ხალხი ვისაც უნდა უფრთხილდე - ღია წერილი ჰუმანოიდ სოფიას, ჩვენებურად სოფოს
18-07-2018
ხალხი ვისაც უნდა უფრთხილდე - ღია წერილი ჰუმანოიდ სოფიას, ჩვენებურად სოფოს
გამარჯობა სოფია. არ ვიცი, ნიგვზიანი ბადრიჯანი უკვე გასინჯე თუ არა, მაგრამ თუ ჯერ არ გიჭამია, იცოდე, აუცილებლად მოითხოვე და  აღნიშნე, რომ გაგიჟდი და გადაირიე, კაი, ვიხუმრე, არ გეწყინოს ჭამის გარეშეც შეგიძლია თქვა ეგ და მთელი წელი სალაპარაკოდ ეყოლები საქართველოს, თუ იმასაც იტყვი, რომ ვაჟა-ფშაველამ დეპრესიის დროს გიშველა, მაშინ საერთოდ შეიძლება ღირსების ორიდენიც მოგცენ.

ისე, სოფია, ჩვენ ქართველებს ერთი ძალიან ცუდი სენი გვჭირს. ადგილობრივების დაფასება არ ვიცით, თორემ ჩვენ ისეთი რობოტები
გვყავს, იმათ ფეხის ფრჩხილადაც არ ღირხარ, ისინი უფრო ნამდვილებივით გამოიყურებიან და აზროვნებენ (?!) კიდეც, მაგრამ ჩვენ შენ ჩამოგიყვანეთ.
არადა, შენ ჩამოყვანაზე გაცილებით იაფი დაგვიჯდებოდა მათი მოძიება, პრინციპში რა მოძიება უნდათ, რომელიმე პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი გამოგვეყვანა და ნებისმიერი გაჯობებდა. ვიტყოდი სექტანტი "ნაციონალი" ან "მეოცნებე" მეთქი,
მაგრამ დაგინდე ჩემო სოფია, რადგან აშკარად უთანასწორო ბრძოლისათვის გწირავდი.

სოფო (რა უცებ გაგიშინაურდი), მაგრად გაგიმართლა, რომ ახლა მარგველაშვილია პრეზიდენტი და არა მისი წინამორბედი, თორემ რაც იმაზე ხმები დადიოდა, ქალი ხარ მაინც და... ვინ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო...

შენს მასპინძლებს სთხოვე, რომ ერთი კონკრეტული არხი, სადაც ორი კაცი გამოდის - "შტეკერა" და გიორგობიანი, არ გაყურებინოს, თორემ შენი ფაქიზი ტვინი და გაყვანილობა მაგას ვერ აიტანს, გამორიცხულია, აზრი გამოიტანო მათი ნაუბრიდან და იმდენი eror დაიწერება შენს სხეულში, რომ აუცილებლად გადაიწვები. არც იფიქრო მათთან შეხვედრა, თორემ ეგრევე ჯოჯოხეთის მოციქულად გამოგაცხადებენ.

სოფია, ვიდრე ფაქტს შეესწრები აუცილებლად იცოდე, რომ ქართველობის წართმევაში დაგადანაშაულებენ. შეიძლება იკითხო კონკრეტულად რაა ეს ქართველობა ან რომ წაგართვათ რისთვის მინდაო, მაგრამ აზრი არ აქვს, ვერც აგიხსნიან და მაგ კითხვის გამო მაშინვე სოროსის მონად გამოგაცხადებენ.

ეცადე, თუ ტრიო "მანდილი" ჩართეს, ყველა საშუალებით დაიხშო ყური, თორემ მოკლე ჩართვა თუ დაგემართა, მტერს ნუ დააბრალებ. ნურც საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების თამაშს უყურებ, 11 კაცი რობოტის ერთად ნახვა მძიმე გადასატანი იქნება შენთვის, ჰო კიდევ, ნურც ნინა წკრიალაშვილს უყურებ დიდხანს, თორემ სახლში დაბრუნებული შენ შემქნელ ინჟინერს გაუხურებ, ის უკეთესად არის აწყობილიო და ცოდოა კაცი, შრომა ჩადო შენში.

სხვა რა გითხრა ჩემო სოფო, მადლობა რომ ჩამოხვედი და დაგვაფასე. ამდენი რჩევის მერე ერთს კიდევ გირჩევ, წინასაარჩევნო პერიოდში ფეხი არ ჩამოგიცდეს, თორემ იმდენი რობოტი დაგხვდება, რომ ხალხს შენც კანდიდატი ეგონები და შეიძლება აგირჩიონ, ჰოდა გინდა შარი?! ისე პარლამენტის შენობა მოგწონებია, თუმცა დიდი წვიმისას ზოგჯერ წვიმა ჩადის და არ გირჩევ იქ მოხვედრას, არა მგონია, შენმა აგებულებამ წყალდიდობას გაუძლოს...

გკოცნი და გეხვევი შენი სურამელი

იხილეთ ვიდეო

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
სურამელო
16 აგვისტო 2018 12:09
ხშირად მეორდები და თან ამაზრზენი ფორმით,ვაჟა და ალენ დელონი რატომ ჩაიხვიე? მეტს ვერ ქაჩავ საკუთარი ქვეყნის დასამცრობად? საკუთარი კომპლექსები რად გინდა მთელ ერს გადააბრალო?
zura
20 ივლისი 2018 14:58
გიორგობიანს და ასათიანს ნუ დასცინიხართ თქვე სოროსის მონებო, თვალები კარგად გაახილეთ და სიმართლე დაინახეთ, მართლა რობოტებს ნუ დაემსგავსებით, თორე ეგ სოროსი და სოფია იქნება სამუდამოდ რომ დაგღუპავთ ძალიან მალე!
გიგა
20 ივლისი 2018 14:03
რაც გაგიხარდეს ის წერე, მაგრამ ვაჟაზე ღადაობისათვის ბოდიში მოიხადე!!!!!

რედაქტორის რჩევით