როცა პატრიარქის სადღეგრძელოს დროს სიგარეტს ვაქრობთ და... - ყოველდღიურობად ქცეული სიყალბე, რომელშიც ვცხოვრობთ - კვირის პალიტრა

როცა პატრიარქის სადღეგრძელოს დროს სიგარეტს ვაქრობთ და... - ყოველდღიურობად ქცეული სიყალბე, რომელშიც ვცხოვრობთ

სიყალბე, ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობად იქცა, მეტიც, ყოველწამს ყალბად ვიქცევით და ვცდილობთ ამ სიყალბეზე დაფუძნებული ფასეულობებით ვიარსებოთ და თან ეს მოგვწონს, ბოლოს კი როცა პრობლემა თავს იჩენს (სწორედ ამ სიყალბის გამო), ყველაფერს ვიღაც მესამეს ვაბრალებთ და ვუჩივლებთ რომ "ქართელობას გვართმევს", არადა რა შუაშია მესამე, მაშინ როცა:

ქართველობის სადღეგრძელოს ვსვამთ "ჩემი დედა მო....ან"-ის ფონზე. ჰო, აბა ეს თუ არა ვთქვით როგორ "გაპრავდება", რომ ყველაზე მაგრები ვართ ქართველები.

პატრიარქის სადღეგრძელოს დროს სიგარეტს ვაქრობთ ან ზურგს უკან მიგვაქვს, ვმალავთ, ვიქცევით ისე როგორც სირაქლემა. სხვათა შორის, პატრიარქის სადღეგრძელომ ერთგვარი ინდულგენციის როლი აიღო თავის თავზე. ჰო, ვიტყვით უწმინდესის სადღეგრძელოს და ამ სასმისის დალევის მერე, რასაც გვინდა იმას ვაკეთებთ.

დავით აღმაშენებელს ვეტრფით, ჩვენთვის სათაყვანებელი მეფეა, ყოველწამს "ძლევაი საკვირველი" გვაკერია პირზე, თუმცა საქართველოს მასშტაბით დავითის ძეგლზე მეტი სტალინის ძეგლია.

ვაჟა-ფშაველა, ქართველების უსაყვარლესი მწერალია (ყოველ შემთხვევაში საყვარელი მწერლების ხუთეული რომ ვიკითხოთ, ვაჟა ხუთეულში ნამდვილად იქნება), თუმცა უმეტესობას არ წაგვიკითხავს ან ვინც წაიკითხა რა გაიგო?! ბუნება გაჩეხე და კორპუსები ააშენეო? უცხოელებს ებრძოლე და სხვა რელიგიის წარმომადგენელი არ შეიწყნაროო?! ბუნების შვილები გაჟუჟეო?! მთავარია, სადღგერძელოს დროს ვიცით თქმა, რომ საქართველო არწივია და მალე დადგება ფეხზე და განა მეტი გვითხრა ვაჟამ რამე?! მეტის გაგება რა საჭიროა. გვიხარია, აი ალენ დელონმა ვაჟა წაიკითხა და თურმე დეპრესიიდან გამოიყვანაო ( არადა, ესეც ტყუილია, სულ არ სმენია იმ კაცს ვინ იყო ვაჟა), მაგრამ ჩვენ არ ვსაჭიროებთ წაკითხვას, თუმცა ეს საერთოდ არ უშლის ხელს რომ საყვარელი მწერალი იყოს.

საქართველოს სადღეგრძელოს განსხვავებულით ვსვამთ თან ბუნებაში, ასე ხომ უფრო იგრძნობა ქვეყანა და შემოდის ჩვენში, მერე რა მოხდა თუ იმავე ბუნებაში ჩვენს ნასუფრალს ვტოვებთ, ჩვენი საქართველო ხომ ყველაფერს აიტანს, თანაც ქვეყნის წინაშე ვალი მოხდილი გვაქვს - განსხვავებულით დავლიეთ მისი სადღეგრძელო!

დედაზე წმინდა არავინ გვეგულება, მაგრამ ჩვენივე პირით ისე ვაგინებთ საკუთარ დედებს, უცხოს ნამდვილად გაუჭირდება. ჩემი დედა ასე და ისეო, როცა ვამბობთ ამ დროს "ჩამოთრეულები" სახლდებიან ჩვენში და ქართველობის ამორთმევას ცდილობენ თუ დიდგორის ბრძოლაში, რჩეული 200 კაცი "ჩემი დედას" ძახილით შევიდა მტრის ბანაკში და არ ვიცით?!

ქართული ანბანი 14 დამწერლობაშია შესულიო, გვიხარია, ვამაყობთ, თუმცა რაიმე ობიექტს გავხსნით თუ არა ჯერ უცხო ენაზე ვაწერთ სახელს და მხოლოდ ამის მერე ქართულად.

ჩვენნაირი ბუნება არსადააო, ბევრჯერ გვითქვამს. კი ბატონო, საქართველო რომ ლამაზია ამაზე არავინ დავობს, მაგრამ თუ სხვა ქვეყნის ბუნება არ გვინახავს, საიდან ვიცით რომ საუკეთესო გვაქვს?! არადა ამას ხშირად ისეთი ხალხი ამბობს, ვინც არათუ საქართველოს, საკუთარ ქალაქსაც არ გასცილებია. ისე, მაინც ვერ ვხვდები რა გვაკლდება, თუ ვიტყვით რომ მაგ. შვეიცარიას ჩვენზე ლამაზი ბუნება აქვს, არც სკანდინავიის ქვეყნები არიან ჩვენზე ნაკლებნი, ამით რაჭის ან უშგულის სილამაზეს აკლდება რამე?!

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია სიყალბისა, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზეა. არავის ეგონოს რომ ეს ყველაფერი დიდაქტიკური ლექციის ნაწილია. არა, სამწუხაროდ, მეც ამ სიყალბის ნაწილი ვარ და განვიცდი, მაგრამ მხოლოდ განცდით სიტუაცია არ იცვლება. ვეცადოთ, სხვა თუ არა, საკუთარი თავი მაინც აღარ მოვატყუოთ მაშინ, როცა მარტონი ვიქნებით, რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს