გალაკტიონი, დიადი საბჭოეთი და ილიკოს ყველზე ქართული "ქართული" - კვირის პალიტრა

გალაკტიონი, დიადი საბჭოეთი და ილიკოს ყველზე ქართული "ქართული"

გაზეთი "კომუნისტი" 1934წ. 17 იანვარი

"გალაკტიონ ტაბიძის რითმები, სრულიად არ შეესაბამება, ტრადიციული ქართული პოეზიის ხმოვანებას. მან თავის ლექსებით შეუარცხყო ქართული პოეზია და კულტურა, ფეხქვეშ გათელა რუსთაველის მიერ სათუთად ნამღერი ქართული ლექსი. მან, 2-3 კარგი ლექსის გამო თავს უფლება მისცა დაეწერა ხალხისთვის გაუგებარი ლექსები, მაგრამ კიდევ უფრო დიდი უბედურება ისაა, რომ ის კვლავაც განაგრძობს წერას, რითაც ზიანს აყენებს დიადი საბჭოეთის მოზარდ თაობას, რომლის წარმომადგენლებიც რატომღაც დიდად აღფრთოვანებულნი არიან მისი პოეზიით(?!). ჩვენი, საბჭოთა პოეტების და საბჭოთა მოქალაქეების ვალია არ დავუშვათ ქართული პოეზიის გათელვა და დაკნინება! თანამედროვეობა სჭირდება პოეზიასო უთქვამს. ვითომ რა აქვს დასაწუნი ამხანაგ კონსტანტინე გუგავას ლექსს:

"მოსჩანს მწვერვალად ამომართული,

კვამლის ამოსვლა, ნარნარი, ფრთხილი.

ოჰ, როგორ მიყვარს ცემენტის ქარხნის

ალვის ხესავით მოქნილი მილი".

განა შეიძლება რამე იყოს უფრო თანამედროვე, თუ "ლურჯა ცხენებია" მომდევნო საუკუნეთა ხმა?! დროა განგაშის ზარი შემოვკრათ, რომ "გალაკტიონებმა" ერთბაშად არ წაგვართვან საბჭოთა ქართველობა, რომლის წართმევას აგრერიგად ცდილობს ჩვენი დაუძინებელი მტერი".

ანონიმური ავტორი

ბუნებრივია, მიხვდით რომ "კომუნისტის" ეს "ანონიმკა" რეალურია არაა და ჩემივე დაწერილია. ახლავე მოგახსენებთ თუ რატომ დავწერე. უკვე რამდენიმე დღეა სოციალური ქსელი ილიკო სუხიშვილის ცეკვამ, მისმა დადგმულმა კომპოზიციებმა და ამაზე გამოთქმულმა შეფასებებმა მოიცვა. უმეტესობა შემფასებელი ილიკოს ცეკვა იწუნებს და ბრძანების კილოთი ამბობს, რომ ის რასაც ილიკო აკეთებს დაუშვებელია. დავიწყოთ იქიდან, რომ როგორც გაუახარდება ისე იცეკვებს ადამიანი და არავის ჰკითხავს ეს დასაშვებია თუ არა. მისივე ნებაა როგორ ცეკვას დადგამს, თუ გამოუვიდა ხომ დარჩება ქვეყნის ქორეოგრაფიულ ისტორიას და იცეკვებენ ჩვენი შვილები და შვილიშვილებიც, თუ არა და მიეცემა დავიწყებას... "შემფასებელთა" დიდი რაოდენობა ისეთია, რომელსაც ერთხელაც არ უცეკვია, თუმცა ეს არ უშლის ხელს, რომ ცეკვის ამა თუ იმ ილეთზე ექსპერტული დასკვნა დადოს.

