთის მესიობას უმტკიცებენ.

2008 წლის აგვისტოს ოკუპაციიდან 8 წელი გავიდა და თურმე ეს დრო საკამარისი ყოფილა ყველაფრის დასავიწყებლად. ამ "ლუკმათმოყვარე" რუსეთუმეებისგან გულწრფელად მაინტერესებს, რვა წლის წინ, ეს უშიშარი და ქვეყნის ბედზე მოდარდე ახალი მოდის პატრიოტები სად იყვნენ? გორში რომ ყოფილიყვნენ მაშინ, როდესაც მათ მესიად ქცეულმა რუსეთმა ბომბები არ დაიშურა ამ კოპწია ქალაქისთვის, ვფიქრობ, ასე არ იღავღავებდნენ… თუმცა ვინ იცის… ეგებ იდგნენ და ლოცულობდნენ კიდეც ერთმორწმუნე რუსეთთან საბოლოოდ ჩახუტებას. კი, ნამდვილად ასე იქნებოდა.

ნეტავ, ვალერის და მის მედროშეებს ოდნავადაც არ რცხვენიათ იმ გმირი ბიჭების სულის, ვინც სწორედ რუსულმა საოკუპაციო ჯარმა დახოცა. კვარაცხელიაზე და მისთანებზე არანაკლები უბედურება ისაა, რომ ისინი დღეს ამ ყველაფრის ხმამაღლა ლაპარაკს ბედავენ, ჩვენ კი იმაზეც ვერ ჩამოვყალიბებულვართ მარიხუანას მწეველი 18 წლის ბიჭი უფრო საშიშია ქვეყნისთვის თუ ვალერი კვარაცხელია და მისი მომხრეები.

"მეხუთე კოლონა" ყველაზე საშიში მტერია და თუ ის ძირშივე არ აილაგმა, ძალიან ცუდი შედეგი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას. იმედია,  ნეტარხსენებულ სუს-ში ამდენს ვიღაც მაინც ხვდება...

ამ ბოლო დროს ტელევიზორს რომ ვრთავ, განცდა მიჩნდება, რომ ჩვენი დიადი წამყვანების ახლო-მახლო ნახერხიც უნდა ეყაროს, რადგან ცირკი და ნახერხი განუყოფელია. მკითხავთ ცირკი რატომო? -  აბა, გადაცემაში ფიფიას, მარგიანს ან გრიშა ონიანს რომ მიიწვევ, რომელთაც NASA-ს უახლეს პროექტებსა და თანამედროვე გეოპოლიტიკაზე ვერაფერს ჰკითხავ, ცირკია, მაშ, რა არის?! ანდა, ცირკს რას ვერჩი, ამათი ლაპარაკი შესაძლოა სასაცილო კია, მაგრამ მავნებელიცაა... ცუდია რომ ნებსით თუ უნებლიეთ ამით ისევ ამ მარგინალური იდეების ტირაჟირება ხდება. 100 კაცი იცინის, მაგრამ დარწმუნებული ვარ ერთი მაინც გამოჩნდება,  ვინც ამ ყველაფერს სერიოზულად მიიღებს, მერე ეს ერთი შეიძლება ორი გახდეს და ა.შ.

პ.ს. ისე, ქართველებმა ვიცით რას აკეთებს კაცი უსაქმურობის ჟამს, თან გავიკითხე და მახათი გაიაფებულა, ჰოდა, ბატონო ვალერი, ეგ საქმე აკეთოთ სჯობს...