ემზარ კვიციანი ჩვენი რელიგიური გრძნობების დასაცავად! - რაღა საჭიროა ლოცვა, გრძნობები შეგილახეს? - უჩივლე! - კვირის პალიტრა

ემზარ კვიციანი ჩვენი რელიგიური გრძნობების დასაცავად! - რაღა საჭიროა ლოცვა, გრძნობები შეგილახეს? - უჩივლე!

ერთი რიგითი ქართველი ვარ, რომელსაც როგორც ყველა სხვას, გრძნობები გამაჩნია, მათ შორის რელიგიურიც, ჰოდა, ემზარ კვიციანმა გადაწყვიტა ეს ჩემი რელიგიური გრძნობა დაიცვას. დაცვაზე კარგი რაა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ნახევარი საქართველო დასაჭერი იქნება, იმედია ნახევარი ბევრია, მაგრამ ყველა რუსეთუმე დასაჭერი იქნება, რადგან რუსეთის სიყვარული პირდაპირ ლახავს ჩემს რელიგიურ, პატრიოტულ და საერთოდ ყოველგვარ გრძნობებს, ისე ამცირებს და შეურაცხყოფს, - ვითარცა კაკო ბობოხიძე პეტრე მამრაძეს.

ერთი დიდებული მეგობარი მყავს, რომელიც მუსულმანია, მან მითხრა, რომ ძალიან ხშირად ულახავენ რელიგიურ გრძნობებს, ჰოდა, ამ კანონის მერე ეგრევე ყველას დავაჭერინებო.

სხვა მეგობარიც მყავს, რომელიც მორწმუნე ბიჭია და ამავე დროს ფოლკლორის სპეციალისტი, ჰოდა, ეს კაცი დიდად შეურაცხყოფილია, როდესაც ერთი რელიგიური ჯგუფი არღვევს პატრიარქის კურთხევას - მაინც ერთხმიან საგალობლებს გალობს, ისიც გახარებულია კანონის ამბავით, ეგრევე ვუჩივლებო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყველა ადამიანს მინიმუმ ერთი კაცი მაინც ეყოლება, ვისზეც იტყვის, რომ მისი გრძნობების შემლახველია. ასეთ დროს კი სამართალი უნდა აღსრულდეს, ჰოდა, დიდი ეჭვი მაქვს, რომ მთელი ქვეყანა სასამართლოს კართან დავდგებით, მაგრამ სამართალს მაინც ვერ ვნახავთ, რადგან, სავარაუდოდ, მოსამართლეებიც საბრალდებო სკამზე ისხდებიან, ისე როგორ იქნება, რომ ერთხელ მაინც არ შემოლახვოდათ ვინმეს რელიგიური გრძნობები.

სხვათა შორის, აღნიშნული კანონი არც თუ ისე დიდი ხნის წინ რუსეთში მიიღეს, ჰოდა, ერთმორწმუნე ძმას ხომ უნდა მივბაძოთ, აბა, როდის რა შეშლიათ მათ, ეს რომ შეეშალოთ. საშინელებაა, როცა რწმენის დასაცავად კანონი ხდება საჭირო. ალბათ აღარ ვართ ისეთი მორწმუნენი, რომ ჩვენს ლოცვას ძალა ჰქონდეს და სწორედ ლოცვით გაძლიერდეთ რწმენაში, მაგრამ რაღა საჭიროა ლოცვა, გრძნობები შეგილახეს - უჩივლე!

ბევრი ფანატიკოსი ათეისტებს მტრად აღიქვამს, ამ კანონის მერე, დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა მართლა უჩივლებს ათეისტებს და თუ მოხდა ისე, რომ ეს ათეისტები დაიჭირეს, ამ ხალხის ოჯახს პარლამენტი უზრუნველყოფს ფინანსურად თუ ემზარ კვიციანი?!

რა კარგი იქნებოდა სხვათა შეცდომებზე რომ ვსწავლობდეთ, ასეთ შემთხვევაში გვეცოდინებოდა, რომ ინკვიზიცია საშინელებაა და ამ საშინელების ინიციატივით გამოსვლა დაბრუნებაა შუა საუკუნეებში, აღნიშნული კანონი კი მხოლოდ დასჯის ფორმით განსხვავდება ინკვიზიციისაგან (თუმცა, შესაძლოა მხოლოდ ამ ეტაპზე განსხვავდება დასჯის ფორმითაც - შეუცნობელ არს გზანი კანონშემოქმედთა).

ისე, ქართველი მრევლის ნაწილი, "მამაომიდრეკილია" და "მამაოსი" უფრო სწამს, ვიდრე ღმერთის. წარმოიდგინეთ ასეთი სასულიერო პირი რომ ჯანსაღად გააკრიტიკოს ვინმემ, მრევლის წვერმა შეიძლება ჩათვალოს, რომ მისი გრძნობა შეურაცხყვეს და ეს ადამიანი კრიტიკის გამო თვეობით უნდა იყოს სასამართლოში, იქირაოს ადვოკატი და ა.შ. ვიღაცისთვის სასაცილო სცენარია, მაგრამ აბსოლუტურად განხორციელებადი და ეს რაც დავწერე დიდი ალბათობით მოხდება კიდეც.

ყველაზე სასაცილო ამ ამბავში ისა, რომ თურმე ეს კანონი სასულიერო პირებზე არ უნდა გავრცელდეს, კი, მაგრამ, რათა, რათა? სასულიერო პირი უფრო მეტად არ უნდა ზრუნავდეს ადამიანებსა და მათ გრძნობებზე?

კვიციანი გასაგებია, მაგრამ მე ის გამიკვირდა ამ ინიციატივას მხარს რომ უჭერს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და მისი თავმჯდომარე სოფიო კილაძე, არადა, შეხედავ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანს ჰგავს...

პ.ს. კარგია რომ ამ ბლოგის დაწერა კანონამდე მოვასწარი, თორემ ვიდრე სოროსი გრანტს ჩამირიცხავდა, მანამდე დაჭერილი ვიქნებოდი, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, ბევრის გრძნობას მივაყენებდი შეურაცხყოფას.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს