"მამა, შენ საუკეთესო ხარ" - როცა კაცებიც ზრუნავენ...
"მამა, შენ საუკეთესო ხარ" - როცა კაცებიც ზრუნავენ...
"მამა, შენ საუკეთესო ხარ" - ცოტა ხნის წინ ქალაქში მსგავსი წარწერის ბანერები გამოჩნდა. ბანერებზე შვილები მამებს ეუბნებიან, რომ ისინი საუკეთესო მუსიკოსები, მზარეულები, თამადები, მფრინავები, მძღოლები, მშენებლები მორაგბეები და მხატვრები არიან.

ბანერებზე აღბეჭდილი არიან კამპანიის - "კაცები ზრუნავენ" მონაწილეები შვილებთან ერთად. ფოტო-პროექტში მონაწილეობით ისინი სხვა მამებს მოუწოდებენ, მეტი დრო დაუთმონ შვილებსა და ოჯახს. კამპანია "კაცები ზრუნავენ" გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა 2016 წლიდან, არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-თან თანამშრომლობა წამოიწყო გაეროს
ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში.

დედის როლზე ბავშვის აღზრდაში უამრავი დაწერილა (ალბათ კიდევ ბევრი დაიწერება), რატომღაც ძალიან ცოტას წერენ მამების როლზე, მაშინ როცა დედაზე არანაკლები როლი გვაქვს მამებსაც…


პირადად ჩემთვის მამობა არაა რუტინა, უფრო ყოველდღიური გაკვეთილებია, რომლის დროსაც ძალიან ბევრს ვსწავლობ. მე და ჩემი პატარა
ნენე, ერთმანეთს უამრავ რამეს ვასწავლით, შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, თუმცა 5 წლის ბავშვისგანაც ძალიან, ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. მიუხედავად სამუშაო გრაფიკისა, ნენემ იცის რომ დღეში მინიმუმ 1 საათი მისია და ამ დროის განმკარგავი ისაა. ამიტომაც ხშირად მიწევს ვიყო გემი, რომელსაც შტურმანი ოთახიდან ოთახში დააგელვებს, ხშირად ავტობუსი ვარ და ნენე მგზავრი. მთელი მაღაზიაც ვყოფილვარ და ნენე კი ერთად 1000 მყიდველი (ზოგჯერ პირიქითაც). ვერ ვიტყვი რომ არ ვიღლები, პირიქით ძალიან ვიღლები ხოლმე, მაგრამ ნენეს უხარია, ბედნიერია და რაც მთავარია, იცის, რომ ჩემი სახით ჰყავს მეგობარი, რომელიც ყოველთვის გვერდში დაუდგება. ეს ჩემთვის ყველა სამსახურზე მეტია...

ნენე ჩემი უერთგულესი მეგობარია, ის საყრდენია, რომელზეც ჩემი მომავლის აშენებას ვგეგმავ, მართალია, ჩემს მომავალს ჯერ მხოლოდ ერთი საყრდენი აქვს, მაგრამ ვიცი, რომ ნელ-ნელა მოემატება საყრდენები და რაც მთვარია, მეცოდინება იმ საყრდენებთან ურთიერთობა.

მამობამ ძალიან შემცვალა, დამაძლევინა სიზარმაცე. ადრე თუ ყველაფერს საკუთარი თვალით ვაფასებდი, ახლა ხშირად ნენეს თვალით ვუყურებ. ვცდილობ, უფრო მეტი ვიშრომო, რომ ნენე კარგად იყოს, მერე სხვა ნენეებიც კარგად იყვნენ. მამობა ძალიან დიდი ბედნიერებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა შვილის აღზრდაში ბოლომდე ხარ ჩართული, მასთან ერთად დგამ პირველ ნაბიჯს, პირველ სიტყვასაც მასთან ერთად ამბობ და ყველაფერი პირველი ერთად გახარებთ.

ცოტა ხნის წინ, ბლოგის წერა დავიწყე - წერილები ნენეს. სადაც ნენეს ვუყვები იმაზე, რაც თავს გადახდა, მინდა, როცა გაიზრდება, მხოლოდ ჩემი მონაყოლიდან არ იცოდეს თავისი ბავშვობა. წერილებს მანამ მივწერ, ვიდრე პირველ წერილს წაიკითხავს, მერე თუ სურვილი ექნება თავად დაწერს დღიურს, მე დავეხმარები.

სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი შვილის აღზრდაში დედის როლს მიიჩნევს პრიორიტეტულად. შეიძლება ეს ცხოვრების წესის ბრალიცაა, მაგრამ უფრო მეტად სტერეოტიპის გავლენაა. "კაცები ზრუნავენ" ძალიან დროული კამპანიაა, რადგან არაერთი კვლევის თანახმად, მამაკაცები უარს ამბობენ ბავშვების აღზრდაში აქტიურ მონაწილეობაზე. იმედია პროექტი თავის მიზანს შეასრულებს და მამებს გაგვახსენებს, რომ შვილებს გაცილებით მეტი დრო უნდა დავუთმოთ.

ბავშვებისთვის მამა ყოვლისშემძლე იდეალია, რომელმაც თუ მოინდომა, შეუძლია მთელი მსოფლიო ცალი ხელით მაღლა აწიოს, ჰოდა, ასეთ მამებთან ძალიან უყვართ ყოფნა, ბედნიერები და ლაღები ხდებიან, ამიტომ ხშირად ვიყოთ ჩვენ შვილებთან ერთად და დავიმახსოვროთ, რომ შვილებზე კაცები აუცილებლად უნდა ზრუნავდნენ!

გია
17 მარტი 2017 12:22
მამასაც იგივე როლი აკისრია შვილის არძრდაში, რაც დედას. ფვიქრობ უფრო საინტერესოა მამის ურთიერთობა შვილებთან და სასიამოვნოც. ერთგვარი სტუმულიც არის ორივე მხარისთვის ყოველ დღიურ ცხობრებაში. უფრო საინტერესოა მამა შვილური ურთიერთობა მეგობრულ სტატუსში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები