თქვენ ღმერთზე მეტად კრემლის "პატარა ღმერთის" გეშინიათ“ - ღია წერილი მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, მიტროპოლიტ ილარიონს
თქვენ ღმერთზე მეტად კრემლის "პატარა ღმერთის" გეშინიათ“ - ღია წერილი მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, მიტროპოლიტ ილარიონს
ფოტო:რუსი მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი
მე საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქე ვარ, რომელიც ამავე ქვეყნის სამოციქულო ეკლესიის შვილია, თუ მაინც ვერ მიხვდით რომელ ეკლესიაზეა ლაპარაკი, გეტყვით, თქვენმა ეკლესიამ რომ ავტოკეფალია წაართვა, მერე საეკლესიო საგანძურიც რომ წაართვა, ეკლესია-მონასტრებში ფრესკები რომ გაუთეთრა.... მოკლე წერილის დაწერას ვაპირებ და თქვენს მიერ ჩადენილი ყველა "კეთილი საქმე" რომ დავწერო, მოკლედ თქმა აღარ გამომივა, ამიტომ აქ გავჩერდები - ვფიქრობ, ესეც საკმარისია მისახვედრად.

თქვენო მეუფებავ, ძალიან შეურაცხყოფილები ვართ თქვენი ლაპარაკით. ისეთი ტონით საუბრობთ, თითქოს
არა მრავალსაუკუნოვან ეკლესიაზე, არამედ თქვენი მეგობრის მიერ დაფუძნებულ შპს-ზე იყოს ლაპარაკი. ჩემზე უკეთ თქვენ იცით, რომ ის რელიგია, რომელსაც თქვენ მისდევთ (ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად მაინც) მხოლოდ სიყვარულს და სიკეთეს ქადაგებს. სადაა თქვენს საუბარში სიყვარული? ან სიკეთე სადაა? მხოლოდ მუქარა და დაშინებაა, თუ არ დაგვიჯერებთ, ვიცით,
რასაც გიზამთო. კიდევ უფრო სამწუხარო ისაა, დარწმუნებული ხართ იმაში, რომ დაგიჯერებენ, როგორც ჩანს, არის ხალხი ვინც ამის იმედს გაძლევთ.

მეუფე ილარიონ, სანახევროდ საქართველოში ხართ გაზრდილი, ის კი არადა, ქართულს ისე ფლობთ, ზოგიერთ ქართველ სასულიერო პირს ქართულის გრამატიკას უსწორებთ ხოლმე, პლუს ამას, განათლებული ადამიანი ბრძანდებით და გეცოდინებათ, რომ საქართველოს უამრავი მტერი ჰყავდა და ახლაც ჰყავს. ჰოდა, ამ მტრებიდან ერთადერთმა -  ყველაზე დიდმა და მოუშორებელმა ჭირმა (ამ შეფასებაში, შეიძლება სუბიექტურიც ვარ მეუფევ და შენდობას გთხოვთ) გაუუქმა საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია. სასულიერო პირი ხართ და აუცილებლად გეცოდინებათ, რომ სულიწმინდის გადმოსვლით მოციქულებს მიეცათ ნიჭი, რომ ყველა ქვეყანაში იმ ენაზე ექადაგათ სარწმუნოება, რომელ ქვეყანაშიც მიდიოდნენ განსანათლებლად, შესაბამისად, წირვა-ლოცვაც ამავე ენაზე უნდა აღსრულდეს ქვეყანაში.

თქვენმა სამშობლომ კი, საქართველოში მოსვლის პირველი წამიდან, მოინდომა, რომ ქვეყანაში რუსულ ენაზე ყოფილიყო საეკლესიო მსახურება, ყველაფრის გარუსება დაიწყეთ. ჭეშმარიტი ქართველი სასულიერო პირები ისე შეავიწროვეთ, რომ ზოგს ეს სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდა. ოდესმე, რომელიმე რუს სასულიერო პირს ამის გამო შენდობა უთხოვია?! ერთხელ მაინც გითქვამთ, რომ საქართველოს წინაშე შევცოდეთო?! არა და არც იზამთ ამას, რადგან გგონიათ, რომ პირიქით ჰქენით, თქვენთან ერთად ნათელი მოვიდა საქართველოში და ჩვენ, უმადურებმა ვერ დავინახეთ და თქვენგან განდგომა გვინდა.

რუსი იყო ის ეგზარქოსიც, რომელმაც ქართველი ერი დაწყევლა. დიმიტრი ყიფიანმა დიდებულად უპასუხა და ამ პასუხის გამო მოკლეს კიდეც, მეეჭვება ბურკინა-ფასოდან ჩამოსულიყო მკვლელი. ამის გამო ქართველ ერს პატიება სთხოვეთ?! 1921 წელს, რომ შემოხვედით და ზნედაცემული ქართველების დახმარებით ჩვენი ერის მომავალი - საჯიშე გოგო-ბიჭები დაგვიხოცეთ, ეს ოდესმე გინანიათ?!

მეუფევ, იყო ერთი ასეთი რუსი, გვარად, კალაშნიკოვი, რომელმაც იარაღი შექმნა (თუ გერმანელებს მოპარა ეგეც საკითხავია) და დღეს ეს იარაღი, რუსული არმიის სიამაყეა. ასე მგონია (უბრალოდ, არ ამბობენ), თავდაცვის სამინისტრო ზუსტად ასე ამაყობს მართლმადიდებლობით. კი, სწორად გაიგეთ, თქვენთვის რელიგია ისეთივე იარაღია, როგორც კალაშნიკოვი. თქვენი და თქვენი მღვდელმთავრების არცერთ ნაბიჯში არ ჩანს ქრისტესმიერი სიყვარული, მხოლოდ აგრესია, შფოთი, შუღლი, განკითხვა და ქაოსია, ზუსტად ის, რაც "კალაშნიკოვს" მოაქვს...

ყველა რუსი სასულიერო პირი, თავის გამოსვლებში (მათ შორის თქვენც) ქართულ ეკლესიას, როგორც ძმას ისე იხსენიებთ. ძმობაზე კარგი რაა, მაგრამ ნამდვილი ძმობა ისაა, როცა ერთს უჭირს და მეორე გვერდში უდგას. თქვენო მეუფებავ, არათუ საეკლესიო, საერო საქმეში გვერდში დგომასაც ვერ გაიხსენებთ ჩვენი საუკუნოვანი ურთიერთობის განმავლობაში. შორს არ წავალ - 2008 წელს, როცა თქვენი მღვდლების მიერ ნაკურთხი ჯარი საქართველოს ბომბავდა, მაშინ სად გქონდათ ეს ტონი?! ერთხელ, თვალის ასახვევად მაინც, პარაკლისი გადაგეხადათ და გეთქვათ, რომ ის, რასაც რუსეთი აკეთებს საქართველოში, დაუშვებელიაო, მაგრამ ასე მგონია (მგონია კია არა, ასეა), თქვენ ღმერთზე მეტად კრემლის "პატარა ღმერთის" გეშინიათ და წამებითაც ის უფრო გწამთ. მე რელიგიური განათლება არა მაქვს, მაგრამ "მამაო ჩვენოს" წაკითხვაც საკმარისია, ადამიანი მიხვდეს, რომ თქვენს არცერთ ნაბიჯში არაა ქრისტე და ქრისტიანული სიყვარული.

მეუფე ილარიონ, კიდევ ბევრის თქმა მინდა, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ოფიციალურ პასუხს გაგცემენ საპატრიარქოდან და გეტყვიან, რომ ტონს უნდა დაუწიოთ და ერთხელ და სამუდამოდ მიხვდეთ, რომ საქართველოს ეკლესია არის დამოუკიდებელი, რომელიც არათუ რუსეთის ეკლესიის, არამედ არავის გავლენის ქვეშ არაა, მაგრამ ისეთი დარწმუნებული ხართ თქვენს ტონში, რატომღაც მგონია რომ ჩემს იმედს ასრულება არ უწერია. ძალიან მინდა ვცდებოდე.

ქრისტესმიერი სიყვარულით და პატივისცემით სურამელი


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
05 ივნისი 2019 11:12
აგაშენა ღმერთმა!რასაც ვფიქრობდი ყველაფერი ისეა გადმოცემული ამ ღია წერილში.რაც შეეხება ალფეევს,მაგან ჩვენზე კარგად იცის ეკლესიის ისტორია,მაგრამ მაინც სატანას(პუტინს) ემსახურება.ის თვეების განმავლობაში იჯდა ჩვენს საპატრიარქოში დიდი "კეისით' და ამიტომაც აქვს ზოგიერთ ეპისკოპოსს ტვინი "არეული".
ხაშურელი
03 თებერვალი 2019 12:44
უკრაინა ყოველთვის აღიარებდა სურამს, როგორც ხაშურის მუნიციპალიტეტს. ამიტომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინას!
...
03 თებერვალი 2019 02:17
Samartliani iqneba tu qartvelebic tamashis igive cesebs gamoiyeneben anu, mtavrobam miulocos ukrainelebs eklesiis avtokefaliis agiarebs qartulma eklesiam ki maqsimalurad gaachianuros sakutari poziciis dafiqsireba shesazloa.ramodenime clitac.
Rusebistvis es metad sensitiuri momenti kargad unda iqnes gamoyenebuli saqartvelosatvis benefitebis misagebad.

რუბრიკის სხვა სიახლეები