ახმეტის შემდეგ მეტრო ხულოსა და ხაშურშიც "გაიყვანეს" (?!) - ქართული მუნიციპალიტეტების თავისებურებანი
01-03-2018
ახმეტის შემდეგ მეტრო ხულოსა და ხაშურშიც "გაიყვანეს" (?!) - ქართული მუნიციპალიტეტების თავისებურებანი
2016 წლის დეკემბერში, ცნობილი გახდა, რომ ახმეტის საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც რეგულირდებოდა ახმეტის ტერიტორიაზე მეტროპოლიტენის სადგურებისა და გადასაჯდომი კვანძებისათვის სახელწოდების მინიჭების წესები.

გულწრფელად რომ ვთქვა, ეს დიდად არ გამიკვირდა, მეტროსადგურია "ახმეტელი" და ახმეტელებსაც ემშობლიურათ მეტრო, მაგრამ ხაშურსა და ხულოში რატომ აქვთ მეტროსადმი ასეთი მგრძნობიარე დამოკიდებულება, ვერაფრით გავარკვიე...
მოკლედ, როგორც გაირკვა, ამ ორივე მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეტროსადგურებში
დასუფთავების მოსაკრებელი აქვთ დაწესებული. დადგენილებების მიხედვით ირკვევა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მეტროპოლიტენის სადგურები და აეროპორტები ვალდებული არიან 1მკუბ ნარჩენზე წელიწადში 6 ლარი გადაიხადონ. შეგახსენებთ, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში არც მეტროა და არც აეროპორტი... დადგენილება 2017 წლის 26 იანვრით თარიღდება. რაც შეეხება ხაშურს,  ხაშურის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლით დათარიღებული №8 დადგენილებით, მეტროპოლიტენის სადგურები და აეროპორტები ვალდებულნი არიან დასუფთავების მოსაკრებლის
ოდენობა 1 კვადრატულ მეტრ ფართობზე თვეში 4 თეთრი გადაიხადონ. ხაშურის და ხულოს საკრებულოების მიერ, სავარაუდოდ, ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის დადგენილებიდან შაბლონურად არის გადატანილი. ჰოდა, ახლა ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ მადლობა ღმერთს, რომ პატივცემულ დეპუტატებს ხელში ინკვიზიციის დროინდელი რაიმე დოკუმენტი არ ჩაუვარდათ, თორემ სადღაც სურამის მისადგომებთან ააბრიალებდნენ საინკვიზიციო კოცონს, მე შენ გეტყვი და ცოტას ნახავდნენ დასაწვავს?!

ისე, ცოდვა გამხელელი სჯობს და თუ დოკუმენტი მარტო ორმა მუნიციპალიტეტმა გადმოაკოპირა, ე.ი. მთლად უიმედოდ არ ყოფილა საქმე...
ხაშურზე და ხულოზე ნაკლები რით ვართო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა განაცხადა, რომ ღორის სპერმის ვალი გვაქვსო. არა, ვიცი რომ ჩვენს ქვეყანას უამრავი საგარეო და საშინაო ვალი აქვს, მაგრამ ღორების ვალიც თუ გვქონდა, მაგას ვერ წარმოვიდგენდი.

ხუმრობა იქით იყოს და რეალურად თურმე საქმე შეეხება ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრის 2017 წლის სუბსიდირებას, რომლის ფარგლებშიც შეძენილი ღორის სპერმის დავალიანება გურულებს თურმე 2018 წელსაც გადაჰყვა...

ბორჯომშიც დიდი ამბები ატყდა. 28 თებერვალს, ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციურმა უმრავლესობამ მორიგი უარი უთხრა ბორჯომის მერიის მაღალჩინოსნების ხელფასების რამდენიმე ასეული ლარით (400-900 ლარამდე) გაზრდაზე, რასაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დებოში და ძალადობრივი შეტაკება მოჰყვა. მოკლედ, ხელფასები გაგვიზარდეთო, ამ მოთხოვნით შტურმით აიღეს მერიის თანამშრომლებმა საკრებულოს შენობა და იქ გამაგრდნენ... ბორჯომელი თანაპარტიელების მხარდასაჭერად ნიკა მელია ჩავიდა ბორჯომში, ჰოდა, ატყდა და რა ატყდა...

ეგეთი არაფერი მინახავს, ხელფასი მოგვიმატეთო, ხალხს ცხვირ-პირი ამოუნაყეს, ეგეც ჩვენი "ქართული ოცნება..."

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ედიკა
13 მარტი 2018 17:25
ბლოგერი მართალია, მაგრამ მხოლოდ საქართველოზე ნუ ჩაიციკლებით, ინტერნეტს ხმარობთ და ადვილათ შეგიძლიათ მოიძიოთ: თავისი აფსურდულობითა და სასაცილოდ მისაღები, კანონები მოქმედებს ჯერ კიდევ, ამერიკის ზოგერთ შტატში,, ინგლისის საგრაფოებში, ესპანეთის, არგენტინის და სხვა....
ხატია
08 მარტი 2018 00:48
იყალთოშიც ყოფილა
კახი
03 მარტი 2018 10:56
რა დონის უმეცრები მუშაობენ მუნიციპალიტეტებში რომ წერა კითხვაც კი არ იციან ნორმალური, აი ეს არის ნეპოტიზმის შედეგი. ფუი თქვენი............

რედაქტორის რჩევით