რამდენი ადამიანი უნდა მოკვდეს, რომ გზა და გამოსავალი ურმის გადაბრუნების შემდეგ მაინც დავინახოთ? - კვირის პალიტრა

რამდენი ადამიანი უნდა მოკვდეს, რომ გზა და გამოსავალი ურმის გადაბრუნების შემდეგ მაინც დავინახოთ?

დიდი ტრაგედიის შემდეგ ყველა ვვიშვიშებთ, დამნაშავეს ვეძებთ, ვითხოვთ მის დასჯას, რა თქმა უნდა, უმკაცრესად. გვტკივა გარდაცვლილები (დარწმუნებული ვარ, გულწრფელად) და ვიზიარებთ დაღუპულთა ოჯახების განსაცდელს. მესამე დღესაც ინერციით ვიმეორებთ იგივეს, ხანდახან მეოთხე დღესაც, ერთი კვირის შემდეგ კი უკვე ცხოვრებას ჩვეული რიტმით ვაგრძელებთ და ხანდახან საერთოდაც გვავიწყდება ის ტრაგედია, ვიდრე იგივე (როგორც წესი, მხოლოდ სახელებია ხოლმე შეცვლილი) ტრაგედია არ განმეორდება და ვიწყებთ იმას, რაც უკვე ზემოთ დავწერე. ასე ვბრუნავთ წრეზე.

ყველაფერი სწორია, განცდაც, ტკივილის გაზიარებაც, დამნაშავის დასჯის მოთხოვნა, ვიშვიშიც კი, მაგრამ უმთავრესი რატომღაც ყოველთვის გვავიწყდება - დასკვნების გამოტანა.

სკოლაში უმეტესობამ ვიარეთ, ზოგმა წარჩინებით და ზოგმაც საშუალო მოსწრებით დავასრულეთ და საშუალო განათლების ატესტატიც ავიღეთ. სკოლაში ერთხელ რომ მოგვცემდნენ გაკვეთილს, ვალდებულები ვიყავით, რომ გვესწავლა, რადგან იგივე გაკვეთილზე აღარ ბრუნდებოდა მასწავლებელი. ცხოვრება კი ძალიან ულმობელი მასწავლებელი აღმოჩნდა, ერთი და იგივე გაკვეთილს უკვე მერამდენედ გვიხსნის, ჩვენ კი ცუდი მოსწავლეები ვართ, შესაბამისად, არ ვსწავლობთ და ისიც "იგივეს გვიტოვებს" და ამას ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე ეწირება.

ერთი გამოთქმა გვაქვს - ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო. უამრავჯერ გადაბრუნდა ურემი. არაერთხელ ადამიანების სიცოცხლეც დაიყოლა გადაბრუნებისას, დარწმუნებული ვარ, გზაც გამოჩნდა, მაგრამ ამ გზას დაადგა ვინმე?!

კარგად მახსოვს, ქობულეთში, სასტუმროს ხანძარს, ცეკვის ანსამბლის მოსწავლეების სიცოცხლე რომ შეეწირა, მაშინაც მთელი ერი ფეხზე დადგა, ყველა ვითხოვდით სახანძრო უსაფრთხოების კონტროლის გამკაცრებას, შესაბამისმა უწყებებმა პირობაც დადეს რომ ასე იქნებოდა. არ მახსოვს, მათ ვენდეთ თუ უბრალოდ მიგვავიწყდა ტრაგედია, მაგრამ ფაქტია, რომ გავჩუმდით, ვიდრე რამდენიმე წელიწადში, სასტუმრო "ლეოგრანდის" ტრაგედია არ დატრიალდა. ისევ ხანძარი სასტუმროში, ისევ გარდაცვლილი ადამიანები და ჩვენი რეაქციაც იგივე. შეიცვალა რამე ამ კუთხით? ვართ დაზღვეულები რომ იგივე არ განმეორდება? - არ ვიცი.

ურემი კი ბრუნავს.... გახშირებული ავტოავარიები. განა რამდენი ადამიანი უნდა გარდაიცვალოს, იმისთვის რათა მივხვდეთ, რომ გადაჭარბებული სიჩქარით დანიშნულების ადგილზე სწრაფად, შეიძლება საიქიოში მივიდეთ ან ის როდის უნდა გავაცნობიეროთ, რომ საჭესთან დალევა სიცოცხლის დალევის ტოლფასია.

ურემი კი ბრუნავს....

მშენებლობის უსაფრთხოება. პრობლემა რომელიც ვერ გადაიჭრა. არადა, ერთი შეხედვით თითქოს მარტივია გამოსავალი, განვითარებულმა ქვეყნებმა მარტივად გასცეს პასუხი ამ გამოწვევას, დაიცვეს უსაფრთხოების წესები და სიკვდილიანობაც, ფაქტობრივად, ნულის ტოლია. ჩვენთან კი ყოველი გარადაცვლილი მუშის შემდეგ გვახსენდება, რომ პარლამენტმა დაჩქარებული(!!!!) წესით უნდა განიხილოს - კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ. ალბათ ახლაც ისევ განხილვის სტადიაშია...

რამდენიმე თვე გავიდა, ფონიჭალის ტრაგედიიდან, როცა გაზის აფეთქებას დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა. მაშინაც ითქვა, რომ გაზის კონტროლი გამკაცრდებოდა, ყველაფრის შესწავლა მოხდებოდა, რათა იგივესაგან დაცულები ვყოფილიყავით. ისევე, როგორც სხვა შემთხვევების დროს, ახლაც არ ან ვერ ჩავაბარეთ გაკვეთილი და უფრო დიდი ტრაგედია მოხდა დიდ დიღომში. მიზეზი თითქმის ანალოგიური იყო, ამ ყველაფერს კი 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

16 იანვარს კიდევ ერთხელ გადაბრუნდა ურემი, გზაც დავინახეთ. გზა, რომელზე დადგომაც ჩვენი სიცოცხლის გარანატია, თუმცა გზები ყოველთვის ჩნდებოდა, მაგრამ ვერ (არ) ვხედავდით და ძალიან არ მინდა, რომ ესეც ის გზა აღმოჩნდეს, რომელსაც ურემის გადაბრუნების მერეც ვერ ვხედავთ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს