შესაძლოა ბევრისთვის მკრეხელურს ვამბობ, მაგრამ... ანუ რატომ "მონათლეს" ეკლესიის მტრებად "რესპები" - კვირის პალიტრა

შესაძლოა ბევრისთვის მკრეხელურს ვამბობ, მაგრამ... ანუ რატომ "მონათლეს" ეკლესიის მტრებად "რესპები"

თავდაპირველად იმას დავწერ, რომ "რესპუბლიკური პარტიის" მხარდამჭერი არ ვარ. ამით იმიტომ დავიწყე, რომ ჩვენთან როგორც წესი, ბოლომდე არც კლიპებს უსმენენ და არც ნაწერის კითხვით იწუხებენ თავს. მთავარია სათაური ჰქონდეთ წაკითხული და მერე იდებატებენ კიდეც. ასე მგონია, "რესპუბლიკური პარტიის" ახალ კლიპზეც ასეა. საქმეში რომ გაგარკვიოთ, მოკლედ გეტყვით, რომ "რესპუბლიკურმა პარტიამ" საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე გაავრცელა წინასაარჩევნო კლიპი სათაურით "ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი ეკლესია და დამოუკიდებელი თვითმმართველობა!". (წყარო)

ამ ვიდეოს ძალიან ბევრი ნახვა, გაზიარება და კომენტარი აქვს. კომენტარების უმეტესობაში კი პარტიას ლანძღავენ. გაიგეს ფრაზა - ეკლესია საშიშია და "რესპები" მაშინვე ერის და ეკლესიის მტრებად "მონათლეს", თუმცა არ მოუსმენიათ, რომ ეს პატიოსანი ხალხი ამბობს - მართული ეკლესია საშიშია. ჰოდა, ეს ფრაზა ტყულია?! ერთადერთი, რაც მართულია და არაა საშიში მარიონეტია, დანარჩენი ყველა ტიპის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც სხვისაგან იმართება საშიშროებას წარმოადგენს. ჰო, "რესპუბლიკელებს" ის ადამიანები აღიქვამენ ქვეყნის დამანგრევლად, რომლებიც ხსნას რუსეთში და სხვათა შორის რუსეთის ეკლესიაში ხედავენ. იმ ეკლესიაში, რომელიც ოკუპირებული რეგიონების აღიარებას არ ერიდებიან...

გავაგრძელოთ კლიპი - "ჩვენ საპატრიარქომ არ უნდა გვმართოს", იქვე მოყვება - "არც ხელისუფლებამ უნდა მართოს ეკლესია". ეს ნათქვამი ცუდია, ტყუილია თუ რატომ არიან ამის მთქმელნი ქვეყნის ამომგდებები?! დარწმუნებული ვარ, პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი ასე ფიქრობს, მაგრამ იციან, რომ ამის თქმა არაპოპულარული იქნება, მით უფრო წინასაარჩევნოდ და არ ამბობენ. "რესპუბლიკელებს" კი ეყოთ ძალა და თქვეს, რომ ეკლესიამ და სახელმწიფომ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა იარსებონ. ერთმანეთის საქმეში ჩარევა ეკლესიასაც ვნებს და სახელმწიფოს ხომ ვნებს და ვნებს.

კლიპში ამბობენ - "საპატრიარქოში რუსული გავლენებია". მე, უბრალო მოქალაქეს და (შეიძლება ამ ბლოგის მკითხველისთვის გასაოცრად) ეკლესიის მრევლს, მაქვს კითხვები, რატომ არ ვცემთ პასუხს რუსეთის ეკლესიის გამოსვლებს ოკუპაციასთან მიმართებაში და ასევე, რატომ ქადაგებს ზოგი მღვდელი, რომ ხსნა ისევ რუსეთშია (რუსეთი რაა და ვინაა ამის ახსნას აქ არ მოვყები), თუ ეს ყველაფერი გავლენების ბრალი არაა და ჩვენი ნებით ხდება, მაშინ კიდევ უფრო უარესად ყოფილა საქმე, ვიდრე მგონია.

შესაძლოა ბევრისთვის ძალიან ცუდს და მკრეხელურს ვამბობ, მაგრამ ეკლესიას ბიზნესიც აქვს და ეს ძალიან ცუდია. ვიცი, რომ სასულიერო პირი ერთი ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც ჰყავს ოჯახი, ამ ოჯახს რჩენა სჭირდება და ამისთვის ამა თუ იმ საქმიანობას ეწევა, ასევე ისიც ვიცი, რომ მონასტრებს სჭირდებათ სარჩო და ამისთვის სხვადასხვა საქმიანობას ეწევიან, მაგრამ მაშინ მრევლი რაღას აკეთებს?! რამდენადაც ვიცი, ადრე მონასტრები მრევლით არსებობდა და ახლა გახდა მრევლით არსებობა შეუძლებელი?! მონასტერს რომ ფუტკარი ჰყავს და შრომით მიღებულ თაფლს ჰყიდის და ამით ისევ მონასტერს ამშვენებს ამაზე ხმას არავინ იღებს, მაგრამ ზოგჯერ უაზროდ რომ იხარჯება ფული ეგეც ხომ ვიცით?! თანაც ეს ბიზნესი მაშინ ჩანს ძალიან ცუდად, როცა ეკლესია უზარმაზარ დაფინანსებას იღებს სახელმწიფოსგან.

ჩემი აზრით, სწორედ ამ დაფინანსების ბრალია, რომ დღეს ეკლესიას რეპუტაცია აქვს შელახული. ადამიანი, რომელიც არაა ეკლესიის წიაღში, პირველ რიგში სწორედ იმაზე აპელირებს, რომ დღეს ეკლესია და ფუფუნება ერთგვარად სინონიმებად იქცა და ეს სწორია?! ამას არ ვწერ ჩასაფრებულის პოზიციიდან, უფრო მტკივა ეს ამბავი და იმიტომ ვწერ. მორწმუნემ შეიძლება ახსნას, რომ რაც ხდება არის განსაცდელი, მაგრამ ურწმუნოს არ ესმის განსაცდელის არსი, იმას ცოცხალი მაგალითი უნდა, სადაც სასულიერო პირი ლუკმას უყოფს მრევლს და მერე შეიძლება ისიც გახდეს მორწმუნე, ჰოდა სადაა ეს მაგალითი?!

ისევ კლიპს მივყეთ - "ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი ეკლესია". კლიპის კომენტარების ავტორებიდან რომელი მეტყვის ან ამიხსნის, რომ დამოუკიდებელი ეკლესია ცუდია. ამაზე კარგი, თვითონ ეკლესიისთვის მგონი არაფერი იქნება და მაშ რატომ ვეწინააღმდეგებით?!

ე.წ. მორწმუნე საზოგადოებაში, ერთგვარ ტრენდად იქცა "რესპუბლიკური პარტიის" ლანძღვა. მაშინვე მოღალატის იარლიყს მიაკერებენ ვინც ეკლესიას გააკრიტიკებს და რაიმე ნაბიჯს ნეგატიურად შეაფასებს. არადა ცოცხალი ორგანიზმი, სწორედ მაგით განსხვავდება მკვდრისაგან, რომ ზოგჯერ ცდება კიდეც, მართლმადიდებლობაც იმით განსხვავდება, თუნდაც მოძმე კათოლიციზმისაგან ( ამ "მოძმის" გამო, ვიცი ინკვიზიცია მელის), რომ მართლმადიდებლობაში უცდომელი არავინაა. წმინდა მამებს აქვთ ნათქვამი "არ არს კაცი რომელი ცხონდეს და არა სცოდოსო", ჰოდა მაშინ ეკლესიის ყველა ნაბიჯი რატომაა ურყევი ჭეშმარიტება? რატომაა დანაშაული კითხვის დონეზე მაინც აზრის გამოხატვა?!

წერის პროცესში, წინასაარჩევნოდ "რესპუბლიკური პარტიის" სარეკლამო ბლოგი კი გამომივიდა, მაგრამ იმედია შემინდობთ, რადგან მორწმუნე ადამიანის უმთავრესი ღირსება ხომ მიტევება და შენდობაა.

პ.ს. ვიდრე კომენტარებში დაწერთ: სოროსის მონავ, სოროსის ფულებით გამდიდრებულო და ა.შ. მეზობლის "ბუტკის" მისამართს მოგცემთ და იქნებ, ხელფასამდე აღებული ნისია დამიფაროთ, თორემ ბიძია ჯორჯი ძალიან აგვიანებს ფულის ჩარიცხვას.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს