პრეზიდენტო ტრამპ, დაასაქმე მიშა, please! - კვირის პალიტრა

პრეზიდენტო ტრამპ, დაასაქმე მიშა, please!

"ამ ხუმრობა ხუმრობაში პირველი თვითმფინავი, რაც ვმართე, ტამპის ბოინგი იყო", - დაწერა "ფეისბუკის" პირად გვერდზე მოდელმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა მას მერე, რაც გაირკვა, რომ მსოფლოს ზესახელმწიფოს მართვის საადავეები მილირდერმა დონალდ ტრამპმა ჩაიბარა. მოდი და ნუ გაგიხარდება, როდესაც "მის სამყაროს" კონკურსში მონაწილე პატარა გოგო მსოფლიო მაგნატს ისე დაამახსოვრებ თავს, რომ საქართველოში ჩამოსული, შენ მოგიკითხავს... იმჟამინდელი პრეზიდენტი კი სხვა ლამაზმანებთან ერთად, მასთან ერთად სასიამოვნო საღამოს გასატარებლად დაგიძახებს... მერე კი ის მაგნატი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება.

"მაშინ, როცა ფოტოს ვიღებდი, არ მოველოდი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს გავიცნობდი...  ბათუმში, პიაცაზე გაიმართა პატარა კონცერტი, იქ ვმღეროდი და მაშინ გავიცანი ტრამპი; როდესაც მოვრჩი სიმღერას, ვესაუბრე; ხუთი წუთი ვილაპარაკეთ, ალბათ; ძალიან უშუალოა, ცეკვავდა კიდეც სიმღერებზე. ძალიან გაერთო, მოილხინა..." - ტრამპთან შეხვედრა ნინი ბადურაშვილმაც გაიხსენა...

მოკლედ, საქართველოში ტრამპს მეგობარ-მყვარებელი ცოტა აშკარად არ ჰყავს, მაგრამ მასთან მეგობრობის აფიშირებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ საააკაშვილს მართლაც ვერავინ შეედარა, ეს იყო ნამდვილად შეძრომაი საკვირველი!..

სააკაშვილი ტრამპის გამარჯვებით ბედნიერია. პრინციპში, როცა შენი "უახლოესი მეგობარი" ამხელა წარმატებას აღწევს კი უნდა გაგიხარდეს ადამიანს. მაინც რა იყოს ეს, უკრაინულ ოპოზიციაში გადაბარგებული მიშა "ფეისბუკის"  გვერდზე ყოველ მეორე პოსტს ბატონ დონალდს უძღვნის.

მომკალით და ვერ ვამტყუნებ, კაცი უმუშევარია (აგერ ცოლმაც უარი თქვა საპარლამენტო მანდატზე და დარჩა ოჯახი შემოსავლის გარეშე). ჰოდა, მეგობარს რომ თავი შეახსენოს, რაა ამაში ცუდი? ახლა, ისიც თუ კარგი და პატიოსანი კაცია, რამე სამსახურს როგორ ვერ უშოვის?! აბა, ის კარგი იყო, საქართველოში რომ ღვინოს ყლურწავდა და ულტრასასიამოვნო გარემოში ატარებდა დროს?!

როგორც ამბობენ, ახლა უკრაინაში მიშას მომავალი სწორედ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციაზეა დამოკიდებული, რამდენად დასჭირდებათ მათ სააკაშვილის ფაქტორი და მისი უკრაინის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა...

ეჰ, რას წარმოიდგენდა, ჩვენი ექსი, ექვსი წლის წინ, თუ სამსახურზე ხვეწნა დასჭირდებოდა...

კაცი ჯერ კარგად არჩეული არ იყო და მისი ფოტო "ფეისბუკზე" ქავერად რომ გამოფინა, მერე იყო და აი, უდღეურ "პანორამა" თბილისს აშენებენ და მსოფლიო დონის "ტრამპ თაუერის" აშენება შეაჩერესო (ალბათ, პირადადაც მიწერა დონალდს, ნახე რა ვთქვიო).

მერე თქვა: "რამდენიმე თვის წინ დავწერე ჩემ წიგნში, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან მაღალი ალბათობით გაიმარჯვებდა ტრამპი მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ყველა გამოკითხვაში ჰილარი კლინტონი ლიდერობდაო..."

ვიდრე ჩვენ ოდესის აწ უკვე ექსგუბერნატორი დავიწყებული გვყავდა, თურმე ტრამპი ურეკავდა: "პრეზიდენტობის შემდეგ ნიუ იორკში ჩავედი და დამირეკა ორ კვირაში. დამპატიჟა თავისთან. მაშინ მკითხა, ალბათ სხვა პრეზიდენტები აღარ გირეკავენო. ხომ ხედავ, მე შენ მეგობრად დავრჩიო, აღარ ხარ პრეზიდენტი, მაგრამ გპატიჟებ და პრეზიდენტი რომ გავხდები, მაშინაც დაგირეკავო", - დაწერა მიშამ, თუმცა კი მეჭვება... ეჰ, ეს ამბავი რომ მართალი იყოს, ამ შეხვედრის ფოტოს ატვირთვას დაგასწრებდათ ვინმე?!