"მიდი, მამიკო, მოქაჩე, მოქაჩე" - როგორ ზრდიან "ქართველი ვაჟკაცები" "ვაჟკაც" შვილებს... - კვირის პალიტრა

"მიდი, მამიკო, მოქაჩე, მოქაჩე" - როგორ ზრდიან "ქართველი ვაჟკაცები" "ვაჟკაც" შვილებს...

მშობლობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ზოგჯერ იმაზე დიდიც კი ვიდრე გვგონია. რატომღაც უმეტესობა ჩვენგანს გვჯერა, რომ მშობლობისთვის მზად ვართ და ვიდრე შვილი შეგვეძინება, ოდნავაც კი არ ვემზადებით. არც რაიმე ლიტერატურას ვეცნობით (ის კი არადა, თუ ვიგებთ რომ ვინმე კითხულობს, დავცინით), არც გამოცდილ ადამიანებს ვეკითხებით რჩევას და როცა პატარას აღზრდას ვიწყებთ, ჩვენი შვილი ჩვენი ექსპერიმენტების მსხვერპლი ხდება ხოლმე. ვფიქრობთ, ჩვენს პატარას ვამხიარულებთ, ვართობთ და ზოგჯერ გაუაზრებლად ისეთ რამეს ვაკეთებინებთ რომელიც ნორმალურ ქვეყანაში დასჯადია.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც 2-3 წლის პატარას მშობლები სიგარეტს აწევინებენ (არანაკლებ ცუდია, რომ ეს ვიდეო სოციალურ ქსელში, სხვადასხვა გვერდებმა და საინფორმაციო სააგენტოებმა, ბავშის სახის დამალვის გარეშე გაავრცელეს) და ამას რატომღაც მოსაწონ საქციელად თვლიან და თან აქეზებენ - მიდი, მამიკო, მოქაჩე, მოქაჩე.

სავარაუდოდ, ამ ბიჭუნას მშობლები მიუღებლად ჩათვლიან, მათმა შვილმა რომ თოჯინით ითამაშოს, იტყვიან - თოჯინა გოგოსია და ბიჭისთვის არ შეიძლება თოჯინით თამაშიო, სამაგიეროდ, სიგარეტით თამაშია "კაცური" და იმის ჩაგონება, რომ მოწევის მერე ქალებშიც უნდა წავიდეს. რატომღაც ეჭვი მაქვს, ვიდეოში წარმოდგენილი საზოგადოება და ვიდეოს გარეთ არსებული მხარდამჭერები, რომლებიც, სამწუხაროდ, არც თუ ცოტანი არიან, იტყვიან ევროპა რყვნის საქართველოს და ქართველობას ართმევს, მაგრამ იმას აღარ დააყოლებენ, რომ იმ ევროპაში, მსგავსი თუ გაბედა მშობელმა, მინიმუმ მშობლობის უფლებას მაინც შეუჩერებენ, თუ საერთოდ არ ჩამოართმევდნენ.

ვინმე იტყვის, რა მოხდა, ერთი გაიხუმრა მშობლემა და ამაზე ასეთი ამბავის ატეხვა, რა უბედურებააო. ერთი რომ პირველივეზე თუ არ ატეხე ამბავი, მერე შეიძლება ასეთმა მშობელმა იფიქროს, არაფერი ცუდი არ გაუკეთებია, მეტიც, რაც გააკეთა საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მისაღებია და მეორედაც გაიმეოროსს, მესამდეაც და ა.შ. გარდა ამისა, ვიდეოში აშკარად ჩანს, ბავში სიგარეტს ეწევა და ისე გამართულად უჭირავს ხელში სიგარეტი, რომ მსგავსი ქმედება არ ჰგავს პირველს.

გავრცელებულ ვიდეოს კომენტარებში ვიღაც წერდა: "მამას რა უნდა მოვკითხო, დედაც იქვეა და ხმას არ იღებსო". ეს კომენტარი ვიდეოში არსებულზე არანაკლებ უარესი მგონია. მამა ნაკლებად პასუხისმგებელი მშობელია? მამას ნაკლებად მოეთხოვება შვილის აღზრდა? დედები რომ არ აქცევდნენ ბავშვებს ყურადღებას, მამების ხელში დაწყდებოდნენ?! სამწუხაროა, რომ საზოგადოების ნაწილი მამას არ აღიქვამს მზრუნველ მშობლად და არც თვლის მამის ვალდებულებად ზრუნვას, რაც ძალიან ცუდია, ძალიან, ძალიან ცუდი...

იმედია შესაბამისი ორგანოები, ვიდეოზე ჯეროვან რეაგირებას მოახდენენ და ყველა მშობლი გაითავისებს, რომ რადგან  მათი შვილი პატარაა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რასაც უნდა იმას გაუკეთებენ ბავშვს, რომელიც გაუაზრებლად აკეთებს იმა, რაც მის მშობელს ახარებს.

p.s. სამწუხაროა, რომ ერის მომავალზე და ერის გარყვნისგან დაცვაზე მზრუნველი ხალხი მსგავს ვიდეოებს არ იმჩნევს, ალბათ მიაჩნიათ, რომ ეს სიგარეტი ნაკურთხია, თანაც არც ლგბტ ფერები ურევია სიგარეტის ღერში, თორემ 1-2 სიტყვით აუცილებლად იტყოდნენ, რომ ეს დასაგმობი ფაქტია.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს