ჩემი ღმერთი კეთილია - კვირის პალიტრა

ჩემი ღმერთი კეთილია

ამ ცოტა ხნის წინ, ჩემი მეგობრის 4 წლის შვილს, საბავშვო ბაღში, მასწავლებელმა უთხრა: ცუდად არ მოიქცე, თორემ ღმერთი დაგსჯისო.

ეს ამბავი შეიძლება არც გამხსენებოდა, რომ არა ბოლო პერიოდის მოვლენები, სადაც საზოგადოების ერთი ჯგუფი, მეორე ჯგუფს სწორედ ღმერთით აშინებდა და ღმერთისაგან მოსალოდნელი სასჯელით ცდილობდა მათ დაშინებას. დღეს, სოციალური ქსელი ყველა ჩვენგანის ცხოვრების ნაწილია, შესაბამისად, ყველაზე დიდი ამბები სწორედ იქ ხდებოდა...

ეკლესიაში როცა დავიწყე სიარული, პირველი რაც მითხრეს ის იყო, რომ ღმერთი ყველაზე კეთილია, მას შეუძლია ყველაფერი მოგვიტევოს, ბუნებრივია თუ შევინანებთ, ჩემთვის არავის უთქვამს რომ ღმერთი სადამსჯელო რაზმის ხელმძღვანელია, არადა, იმ 4 წლის ბავშვს, რომ არა მისი მშობლების სწორი მიდგომა, სწორედ ასეთი ეგონებოდა ღმერთი...

ღმერთი სიყვარულია, მთელი ქრისტიანული მოძღვრებაც სწორედ ამ სიყვარულზეა დაფუძნებული, რომ არა სიყვარული, მამა ღმერთი არც ძეს გამოუგზავნიდა ცოდვილ კაცობრიობას. განა მას არ შეეძლო, სწორედ ისე დაესაჯა ხალხი, როგორც დღეს ეგზალტირებული მასა აშინებს "ცოდვილთ"?! რა თქმა უნდა, შეეძლო, მაგრამ სიყვარულმა სძლია, მისივე შექმნილი კაცთა მოდგმის სიყვარულმა.

დღეს ძალიან იშვიათად შევხვდებით მოწოდებას, სადაც ადამიანი სიყვარულით უთითებს სხვას ცოდვაზე და სიყვარულითვე ურჩევს, რომ ამ ცოდვას თავი დააღწიოს. რატომღაც გვგონია, რომ თუ ჯოჯოხეთს და საზვერეებს ვახსენებთ, მაშინვე გონს მოეგება ჩვენი ოპონენტი და ცოდვას მიატოვებს, არადა, პირიქით ხდება. ყველა ვიყავით ბავშვი, როდესაც მშობელი დასჯის მუქარით ამა თუ იმ რამის გაკეთებას გვიკრძალავდა, დიდწილად სწორედ იმის გაკეთებას ვცდილობდით...  თუ გავაკეთებდით და სასჯელს არ მივიღებდით, დროთა განმავლობაში სასჯელის შიში საერთოდ გვიქრებოდა. ჰოდა, იმ ადამიანს რომელიც ათეისტია ან ჯოჯოხეთის არ სწამს, ღმერთით დაშინების დროს, ძალიან მარტივად შევაზიზღებთ ღმერთს და საერთოდ განვარიდებთ ეკლესიას, მაშინ, როცა სიყვარულით და სიკეთით შესაძლოა ეკლესიის წევრადაც კი იქცეს.

ვიცი, მეტყვიან, წმინდა მამები წერენ ჯოჯოხეთის შესახებო, თუმცა ისინი წმინდა მამები არიან და მათთან შედარება ცოტა მკრეხელობაც კია და თან იგივე წმინდა მამები, სიყვარულზე ორი იმდენს წერენ და მხოლოდ ჯოჯოხეთის და გეენის შესახებ სწავლებას რატომ ვიმახსოვრებთ?!

თქვენი არ ვიცი და ჩემი ღმერთი, რომელსაც ყოველთვის ვესაუბრები, რომელთან მისასვლელადაც არ მჭირდება სხვის თვალში გამოვლენილი ფარისევლური ნაბიჯები, ძალიან კეთილია. ისიც ვიცი, რომ ვუყვარვარ ზუსტად ისეთი, როგორიც ვარ, წინააღმდეგ შემთხვევაში არც გამაჩენდა, მაგრამ გავჩნდი, ზუსტად ისეთი, როგორც მას სურდა...

დარწმუნებული ვარ, ეს ბლოგი არაფერს შეცვლის, ის კი არადა, კომენტრებშიც დაწერენ, რომ ასეთი ბლოგის გამო ღმერთის უნდა მეშინოდეს, მაგრამ ასეთი რამის წერის დროს ავიწყდებათ, რომ ყველა ჩვენგანი ჩვენ სახარებას ვწერთ და იმდენი სახარება გვაქვს, რამდენი ადამიანიც გვიყვარს...

პ.ს. "დომენიკო, რომ არა სიყვარული, დედამიწა ისეთი ცოდვილია, ამდენ სიმძიმეს ვერ გაუძლებდა და ჩამოწყდებოდა"

გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი"

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს