ოკუპანტი გავრილოვი და მართლმადიდებლობით "გაპრავებული" მონობა - კვირის პალიტრა

ოკუპანტი გავრილოვი და მართლმადიდებლობით "გაპრავებული" მონობა

მაშინ როცა ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი, ვიღაცის საჯდომს იცავს და ამით ქვეყანას გარყვნის კლანჭებიდან იხსნის; მაშინ როცა ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი საყურეებიან ბიჭს დასდევს - ეგ უსათუოდ ჰომოსექსუალიაო (დალოცვილებო, ხომ ხართ მორწმუნეები, რა ვიცი ყველაფერს რომ მაგით ნიღბავთ, ფრესკები მაინც ნახეთ, რომელზეც ჩანს, რომ ქართველ მთავრებს ეკეთა საყურე ან წიგნი გადაშალეთ, მაგრამ სადაა წიგნის დრო, კომბლებია სათლელი); მაშინ როცა ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი, ხალხს სახლში უვარდება, მაგას ჭრელი ფარდები უკიდია და ნამდვილად LGBT თემის მომხრეაო და მაშინ როცა ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი კომბლებს თლის და ჭერში აწყობს, რათა მერე ეს კომბალი ძალადობის მოწინააღმდეგე პოლიციელს და LGBT თემის მომხრეს ურტყას, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, სტუმრად მიდის ადამიანი, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელიც არასოდეს მალავს თავის განწყობას და ამბობს - აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი ქვეყნებიაო. ამაზე სამარცხვინო ამბავი, ბოლო დროის საქართველოში იშვიათად მახსენდება. ისე, დროშაც გაგვეფინა ფეხთით, თუ დამცირებაა დამცირება იყოს.

რაიმე აპოკალიფსური ფილმის დასაწყისს რომ შეეფერება, ის შესავალია, მაგრამ არა, ეს საქართველოა, დღევანდელი დღე. საქართველოში სტუმრად იმყოფება, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე დასაწრებად ჩამოვიდა.

გულის კუნჭულში მქონდა იმედი, რომ აქ ჩამოსულ გავრილოვს, მასპინძელი მხარე ერთ - ორ მწარე სიტყვას ეტყოდა, მარამ ვერ მომართვეს, ბედნიერმა გავრილოვმა თქვა - არანაირი დისკომფორტი, ძალიან ბედნიერი ვარ, საქართველო ჩემი სამშობლოაო.

როგორც ამბობენ, ის აფხაზეთში ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა, მას მერეც ოკუპანტმა გავრილოვმა არაერთხელ მოინახულა სოხუმი და ცხინვალი, მართლაც საშინელი სანახავი გავრილოვაში განსხეულებული მტრის ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში სპიკერის სკამში ჯდომა....

მართლამადიდებლობა რომ ყოველთვის იარაღია რუსეთისთვის, ეს ცხადია, მე ის ვერ გავიგე, ჩვენ რატომ ვერ გავითავისეთ ეს ამბავი და ჯიუტად გვგონია რომ სავლე პავლედ იქცევა.

მოკლედ, 19 ივნისს ამ ფორუმის ერთი ნაწილი შედგა და აქ ჩვენთვის კიდევ ერთი სამარცხვინო ამბავი მოხდა. ის, რისი ერთი ადგილიც არცერთ ჩვენ დეპუტატს არ აღმოაჩნდა, უკრაინის ელჩმა გააკეთა, რომელმაც შეხვედრა დატოვა, რადგან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატებთან ერთად მე ვერ გავჩერდებიო.

ჩვენ როგორც ჩანს ღირსება, გასულ საუკუნეებში დავტოვეთ, თორემ არა მგონია, ღირსეული კანონმდებელი გავრილოვის გვერდით დამჯდარიყო და რწმენაზე ესაუბრა. მაშინ როცა მის ამომრჩეველს გავრილოვის ქვეყნის მიერ გავლებული მავთულხლართი საკუთარ მიწაზე, წინაპრის საფლავზე შესვლის უფლებას არ აძლევს. ისე, ეგ ჩვენი "მორწმუნე" სტუმარი, ოკუპირებულ რეგიონების სასაზღვრო სოფლებშიც ჩაგეყვანათ, იქაცაა ეკლესიები და ელოცა, თან იქ ქართლელი გლეხები არიან, რომლებიც გაცილებით ღირსეულ პასუხს გასცემდენენ ვიდრე თქვენ.

რუსეთში ჩასული გავრილოვი ინტერვიუს მისცემს პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებს, რომლებიც იტყვიან, რომ ჩვენ დეპუტატს ისე დახვდნენ საქართველოში, როგორც უსაყვარლეს ადამიანსო (რა ტყული იქნება თუ?!) ანუ გამოდის, რომ მათ თუ რამე წყენა ჰქონდათ გვაპატიესო, პირიქით უხარიათ ჩვენთან ურთიერთობაო, გავრილოვმა შეიძლება ისიც თქვა (ნამუსი დაუშლით თუ რა?!) მე ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ველაპარაკე და არაფერი პრეტენზია აღარ აქვთო. ამის მერე ჩვენ რაც არ უნდა ვიყვიროთ ტყუისო, რამეს შეცვლის?! იქნებ, ვცდები, ბატონო დეპუტატებო და გავრილოვში განხორცილებული წმინდანია და ჩემი ცოდვილი სული ვერ აღიქვამს?! მითხარით, მოვინანიებ.

ვიდრე, გავრილოვი უკან დაბრუნდება, ჩვენ დრო არ დავკარგოთ, კომბლები ვთალოთ და ქამრები მოვიმარაგოთ, თორემ ჰომოსექსუალთა 20-კაციანი ლაშქარია მოსული და გადაჯიშებას გვიპირებს, თუმცა ერთ რამეს ვერ ვხვდები - თამარის ზეობის ხანაში, ზაქარია მხარგრძელმა, სელჩუკიანთა თავხედ ელჩს ისე სცემა, უკან დასაბრუნებელი გზა დაავიწყა, დღეს ჩვენ ამის თავი აღარ გვაქვს და რომელ ჯიშის წართმევას ცდილობენ ჰომოსექსუალები თუ უკვე გადაჯიშებულები ვართ და ვერ ვხვდებით?!

პ.ს. ღმერთო, ერთი დღე მაინც მაცოცხლე ისეთ საქართველოში, სადაც ხალხი რეალური პრობლემის გამო გამოთლის კომბლებს და არა ქარის წისქვილებთან საბრძოლველად.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს