მოკლე მეხსიერების დილემა და მამების თაობის უპასუხისმგებლობა - კვირის პალიტრა

მოკლე მეხსიერების დილემა და მამების თაობის უპასუხისმგებლობა

ნარკოტიკი კლავს! ნარკომანობა ტეხავს!

მორალისტობა ჩვენი ეროვნული სპორტია. შეგვიძლია მორალი ვუკითხოთ ადამიანს მაშინაც კი, როცა ჩვენგან მორალის კითხვა ამორალობაა. დიახ, ამორალურია გაკიცხო ადამიანი 9 აპრილის მემორიალზე ცეკვის გამო, მაშინ როცა იმ მემორიალის ადგილას, პირადად შენ საკუთარ ძმას მოსაკლავად ტანკით დასდევდი.

ისიც არაა მორალური, რომ სხვადასხვა მიტინგის დროს ( 7 ნოემბერი, 26 მაისი და სხვ.) მემორიალზე ასულ ადამიანებზე ხმას არ ვიღებთ, საინტერესოა, მათ რატომ ვპატიობდით ამას?!

9 აპრილის მემორიალზე ნაკლებად ფასეულია საქართველოს დროშა?! მაშ, არ გავკიცხეთ "უცნობი", როდესაც საქართველოს დროშაზე დარბოდა? ა, ტირანიას ებრძოდა?!

დღეს უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან ეს ბავშვები, დიახ, ბავშვები და არა მშობლების ის თაობა, რომლისთვისაც ნარკოტიკი ყოვედღიურობა იყო, თუმცა ამაზე ხმას არ იღებდა, დღეს კი შვილების თაობას ლანძღავს, თან ისე, რომ საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ ან არ გრძნობენ.

სროლას, ყოველდღიურ ნარკომანიას და სხვა ათასგვარ სისაძაგლეს რომ ხედავდნენ ჩემი თაობის ბავშვები, ამაში მასონები არიან დამნაშავე თუ ლიბერალები?! იქნებ ერთხელ მაინც გვითხრათ ბოდიში, ამ ჩამწარებული ბავშვობის გამო და მერე გვლანძღეთ რამდენიც გინდა.

ჩვენს თაობაშიც ბევრი შეეწირა ნარკოტიკს, მაგრამ მშობლების თაობისაგან განსხვავებით ჩვენ მხოლოდ სამძიმარზე არ ვაქნევთ დანანებით თავს და მერე დაბადების დღეზე, მის საფლავზე არ ავდივართ, რომ წამალი გავიკეთოთ, ტექსტით: მიუვა. ჩვენ რეალურად ვცდილობთ პრობლემასთან ბრძოლას.

სამწუხაროა, რომ საზოგადოებამ გუშინდელი პროტესტი ისე მიიღო, თითქოს ჩვენ ნარკოტიკებს ვითხოვთ. არა, ჩვენ ჩარჩოების დანგრევას ვითხოვთ, რომელშიც ცდილობენ რომ ჩაგვსვან. დიახ, ჩარჩოა, როდესაც მსუბუქი ნარკოტიკის გამო 8 წლით გვიჭერენ და იგივე ვადით აპატიმრებენ მკვლელს და ტერორიზმში ეჭვმიტანილს. ამას ვაპროტესტებთ ჩვენ!

გუშინ, ძალიან არ მომეწონა, როდესაც აქციის მონაწილეები პოლიციას აგინებდნენ. არც ის მომეწონა, რომ ბევრი თავისი ქცევით ნარკოტიკის რომანტიზებას ცდილობდა. ისიც ძალიან ცუდი იყო, ზოგი გამომსვლელის პოზიცია ირიბად ნარკოტიკის პროპაგანდას რომ ემსახურებოდა. იმედია, აქციის ორგანიზატორები ამ ნიუანსებს გაითვალისწინებენ, რადგან ვფიქრობ, რომ ყველაფერს სწორი ფორმა სჭირდება, თუ ფორმა არაა სწორი, მერე შინაარსი კარგავს მნიშვნელობას.

პ.ს. ისევ 9 აპრილის მემორიალზე ცეკვას დავუბრუნდები. ქაშუეთის დაბლა, 9 აპრილის სახელობის სკვერია. ისიც ერთგვარი მემორიალია. იქ კი დღის ნებისმიერ დროს ნახავთ "მოზასავე" წყვილს. ჰოდა, ამას რატომ არ აპროტესტებთ? თუ ეს ვერ ჯდება ურაპატრიოტულ ჩარჩოებში? ისე, მგონია, რომ 1989 წლის 9 აპრილს, ახალგაზრდების ჯგუფი რომ ცეკვავდა, იმათაც ლანძღავდა გარკვეული ხალხი და ისიც მგონია, რომ დღესაც იგივე ხალხი ლანძღავს ამ ახალგაზრდებს.

#ნარკოტიკი კლავს!

#ნარკომანობა ტეხავს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს