მეჭიაურის მანქანის "კაპოტიდან" დანახულ თიანეთსა და საქართველოს გაუმარჯოს! - კვირის პალიტრა

მეჭიაურის მანქანის "კაპოტიდან" დანახულ თიანეთსა და საქართველოს გაუმარჯოს!

არ ვიცი, თიანელებს უნდა მივულოცო თუ მივუსამძიმრო...

ბოლო ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თამაზ მეჭიაური თიანეთის მერი გახდება. ერთადერთი იმედი მაქვს, რომ თამაზ მეჭიაურისა და ზაქარია ქუცნაშვილის საუკუნის დებატები არჩევნებამდე რომ გამართულიყო, თიანეთის მოსახლეობა არც ერთს მისცემდა ხმას და არც მეორის ფავორიტს დაუჭერდა მხარს...

ნუთუ ამ პატარა და კოპწია მთიან რაიონში არ მოიძებნება უფრო ღირსეული, უფრო კეთილშობილი და სულ ოდნავ მაინც წესიერი ადამიანი, რომელიც რაიონის ხელმძღვანელობას იტვირთებდა... დარწმუნებული ვარ, მოიძებნება, მაგრამ...

როგორც ამბობენ, წესიერი ადამიანები პოლიტიკაში არ მიდიან, არადა, რა სამწუხაროა...

ნორმალურ ქვეყნებში, ასეთი დებატების მერე (არ აქვს მნიშვნელობა, ვინაა მართალი და ვინ მტყუანი) პოლიტიკოსი, როგორც პოლიტიკოსი სრულდება, თუმცა როგორც უკვე ვთქვი ნორმალურ ქვეყანაში.

მაგრამ მეეჭვება ასეთ ქვეყანაში მსგავსი დებატები ყოფილიყო, რადგან ნორმალურ ქვეყნებში ადამიანს, რომელიც თურმე კორუფციის ჭაობშია ჩაფლული, აქვს ცუდი სახელი, არის ლოთი და არაფრის მაქნისი, მამიდაშვილისშვილი არათუ საპარლამენტო კომიტეტს არ ჩააბარებს, არამედ ყველაზე პატარა თანამდებობაზეც კი არ გაუწევს რეკომენდაციას.

გუშინდელი დებატების მერე, სხვა რამეზეც მწყდება გული, ზაქარია ქუცნაშვილს, თამაზ მეჭიაურის ყოფილი ცოლის, თამარ მეჭიაურის სიმღერა - "მოღალატე, მოღალატე" , რომ არ გაახსენდა, თორემ იმ მონაკვეთის, სადაც ზაქარია, მეჭიაურს ამუნთებდა 9 პარტია გაქვს გამოცვლილიო, საუნდტრეკად ზუსტად რომ გამოდგებოდა.

ისე, მხოლოდ ცუდის დანახვა არაა სწორი საქმე, როგორც ჩანს, ბატონი თამაზ მეჭიაური, კარგად იცნობს არა მხოლოდ თიანეთის, არამედ მთელი ქვეყნის პრობლემებს, ბიოლოგიაშიც კარგად ერკვევა და უწყის, რომ მავნებელს, რომელსაც ბიოლოგიურად ფაროსანა ჰქვია, ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში ცუანას ეძახიან. ამიტომაც ეძახა ოპონენტს ცუანა, რადგან ზაქარია ისეთივე მავნებელი ჰგონია როგორც ფაროსანა.

არ ვიცი, რამდენად მართალი იყო ზაქარია, როდესაც ამბობდა რომ "ქართულ ოცნებაში" მე მივიყვანე მეჭიაურიო, მაგრამ არ გამიკვირდება მართლაც ასე იყოს, რადგან, თუ ნათესავი გთხოვს დახმარებას და შენ უარს ეტყვი (მისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე), მთელი სანათესაო გაგლანძღავს და ერთი არ იტყვის, რომ მას ვისაც უარი უთხრეს არ აქვს ამა თუ იმ თანამდებობისთვის შესაფერისი უნარები. ხშირად, სწორედ ეს გარემოება ხდება ნეპოტიზმის საფუძველი, არავის უნდა საკუთარი სანათესაოს გადამტერება, თან იმედი აქვს რომ ნათესავი გაუმართლებს.

მეჭიაურს ჰკითხეს რას აპირებთ, თიანეთის მართვის თქვენეული სტრატეგია როგორიაო და უპასუხა, წავალ ახლა აქედან "კაპოტზე" გავშლი სუფრას და ძმაბიჭებთან ერთად გადავკრავ ერთ-ორ ჭიქასო...

ნამდვილად მისალოცად აქვთ საქმე თიანელებს... და მარტო ამიტომ კი არა, წარმომიდგენია უახლოესი წლების განმავლობაში ეს რაიონი როგორ იქცევა მეჭიაურისა და ქუცნაშვილის ორთაბრძოლის ასპარეზად, რომლის დროსაც ყველაზე მეტად ხალხი დაზარალდება...

მაშ, ასე, მეგობრებო, მეჭიაურის მანქანის "კაპოტიდან" დანახულ თიანეთსა და საქართველოს გაუმარჯოს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს