რა აქვს საერთო რუსულ პროპაგანდასა და მაია ასათიანს? - კვირის პალიტრა

რა აქვს საერთო რუსულ პროპაგანდასა და მაია ასათიანს?

ვიდრე ვიზალიბერალიზაციას მოგვცემდნენ, სულ იმას ვწუხდი, ევროპის მამებმა ემანდ მაია ასათიანის "პროფილს" არსად მოკრან თვალი, თორემ დაგვრჩება უკან ევროკავშირიც და შენგენის ზონაც-მეთქი, ჩემი შიში უსაფუძვლო რომ არ ყოფილა, 2 თებერვალს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი - იმ დღეს, როდესაც ევროპარლამენტმა ქართველებს უვიზოდ მოგზაურობისკენ გზა გაუხსნა, ასათიანმა ისეთები დაატრიალა, ქვა ქვაზე არ დატოვა და არსრულწოლოვანი გოგონას "პატიოსნების" საკითხს ძირისძირობამდე ჩაჰყვა... ამ საკითხზე ლაპარაკს აღარ გავაგრძელებ, ვინც ნახეთ, გისამძიმრებთ ძვირფასი დრო ამაოდ დაგიკარგავთ, თუ არ გინახავთ, "დაიკიდეთ..."

მოკლედ, 2 თებერვალს ჩვენში ყველაზე ხშირად სულხან-საბა ორბელიანს ახსენებდნენ, ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ნამდვილად მის ახდენილ ოცნებად შეიძლება მივიჩნიოთ, თუმცა ჩვენში კვლავაც ბევრი რჩება რუსეთუმე, რომელთათვისაც ლამის ტრაგედიად იქცა ეს გადაწყვეტილება.

მათგან ზოგი რუსული პროპაგანდის მსხვერპლია, უმეტესობა თავადაა რუსული ნარატივის გამტარებელი...

ვიდრე ევროპა უვიზოდ მიგვიღებდა, რუსული პროპაგანდისთვის შექმნილ საიტებზე, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოშიც უხვადაა, არაერთი სტატია გაჩნდა, სადაც ევროპა სრულად იყო გათახსირებული, თითქოსდა იქიდან მოდიოდეს ყოველგვარი სიბილწე და გარყვნილება, ეს მაშინ, როდესაც პედოფილიის, ინცესტის და ყოველგავრი მსგავსი სისაძაგლის ბუნაგი სწორედ რუსეთია...

ისე, რა მოუხდებოდა რუსულ ტელესივრცეს მაია ასათიანი, თავისი "მჟავე", ნიანგის ცრემლებითა და პედოფილია-ინცესტზე მომზადებული გადაცემებით.

იმას ვამბობდი, რომ ეს საიტები ისე დარდობენ საქართველოს მომავალზე, თითქოს 2008 წელს სხვა ქვეყანა გვბომბავდა...

ყველაზე სასაცილო კი ის არის, როგორ აბოლებენ რუსული საიტები რუსეთის მოქალაქეებს, რომ თითქოს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა ევროპარლამენტმა გადადო, რაც ძალიან სასაცილოა... მაგალითად, ერთ-ერთმა ცნობილმა ვებპორტალმა "ლენტა.რუმ" პირდაპირ საკითხი გაშალა რატომ გადადო კენჭისყრა ევროპარლამენტმა, ჩვენებურმა რუსეთუმეებმა კი ეს დეზინფორმაცია პირდაპირ აიტაცეს და ლამის ისიც კი დაწერეს, რომ ჩვენ გვატყუებდნენ, სინამდვილეში კი საკითხი გადადებული იყო...

მოკლედ, რაც მთვარია მოსახდენი მოხდა და საქართველო თავის ევროპულ ოჯახს დაუბრუნდა. ახლა მთავარია ევროპელობა შევიშნოვოთ, გავისიგრძეგანოთ და ვიზები იმ ცუდი საქმისთვის არ გამოვიყენოთ, რის გამოც თავს იკავებდნენ, რომ ვიზები მოეცათ.

დარწმუნებული ვარ, რუსული პროპაგანდა გაასმაგებული ძალით დაიწყებს მტკიცებას, რომ ევროპაში ბავშვებს "ჭამენ" და ევროპა მხოლოდ სიბინძურის ბუდეა, მაგრამ ქართველებმა უკვე გავაკეთეთ არჩევანი და იმათ ვისაც ეს არჩევანი არ მოსწონს, შემიძლია ჩემი ხელფასით ავუღო მოსკოვის ბილეთი (მხოლოდ ერთი გზა - წასვლა), რათა წავიდეს იქ, სადაც გული უწევს. ბუნებრივია, კეთილ ფრენას ვუსურვებ.

პ.ს. ახლა იმას ვდარდობ, ევროპელებმა ასათიანის გადაცემა არ ნახონ და ეგრევე შეჩერების მექანიზმი არ აამოქმედონ...