იმედგაცრუებული ბუკიკიო: ვა-ვა კონსტიტუცია! - გაბრაზებული "თფილისელების" კანდიდატი და "სოფლელ-მილანელი" კალაძე - კვირის პალიტრა

იმედგაცრუებული ბუკიკიო: ვა-ვა კონსტიტუცია! - გაბრაზებული "თფილისელების" კანდიდატი და "სოფლელ-მილანელი" კალაძე

როდესაც პატარა ბავშვს აჭმევენ, მაგრამ ის ჯიუტდება, ასეთ დროს ყურადღების გადასატანად უამრავ მეთოდს მიმართავენ ხოლმე, ცდილობენ გაართონ  და მერე ყურადღება გაფანტულ პატარას, უცებ ჩაუდონ საკვები პირში და ისიც იძულებული ხდება გადაყლაპოს. რატომღაც ეჭვი მაქვს, რომ დაახლოებით ასეთი ფუნქცია აქვს ალექსანდრე ჯეჯელავას, რომელიც ყოველ ამბავს ეხმაურება და ისეთ განცხადებას აკეთებს, რომ კარგა ხანს საზოგადოება მის ნათქვამზე მსჯელობს, ამასობაში კი არაერთი მნიშვნელოვანი ამბავი ხდება.

სწორედ ასე მოხდა გასულ კვირასაც, როდესაც საქართველოს, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ეწვია. ნახა კაცმა უკვე ერთხელ ნანახი და შეფასებული ცვლილებათა პაკეტი და პირკატა ეცა (არ ვიცი, ბუკიკიოს მშობლიურ ენაზე, "პირკატა" როგორ ითარგმნება, მაგრამ როგორც ითარგმნება სწორედ ის ეცა...). "ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვხდები", - განაცხადა ბუკუკიომ, რაზეც ჯეჯელავამ უპასუხა: "იმედგაცრუება შეიძლება სუსტ ან ძლიერ ზმნად გამოვიყენოთო".

ჰოდა, ბუკიკიო ვიღას ახსოვდა, ყველა ჯეჯელავაზე გადაერთო, მთელი ქვეყანა "ღიპუცა" ჯეჯელავას "ენამოსწრებულობას" განიხილავდა...

ბუკიკიოს, თუ კონსტიტუციის დანახვაზე ეცა პირკატა, ირაკლი კობახიძეს, ბუკიკიოს განცხადებაზე დაემართა იგივე.

კი დაიქადანა ასე და ისე მომივიდეს, გადავდგე თანამდებებობიდან თუ ვენეციის კომისია და ბუკუიკიო გავაბრაზოო, მაგრამ გააბრაზა მაინც...  ახლა კი ის დროა მიდიოდეს პარლამენტის თავმჯდომარეობიდან, მაგრამ რად გინდა... ისე ეგ პირველი პირობა არ იქნება, რომელსაც "ქართული ოცნება" არ შეასრულებს...

ჩვენი საწყალი კონსტიტუცია კი კვლავაცა ჭრა-კერვის პროცესშია, ყველა თავისთვის ექაჩება და ერთხელაც იქნება ალაბათ შაგრენის ტყავივით შემოგველევა ხელში.

ისე, ბარემ მოვრჩები კობახიძეზე ლაპარაკს, ამბობენ, მალე თავისი ნებით არა, მაგრამ სხვათა წყალობით მაინც მოუწევს თანმდებობის დატოვებაო... არა უშავს პატარა ბიჭია ჯერ, წავა ისწავლის რამე ბუკიკიოს გაცურების გარდა და დაიგვიბრუნდება, ბოლოს და ბოლოს პირველი ხომ არ იქნება განალებას თანამდებობაზე ყოფნის მერე რომ მიიღებს...

მოკლედ, ამ კვირაში დიდი ბუკუკიოობა გვქონდა, ისეთ დიდი რომ კინაღამ ყველამ მიივიწყა გაბრაზებულ თბილისელებზე მზრუნველი რაინდი, რომელმაც მიატოვა 9 საათიანი "კურიერი" და გადაწყვიტა თბილისის მერად მოგვევლინოს. ისე, ზალიკო უდუმაშვილს ერთ რჩევას მივცემ, წინასაარჩევნო დაპირებების დრო მოსახლეობას უთხრას - ისეთ თბილისს გპირდებით, 2012 წლამდე, "კურიერში" როგორსაც გიხატავდითო, უბრალოდ აქ ერთი პრობლემაა, შეიძლება ელენე ხოშტარიას მხარდამჭერი უგულავა გამოვიდეს და თქვას, მაშინ გატყუებდათ ზალიკო და სულაც არ იყო თბილისი ეგეთიო. ისე, თუ მაინც ასე ქნა ზალიკომ, ვერ გეტყვით რამდენი დაუჯერებს მაგრამ ცხადია, რომ ამაზე კარგ დაპირებას ვერ მისცემს, თანაც ტყუილის თქმა ერთხელ ჭირს და როცა უკვე ნათქვამი გაქვს, გამეორება უიოლესი საქმეა, ჰოდა, "კურიერის" წამყვანს ეს გაუჭირდება?!

მერობის საკუთარი კანდიდატი წარადგინა "ქართულმა ოცნებამაც", პრინციპში კანდიდატი გააოფიციალურა, თორემ აქამდეც ყველამ ვიცოდით რომ "ოცნებიდან" მერობისთვის კახი კალაძე იბრძოლებდა. კალაძის წარდგენასთან ერთად, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა დაიწყო ის რაც ჯერ კიდევ დავით ნარმანიას წინასაარჩევნო კამპანიას მიჰყვებოდა ლაიტმოტივად, აი ის, -  თბილისის მერი აუცილებლად თბილისელი რომ უნდა იყოს.

ისე, ეს "ქართული ოცნება" სოფლელების და მილანელების პარტიაა რა, ერთი კაცი ვერ იპოვეს ძირძველი დედაქალაქელი იყოს, აი, პირდაპირ იმ ხოხბის შთამომავალი, ჩვენ რომ ვიცით...

მე თუ მკითხავთ, კალაძის ყველაზე ნაკლები ნაკლი ეგაა... ფაქტია, ეს კაცი თვალსა და ხელ შუა პოლიტიკოსად ყალიბდება, მაგრამ, არა მგონია, ახალმოდის პოლიტიკოსად, უფრო შევარდნაძის კლანურ-კორუფციული სტილის ლიდერად და მის ხელში დიდი ძალაუფლება შესაძლოა ძალიან საშიშიც აღმოჩნდეს, თუმცა შეიძლება ვცდები კიდეც...

ფაქტობრივად, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება უკვე ძალაში შედის ახლა ერთი მთავარი კითხვა რჩება - რა ფორმით ჩაერთვება, ან ჩაერთვება თუ არა საერთოდ საარჩევნო კამპანიაში ბიძინა ივანიშვილი...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს