რამდენად სწორია საჯარო მოხელის თამაშდამოკიდებულება, ანუ როგორ მოიგო ამბროლაურის მერმა ტოტალიზატორში "პორშე" - კვირის პალიტრა

რამდენად სწორია საჯარო მოხელის თამაშდამოკიდებულება, ანუ როგორ მოიგო ამბროლაურის მერმა ტოტალიზატორში "პორშე"

დავით მხეიძემ ერთ-ერთი ტოტალიზატორის გათამაშებაში, "პორშე" მოიგო. მწვანეზე ევლოს ბატონ დავითს. ალბათ ვინმე იტყვის, უამრავი მანქანა გათამაშებულა და ამაზე ბლოგის დაწერა რატომ გადაწყვიტაო, თუმცა არის ერთი გარემოება, ბატონი დავითი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია.

რა თქმა უნდა, არავის აქვს უფლება, რომ ადამიანს ჯიბე უკონტროლს თუ სად დახარჯავს საკუთარ ფულს, მაგრამ საჯარო მოხელე თუ თამაშდამოკიდებულია რამდენად სწორია მისი თანამდებობაზე ყოფნა?! ერთხელ რომ ეთამაშა, კიდევ გასაგები იქნებოდა ეს ამბავი, მაგრამ ბატონმა მერმა თქვა, 48 ბილეთი მაქვსო ანუ ძალიან ხშირად თამაშობს.

2018 წლის აგვისტოში, პარლამენტი აპირებდა კანონის მიღებას, სადაც ერთი მუხლი იქნებოდა - აზარტული თამაშები იკრძალება სახელმწიფო ბიუჯეტის ბენეფიციართათვის და ასევე, პირი, რომელიც საჯარო სექტორში მუშაობს, აზარტულ თამაშებზე წვდომას ვეღარ შეძლებს; სამწუხაროდ კანონი ჯერ ისევ არ მიუღიათ და ამის შედეგია, რომ გვყავს მერი, რომელიც იმ დროს რომელსაც ამბროლაურის განვითარებაზე უნდა ხარჯავდეს, თუნდაც არასამუშაო დროს, კაი კუშის ძიებაში ხარჯავს, იმედია პატრიოტი მაინცაა და "აძინ იქსის" ნაცვლად "ერთი იქსს" წერს ხოლმე.

რა თქმა უნდა, კანონით რაც არ იკრძალება მაგის უფლება ყველას აქვს, თუმცა როცა ადამიანი რაღაცაზეა დამოკიდებული და ეს რაღაც არის აზარტული თამაშები, ის თამაშის გამო აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს და როცა სათამაშო ფული არ ექნება, მოიპარავს კიდეც. უამრავი ფაქტია, როცა ადამიანმა უკანონობა ჩაიდინა თამაშისთვის. ახლა გადავწყვიტოთ, ასეთი დამოკიდებული ადამიანი (არ ვამბობ, რომ მერი ამ დონეზეა დამოკიდებული) რამდენად კარგად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ალბათობა იმისა, რომ პირნათლად ვერ შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მოთამაშისგან უფრო დიდია ვიდრე არამოთამაშისგან.

მიუხედავად ცუდი ფაქტისა, აქაც არის რამდენიმე პოზიტივი:

1. მერი უცხო ზარებს პასუხობს. წინა მთავრობის დროს უცხო ზარებზე პასუხი ფუფუნება იყო ( ალბათ მაგიტომაც ვერცერთხელ მოიგეს), ახლა პასუხობენ და უდავოდ დიდი მიღწევაა.

2. ბატონმა მერმა თქვა, გათამაშების 48 ბილეთი მაქვსო, როგორც ჩანს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერია და 48 სიმბოლურად აირჩია. მადლობა ქალბატონ სალომეს რომ 99 ნომერი ან უფრო მეტი არ ჰქონდა საარჩევნო ნომრად.

3. როგორც ჩანს ბატონი მერი, კარგად ერკვევა "კუშებში", ამიტომ ახალი საწარმოების გახსნას და ინვესტიციების მოზიდვას აჯობებს შევქმნათ, "კარგი "კუშები" მოძიების" სამინისტრო, რომელიც ყოველ პარასკევს ( შაბათ-კვირას ჩემპიონატის ტურებია) და ჩემპიონთა ლიგის თამაშების წინ, დაბუსტული პოსტით დადებს ნაღდ თამაშებს. მოსახლეობა ითამაშებს და მოიგებს, მოგებულის პროცენტი მიეცემა სახელმწიფოს, ბიუჯეტიც შეივსება და ხალხიც იხეირებს. მინისტრი ვინ იქნება, მაგაზე კითხვაც არ დაისმება.

4. როგორც წესი, არჩევნების დროს პოლიტიკოსები უამრავ დაპირებას გასცემენ, რომელთა უმეტესობაც ხშირად ვერ სრულდება. ამიერიდან, პოლიტიკოსებმა, დაარიგონ ნაღდი კუშები და რომელიც უფრო ნაღდს იტყვის ის ავირჩიოთ, შესაბამისად #3 პუნქტში, გამოთქმული იდეა - "კარგი "კუშების" სამინისტრო", შეივსება ღირსეული კადრებით.

პ.ს. ვულოცავ მერს მაქანას, გულწრფელად ვუსურებ რომ მუდამ კარგ გზაზე ევლოს და იყოს ბედნიერი, თუმცა კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ მისი მხრიდან თამაში, არაა სწორი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს