პუტინ, ყოჩაღ! რასაც ქვია, შეგვისრულე... - კვირის პალიტრა

პუტინ, ყოჩაღ! რასაც ქვია, შეგვისრულე...

ცალთვალა ხელისუფლება

20 ივნისი კიდევ ერთი სამარცხვინო დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. კიდევ ერთხელ მოიგო მტერმა - რუსეთმა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა არეულობისთვის, სამწუხაროდ, არაფერი (ან ვერაფერი, არ ვიცი) გააკეთა ხელისუფლებამ ამ არეულობის ასალაგმავად.

გუშინ გვესროლეს ყველას, განურჩევლად "ნაცისა" და "ქოცისა", გაზიც ყველამ ვყლაპეთ და სიმწრის ცრემლიც. გუშინ არავის გაუმარჯვია მტრის გარდა.

დღეს მთავარი კითხვა ისმის - ვინაა პასუხისმგებელი? პასუხია, ერთია - ხელისუფლება. კი სხვების პასუხისმგებლობაზე შეიძლება ლაპარაკი და მაგაზეც ვიტყვი, მაგრამ როცა ხელისუფლებაში ხარ, ვალდებული ხარ მსგავი რამ არ დაუშვა, მანამდე აღკვეთო, ვიდრე სიტუაცია აქამდე მივა.

პატივცემულ პარლამენტის თავმჯდომარევ, ხელს რომ აწერდა დამპალი გავრილოვის ვიზიტის დეტალებს, გეგონა ტაშს დავუკრავდით და გეტყოდით, - მადლობა ბატონო ირაკლი, ეს რა კაცი გაგვაცანიო?! თუ ასე ეგონა, მაშინ ეს კაცი არაა იმ პოზიციისთვის შესაფერისი, რადგან ისე შორსაა საკუთარი ამომრჩევლისგან, როგორც რუსეთი და გავრილოვი მართლამდიდებლობისგან. შორსაა, თორემ ეცოდინებოდა, რომ ხალხს რუსეთი და რუსული აღარფერი უნდა, მით უფრო პარლამენტში.

ხელისუფლების მომხრეების ნაწილი 7 ნოემბერს იხსენებს. კი ბატონო, მაშინ მომტინგეთა მხრიდან არ იყო ძალადობის მოწოდება, მით უფრო ადგილი არ ჰქონია ძალადობას და მაინც დაარბიეს. გუშინ, პოლიციაზე ძალადობაც იყო და დაშავებული პოლიციელებიც ვნახეთ, თუმცა ეს არ ამართლებს, ახლო მანძილიდან რეზინის ტყვიის სროლას და ადამიანების მძიმედ დაშავებას! ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, მადლობა ღმერთს, რომ სასიკვდილოდ არავის მოხვდა, თორემ მერე რა უნდა გვექნა?! ქუცნაშვილი გამოვიდოდა და იტყოდა, გავრილოვის ნაცვლად ბერძენი დეპუტატი უნდა ასულიყო ტრიბუნაზე და შეგვეშალაო?! თუ კობახიძე, იტყოდა ბაქოდან, - ყველაფერი "ნაცების" ბრალიაო?!

"ნაციონალურ მოძრაობასთან" შედარებით, ერთადერთი მორალური უპირატესობა ჰქონდა "ქართულ ოცნებას" და ისიც აღარ აქვს. ახლა, არჩევნებზე 9 წელის ძახილი უკვე ვეღარ იმუშავებს, ვერც 26 მაისის და 7 ნოემბრის გახსენება და დროა საქმეს მიხედოთ, ბატონებო, საქმეს.

დიდი ხანია, აქციაზე არ მდომებია წასვლა, გუშინ, როცა აქცია დაანონსდა მივდიოდი, ჩემი უფროსი ქალიშვილიც ( რომელიც 7 წლისაა) მიმყავდა, რათა იცოდეს, რომ მტრის ადგილი საქართელოში არაა, თუმცა აღარ წავედი, რადგან ის ჯანსაღი აქცია, მალევე პოლიტიკურ აქციად იქცა. პოლიტიკოსებმა, რომლებმაც მთელი ჩემი ახალგაზრდობა შეიწირეს, უცებ მოახდინეს აქციის ოკუპაცია, ახალგაზრდებს სიტყვის თქმის უფლებსაც აღარ აძლევდნენ და ერთი პარტიის აქციად აქციეს ჯანსაღი პროტესტი.

სწორედ, მათი მოწოდება იყო, - შევიდეთ პარლამენტშიო, რასაც ხალხიც აჰყვა, თუმცა როცა აქციის დაშლა დაიწყო, არცერთი (ყოველშემთხევაში, კადრებში ვერავინ დავინახე), იქ აღარ იყო. ეგაა თქვენი ლიდერობა?! ამის მერე, რატომ გამოხატოს...

რა მიკროფონომანია გჭირთ ასეთი, რომ სადაც მიკროფონს ხედავთ, აუცილებლად, სიტყვით უნდა გამოხვიდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ არა თქვენ, დღეს გაცილებით მეტი ახლაგაზრდა დავდგებოდით იქ, მშვიდობიანად მოვითხოვდით იმას, რაც მოსათხოვია და ეს იქნებოდა საქართველოს პროტესტი, რომელსაც ყველა დაინახავდა, თქვენი კი პარტიულ აქციად მოირგეთ.

სუფთა ფურცლიდან რამის დაწყება უკვე ძალიან რთულია, ის კი არა ამის გასუფთავებაც კი ძალიან ძნელი იქნება, თუმცა არა შეუძლებელი, მთავარია მონდომება და საკუთარ სავარძელზე წინ ხალხის დაყენება, იმ ხალხის, რომელმაც ამ სავარძელში ჩაგსვა. ვაცლავ ჰაველს აქვს ნათქვამი, - განვითარებულ ქვეყნებში, წინა მთავრობა მიდის სახლში, გარდამავალ ქვეყნებში კი ციხეშიო, - იქნებ, ამის გეშინიათ და იმიტომ ებღაუჭებით სკამებს?! თან როგორ წაბილწულ საკმებს, ოკუპანტის ნაჯდომს.

გუშინდელი დღე ბევრ რამეს შეცვლის, იმედია უკეთესობისაკენ. ხელისუფლებამ უნდა აღიაროს საკუთარი პასუხისმგებლობა, სხვანაირად შეუძლებელი ხალხისთვის თვალის გასწორება, მით უფრო, როცა ხელისფლებამ გუშინ თვალი დაკარგა.

მარგინალურმა ოპოზიციას კი ერთ ანეკდოტს გავახსენებ:

მარო გვიან ბრუნდება სახლში და მიხოს ეუბნება: - ორღობეს რომ ამოვცდი, ვიღაცეები ნიღბებით დამხვდნენ და გამაუპატიურესო...

– მარო, წადი ლიმონი მაინც ჭამე, ძაან კმაყოფილი სახე გაქვსო!

ლიმონი მაინც ჭამეთ მიკროფონთან მისვლამდე, ბატონებო!

პ.ს. პუტინ, ყოჩაღ! რასაც ქვია შეგვისრულე და ახლა, პოპკორნით ხელში ზიხარ ტელევიზორის წინ და ბედნიერი უყურებ იმას, რაც ხდება, თუმცა იცოდე, ბოლოს შენ ვერ გაიცინებ...

იხილეთ ასევე: "უნდა ვმდგარიყავით ისე, რომ არ მოგვეშვა არცერთი პოლიტიკოსი. ხალხის პროტესტი გამოიყენეს სხვებმა" - რას წერენ სოცქსელში ადამიანები, ვინც გუშინ ქუჩაში საპროტესტოდ იდგნენ?