ამბავი დინოზავრების გადაშენებისა, ანუ სურამელის ღია წერილი ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს - კვირის პალიტრა

ამბავი დინოზავრების გადაშენებისა, ანუ სურამელის ღია წერილი ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს

ბოლო ხანს, ჩვენში ბევრი წერს ღია წერილს რუსეთის ხელისუფლებას, ჰოდა, გადავწყვიტე, სურამელსაც უნდა ჰქონოდა ერთი ასეთი წერილი მთლად რუსეთის პრეზიდენტ, მრავალგზის დედანახსენებ პუტინის მისამართით.

მაშ, ასე:

გამარჯობა ვლადიმერ ვლადიმერის ძევ. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გითხრა, აქამდე ყველაზე ცუდი ვლადიმერი, ლენინი მეგონა და ახლა დარწმუნებით ვიცი ვინცაა.

ვოვა, მე ქართველი ვარ. საქართველო, იცი, რომელი ქვეყანაა? - აი, ის, რომლის ტერიტორებიც შენ გაქვს დაპყრობილი, რომ მტრობ, თუმცა ზოგიერთი მაინც  შენ რომ გაღმერთებს, აი, მაგ ქვეყნის შვილი ვარ...

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე მეც მოგწერო წერილი. სიმართლე გითხრა არც მაქვს იმედი ამას წაიკითხავ თუ არა (ჩემი თანამემამულეების წერილები ხო გადააბულბულე), მაგრამ მაინც გწერ.

მოკლედ, როგორც გითხარი, საქართველოდან ერთი 31 წლის სურამელი ბიჭი ვარ. ამ 31 წლის განმავლობაში შენ და შენი ქვეყანა იმაზე დიდი დოზით ერევით ჩემს ცხოვრებაში, ვიდრე უნდა ერეოდეთ. ამ ჩარევის გამო, პირადად მე და ჩემი ქვეყანა ძალიან აზარალეთ. ვფიქრობ და ერთი კარგი ვერ გავიხსენე, რაც შენ მოუტანე ჩემს ქვეყანას, ცუდები იცოცხლე ბლომადაა...

ვოვა, განათლებული კაცი ხარ, თურმე ისეთ რაკეტებს იგონებ, ღილაკს რომ დააჭირო გააფრენ ამერიკაში და ამის საილუსტრაციო ვიდეორგოლიც აჩვენე შენ მრევლს, რომლებიც ისე ხტოდნენ სიხარულით, როგორც ხბო კუნტრუშობს პირველი ნაბიჯის გადადგმისას. ჰოდა, ამ განათლებულმა კაცმა იმდენი როგორ ვერ მოიფიქრე, რომ თუ კარგი ანიმაციის გაკეთება გინდოდა, ვინმე კარგი რეჟისორი დაგექირავებინა და უფრო რეალური მულტფილმი გადაგეღო, თორემ ეგ ანიმაცია ნამეტანი გოიმობა გამოგივიდა.

ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, გავკადნიერდები და ჩემი თაობის სახელით მოგმართავ, კიდევ უფრო გავკადნიერდები და გეტყვი, რომ სწორედ ჩემი თაობაა ქვეყნის მომავალი და არა ისინი, ვინც დღეში ათჯერ ლოცულობს შენ სახელზე და შენ სიგრძე სანთელსაც გინთებს. ჰოდა, მინდა გითხრა, რომ ჩემს თაობას ძალიან არ უყვარხარ, მეტსაც გეტყვი, ძალიან გვინდა, რომ საერთოდ აღარ იარსებო, ყოველ შემთხვევაში ჩვენს ცხოვრებაში. ჩემი თაობა მონობას არაა მიჩვეული (ჰო, ვიცი, 1-2 ჩემს თაობაშიც არის მონობამიდრეკილი) და დიდებმა რა წერილებიც არ უნდა გწერონ, არ იფიქრო, რომ ჩვენში ყველა ეგრე ფიქრობს.

ვოვა, დინოზავრი კი გეცოდინება, გაგებული მაინც გექნება, ჰოდა, იყო დრო, ეგ დინოზავრები დედამიწას აზანზარებდნენ, მერე დადგა ეპოქა, რომელსაც ამ ძლევამოსილმა არსებებმა ვერ გაუძლეს და გადაშენდნენ.

დარწმუნებული ვარ, შენთანაც მალე დადგება ეგ ეპოქა და გადაშენდები, ამიტომ იფიქრე ცოტა, რომ გადაშენების მერე შენც ისე ტკბილად გაგიხსენონ, როგორც დინოზავრები. სამწუხაროდ, დინოზავრისგან განსხვავებით, შენი ნაკვალევი საქართველოში ბევრგანაა, მაგრამ როცა იქნება საბოლოოდ წავშლით!

შეიძლება კიდევ მეფიქრა, რომ ღირსეულად მოქცევა ოკუპანტსაც შეეძლო, თუმცა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემედეგ მისი ცხედრის დატყვევებამ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ თქვენში და თქვენს მსახურ სეპარატისტ კაცუნებში ადამიანური არაფერია!

მუდამ შენს ცუდზე მაფიქრალი სურამელი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს