რა ეშველება "რუსეთუმეს" ტვინში მობრიალე ხანძარს?! - კვირის პალიტრა

რა ეშველება "რუსეთუმეს" ტვინში მობრიალე ხანძარს?!

ზუსტად 9 წლის წინ, ბორჯომის ხეობაში, იქ, სადაც დღესაც ქართველი მეხანძრე-მაშველები მასშტაბურ ხანძარს მეგობარი ქვეყნების სამაშველო ჯგუფებთან ერთად ებრძვიან, კიდევ უფრო მასშტაბური ცეცხლი მძვინვარებდა, თუმცა მაშინ ქვეყანას არც ეცალა ბორჯომის ხეობისთვის, რადგან ლამის მთელი ქვეყანა იყო ცეცხლში გახვეული...

მაშინ 1100-ზე მეტი ჰექტარი გადაიბუგა... სწორედ ისე, როგორც წლების განმავლობაში ათასი ჯურის მომხდური და მოძალადე უკიდებდა ცეცხლს ქართულ სანახებს, 21-ე საუკუნის დამპყრობელმა რუსეთმა გააჩანაგა უნიკალური ტყე, არ ეყო მიტაცებული ტერიტორიები და ათასობით მოკლული ჩვენი თანამემამულე...

ეს იმათთვის გავიხსენე, ვისაც მოკლე მეხსიერება აწუხებს, ვინც ოკუპაციაზე საუბარს როგორც კი ვიწყებთ, რატომღაც საუკუნეების წინანდელ ომებს იხსენებენ და ასეთ ვითომ მიამიტურ, თუმცა მოღალატეობრივ კითხვას სვამენ, თუ რუსეთი ოკუპანტია, თურქეთი ვინ არის?!

რა საოცარია, როდესაც 9 წლის წინ მომხდარი არ ახსოვთ, ამ უფრო ადრე მომხდარ ისტორიებს როგორ იხსენებენ... დიახ, საუკუნეების განმავლობაში საქართველოს სულ სისხლის ფასად უწევდა საკუთარი მამულის, ენისა და რწმენის დაცვა, შესაძლოა, ტერიტორიული პრობლემები ყველა მეზობელთან გვქონდეს, მაგრამ დღეს, ჩვენს სინამდვილეში, პირადად მე, შენ და ყველა დანარჩენს, ვისაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა დღევანდელ საქართველოზე გვაქვს, მიწა რუსეთმა წაგვართვა (დროებით, რა თქმა უნდა); მან დაარღვია ის საერთაშორისო წესრიგი, რაც მსოფლიოში ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა; მან დაგვიხოცა საჯიშე ბიჭები მოყოლებული გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან (შორს რომ აღარ წავიდე), რუსეთი გვაყრიდა ბომბებს თავზე...

ამიტომაც, სწორედაც რომ ამორალური იყო რუსეთის შემოთავაზება, რომ თურმე ხანძრის ჩაქრობაში დაგვეხმარებოდნენ და კიდევ უფრო ამორალურია ის ხალხი, ვინც ამტკიცებს, რომ ეს დახმარება უნდა მიგვეღო...

ხანძარი ჩაქვრება, დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში საზღვრებიც ათასნაირად შეიცვლება, საერთო ინტერსებმა შესაძლოა ოდესმე რუსეთთანაც კი დაგვამეგობროს, მაგრამ ახლა არა, ჯერ ამის დრო არ არის! ჯერ მტერში მტერი უნდა ვიცნოთ, მით უფრო, რომ ამ გახშირებულ ხანძრებში სულაც არ არის გასაკვირი სწორედ, ამ ერთი შეხედვით, უხილავი მტრის ხელი ერიოს...

სასაცილოა ზოგიეთის მტკიცება, რომ თურმე რუსეთს ისეთი შვეულმფრენები ჰყავს 400 ტონა წყალი რომ გადააქვს და ერთი გადაფრენით აქრობს მასშტაბურ ხანძრებს, უკაცრავად და 400 ტონა რამდენია საერთოდ წარმოდგენა თუ გაქვთ ან იქნებ, გგონიათ, რომ თქვენსავით ტვინდაბნელებული ჩვენში ბევრია?!

სხვათა შორის, ზოგ-ზოგიერთის მეგობარი რუსეთი დაახლოებით 2 თვეა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვისპირას, ხანძრისგან თავისდასაცავად თხრილებს ავლებს, ნეტავ რატომ?!. პუტინს ეზმანა ვითომ ავი სიზამრი?!

წარმოიდგინეთ, რუსეთისგან ყბადაღებული დახმარება რომ მიგვეღო, როგორ გაშლიდა ფრთებს რუსული პროპაგანდისტული მანქანა.

რუსეთისთვის დახმარების თხოვნა იმას დაესმგავსებოდა, მოძალადე რომ სახლში შემოგივარდეს, დედა გაგიუპატიუროს, დედა დაორსულდეს და 9 თვის მერე ისევ ამ მოძალადეს მოანათლინო ბავშვი.

ხანძარის ლოკალიზება აუცილებლად მოხდება, გარდა გმირი ქართველი მეხანძრე-მაშველებისა, გვერდში გვიდგანან მეგობრები, მაგრამ "რუსეთუმეს" ტვინში მობრიალე ხანძარი როგორ უნდა ჩაქვრეს, ეგ არ ვიცი, არადა... ტყის ხანძარზე არანაკლებ საშიშია ეგეთი ტვინები.

პ.ს. ჰო, იმ ყოვლისშემძლე თვითმფრინავების მქონე ქვეყანაში 2010 წელს 300 000 ჰექტარი გადაიწვა, ხანძარი დაახლოებით 2 კვირას მძვინვარებდა... და სხვათა შორის, რუსეთში ახლაც ხანძარია, როსტოვში 100-ზე მეტი საცხოვრებელი დაიწვა და ცეცხლის ლოკალიზება ჯერ ისევ ვერ ხერხდება.