არადა, ყველაფერი რა მარტივადაა. კაცს მოუნდა ცეკვა, ადგა და იცეკვა, ყოველგვარი ზედმეტი დრამატიზების და დატვირთვების გარეშე. ადგა და ლაღად გაშალა ხელი. მერე ამას ელექტრონული მუსიკაც შეურჩია და... ალბათ სწორედ ასეთი პროფესიონალი უნდა იყო, რომ "შემფასებლების" რეაქციები არ გაშინებდეს. ღმერთმა უწყის რამდენი ასეთი "ექსპერტის" გამო ვერ ბედავს ბევრი საკუთარი ნამუშევრის ჩვენებას, როგორც ცეკვაში ისე ხელოვნების სხვა დარგში.

კარგად მახსოვს, როდესაც ილიკომ "ასა ფართი" გააკეთა, ხალხის ნაწილი სახეს იხოკავდა, ეს რა დამართეს ქართულ კულტურასო, თუმცა დღეს "ასა" სუხიშვილების შემოქმედების ორგანულ ნაწილად იქცა და მხოკავებიც დიდი სიამოვნებით უყურებენ. აღმოჩნდა რომ როგორც ყველა სიახლე, "ასაც" მიუღებელი იყო, მაგრამ დრომ აჩვენა რომ მისაღებიც ყოფილა და ძალიან ლამაზიც.

არ ვიცი, ილიკოს ახალი საკლუბო ვერსია "ქართული" გახდება თუ არა „ასაფართივით“ პოპულარული, მაგრამ გულწრფელად ვისურვებ, რომ ისეთი ლაღი ყველა საქმეში ვიყო, როგორი ლაღიც ცეკვისას ილიკოა.

ალბათ, მიხვდით რატომ გახდა საჭირო "კომუნისტის" წერილის მოგონება, მაშინ მსგავსი ფორმით ხდებოდა სიახლეებთან ბრძოლა. ბევრი მეტყვის, სად გალაკტიონი და სად ილიკო სუხიშვილიო, მაგრამ დღევანდელ რეალობაში, ცეკვაში, სწორედაც რომ გალაკტიონია (ბუნებრივია, ჩემი სუბიექტური შეხედულებით) - ის ერთადერთი ქორეოგრაფია, რომელიც ცდილობს რაღაც სიახლე შემოიტანოს, სხვა ანსამბლები მხოლოდ ძველს (რომელიც მართლაც უნიკალურია და საოცარი) იმეორებენ და არც ცდილობენ რაიმე ელემენტით განაახლონ (ყოველ შემთხვევაში, რომელ კონცერტზეც ვყოფილვარ, ისევ დიდი ილიკო სუხიშვილის ცეკვებს ცეკვავენ), არადა, ცეკვაც ცოცხალი ორგანიზმია და ისევე სჭირდება სიახლე, როგოც ნებისმიერ სხვა რამეს. ამბობენ, თავის დროზე, როცა დიდმა ილიკომ დადგა ცეკვის ახლებური ვარიანტები, მასაც სასტიკად აკრიტიკებდნენ...

ერთი წამით წარმოვიდგინოთ, მაშინ როცა ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი ცეკვებს დგამდნენ, ექსპერიმენტებისთვის არ მიემართათ და ჩარჩოებში ჩაკეტილიყვნენ, გვექნებოდა ის უნიკალური ცეკვები, რაც დღეს გვაქვს?!

ვფიქრობ, ბედნიერებაა როცა გვყავს პროფესიონალი, რომელიც თავს ექსპერიმენტების უფლებას აძლევს და ცდილობს სიახლის შემოტანას, ასე რომ არ იყოს, დავრჩებოდით ამხანაგ კოსტანტინე გუგავების ამარა და არა მგონია, ეს "შემფასებლებსაც" მოსწონებოდათ.

იმედია, ილიკო სუხიშვილს სხვა ქორეოგრაფებიც მიბაძავენ და უფრო თამამ ექსპერიმენტებს შემოგვთავაზებენ, თორემ მხოლოდ ძველის ამარა დარჩენა, როგორი უნიკალურიც არ უნდა იყოს ძველი, მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება და სხვა არაფერი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს