რა საერთო აქვს ატამბაევსა და თარხან-მოურავს? - პუტინის სიყვარულითა და მასონური ქათმის ფრთების სიძულვილით გამორჩეულები - კვირის პალიტრა

რა საერთო აქვს ატამბაევსა და თარხან-მოურავს? - პუტინის სიყვარულითა და მასონური ქათმის ფრთების სიძულვილით გამორჩეულები

საქართველოს ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ესტუმრა. რომის პაპისგან განსხვავებით, მისი ვიზიტი არავის გაუპროტესტებია, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს უფრო უნდა გაეპროტესტებინათ. რომის პაპი ჩამოვიდა, სიყვარულზე გველაპარაკა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოა. ასევე, ჩვენი პატრიარქი მოიხსენია, როგორც ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი (სხვათა შორის ამ საკითხს ყოველთვის გვერდს უვლის რუსეთის ეკლესია) და სხვ. ხოლო პატივცემულმა ალმაზბეკმა, პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა: "როდესაც ოკუპაციაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ერთი მხარე არ არის დამნაშავეო", მგონი, მერე მარგველაშვილმა გადაატანინა სიტყვა სხვა რამეზე, თორემ არ გამიკვირდებოდა ისიც ეთქვა, ომი ქართველებმა დაიწყეთო.

კი ბატონო, ყველამ ვიცით ატამბაევისა და რუსეთის პრეზიდენტის ფარული სიყვარულის ამბავი, ისიც ცხადია, რომ რუსეთი მისთვის და მგონი, მთელი ყირგიზული ელიტისთვის, ყირგიზეთზე მეტია, მაგრამ როცა ამხელა რანგის სტუმარი ვიზიტით სადმე მიდიხარ, თუ მომზადებული არ გაქვს რა თქვა, იმდენს მაინც უნდა ხვდებოდე, რომ სენსიტიურ თემას ან არ შეეხო ან კიდევ ისეთი რამე უნდა თქვა, რომ მასპინძელი არ გაანაწყენო. თუმცა არც ის გამიკვირდებოდა, ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ძვირფასი პუტინის სასიამოვნოდაც ეთქვა…

ისე, ყველაფერს რომ ბედი უნდა, არჩევნების მერე პირველივე სტუმარი რომ ასეთ რაღაცას გეტყვის კი უნდა დაფიქრდე, თუ ვინ აირჩიე, თუ არის იქ ისეთი ხალხი, ვინც ატამბაევსა და მისთანებს ამაზე საკადრის პასუხის გაცემს!

იმედია, ვინმე გამოჩნდებდა, თუმცა ასევე დიდი იმედი მაქვს, დავით თარხან-მოურავი არ ჩაერევა ამ საქმეში, თორემ სადაც გერმანული სოციულოგიური კვლევის კომპანია GFK (რომელმაც "რუსთავი2"-ის დაკვეთით ჩაატარა ეგზიტპოლი), სწრაფი კვების კომპანია KFC ეგონა და სულ ქათმის ფრთების გამყიდვლი ეძახა, არ გამიკვირდება ყირგიზეთი ყაზახეთში აერიოს და საქართველოში არსებულ ყველა ყაზახური ბიზნესის ქვეყნიდან გაყრა მოითხოვოს. თუმცა მეც მივედ-მოვედები რა, მაგას ატამბაევის ნათქვამი გაუხარდებოდა კიდეც, პატივცემულ ალმაზბეკზე ნაკლებად კი არ უყვარს უფალი პუტინი.

ისე, სწრაფ კვებაზე გამახსენდა და თუ რომელიმე ქვეყნის სათავეში, მოვა ვინმე, გვარად მაკდონალდსი, საინტერესოა, რა განცხადებას გააკეთებს ბატონი თარხან-მოურავი, ჰამბურგერების ფარული ბიზნესის ლობირებაში დასდებს ბრალს, თუ ჩიზქეიქი აღმოჩნდება მასონოური?!

ისე, ატამბაევმა ესეც თქვა: "მე ვარ იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც ორი რევოლუცია გაიარა. 2010 წელს, ჩვენს მაიდანზეც ასამდე ადამიანი დაიღუპა. ჩვენ ეს გავიარეთ, მაგრამ არ დაგვირეკავს მოსკოვში ან ვაშინგტონში. მე ყველა საკითხს თავად ვწყვეტდიო". პირველი პირისგან ტყუილი რომ ქართველებს არ გაგვიკვირდება, ოდესის გუბერნატორმაც კი იცის, მაგრამ ასეთი დიდ და ბარაქიანი ტყუილს სწორედ ისევ ჩვენი ოდესელიც თუ მოაწერდა ხელს.

ისე სტუმარ-მასპინძლობისა და დიპლომატიურ ეთიკას რა ვუთხარი და ეს ატამბაევი კი იყო გასაგდები ქვეყნიდან… წადი, ბიძია, მიხედე ყურგიზეთს და დაგვანებე თავი...

ჩვენ ჩვენი გვეყოფა რა...

პ.ს. მომდევნო ვიზიტით ვინ გვსტუმრობს არ ვიცი, მაგრამ, იმედი მაქვს არ იტყვის, დიდგორის ომი დავით აღმაშენებლის პროვოცირებული იყოო!