"ამ ცხოვრების დედაც..." - იქნებ ამ წარწერით ყვროდა, - მიშველეთ, გადამარჩინეთო, მაგრამ...
"ამ ცხოვრების დედაც..." - იქნებ ამ წარწერით ყვროდა, - მიშველეთ, გადამარჩინეთო, მაგრამ...
ნაწერი, ვიდეოკადრებისაგან იმით განსხვავდება, როცა ადამიანი რამეს კითხულობს თუ წერს, იქ აღწერილი უნდა წარმოიდგინოს, მაგრამ ამ წარმოდგენასაც თავისი გრძნობა და გონება სჭირდება, სამწუხაროდ, ხშირად ნაწერს, მშრალ ტექსტად ვიღებთ და დასრულდა... "ამ ცხოვრების დედაც..." - დაწერა 15 წლის ბიჭმა, 15 წლის ბიჭები წესით ასეთ რამეებს არ წერენ, ამიტომაც ვიღაცას უნდა როგორმე წარმოედგინა, დაენახა, რომ იმ ბიჭს რაღაც უჭირდა, იქნებ ამ წარწერით ყვროდა კიდეც, - მიშველეთ, გადამარჩინეთო, მაგრამ...

შემდეგ კი იყო ინფორმაცია...  საზარელი
ამბავი, მაგრამ, თითქოს, ჩვენი საზოგადოება ამასაც შეეჩვია -  15 წლის მოზარდი მე-9 სართულიდან გადმოხტა და თავის მოკვლა სცადა.

წარმოუდგენელია იმის გააზრება და წარმოდგენა, რომ პატარა ბავშვი, იმ ზომამდე იყო გამწარებული, უკიდურესი ნაბიჯი გადადგა და თავი მოიკლა.

თვითმკვლელობამდე, პოლიციის განყოფილებაში იყო დაკითხვაზე, რადგან მას ბრალდებოდა თბილისის
ერთ-ერთ სკოლაში საღებავით წარწერების გაკეთება.

ლუკა, შენ თავი არ მოგიკლავს, შენ ცხოვრებამ მოგკლა, შენ ჩვენი, ზრდასრული ადამიანების უსულგულობამ მოგკლა, ჩვენმა შენთან გაუცხოვებამ გაიძულა ამ ნაბიჯის გადადგმა. ჩვენი, უფროსების ბრალია ბევრი რამე, არ ვუსმენთ პატარებს, თითქოსდა მათზე მეტი ვიცოდეთ, ხშირად ზემოდან ვუყურებთ და მათი პრობლმები, ჩვენ პრობლემებთან შედარებით სასაცილოდ მიგვაჩნია, იქნებ მათაც ეცინებათ ჩვენ პრობლემებზე, მაგრამ გვისმენენ, უფრო სწორად იძულებული არიან რომ მოგვისმინონ, ჩვენ კი ეს იძულება არ გვაქვს და არ ვუსმენთ, არადა, ყველა პრობლემა ინდივიდუალურია, ასაკთან შესაბამისია და გადაჭრა სჭირდება. ეგებ რომ მოგვესმინა ლუკასთვის, სადმე დაწერის ნაცვლად ჩვენთვის ეთქვა - "ამ ცხოვრების დედაც", ან როცა დაწერა მას მერე გვეთქვა, რომ მზად ვიყავით მისთვის მოგვესმინა, კი არ დაგვესაჯა, გვეჩხუბა, არა, უბრალოდ, მოგვესმინა...

მეც ვიყავი 15 წლის, მილიონი აზრი მომდიოდა თავში, მეგონა, მთელი ქვეყანა ჩემს წინააღმდეგ იყო ამხედრებული, მეც მიჭირდა უფროსისთვის ჩემი პრობლემების მოყოლა, მაგრამ გავბედე, ჯერ მამას ვუთხარი, მერე მამას მეგობარს გავენდე, მერე მივხვდი, რომ მასწავლებლებიც არ იყვნენ "ბოროტები" და აღმოჩნდა, რომ თურმე ლაპარაკით ბევრი რამის მოგვარება შეიძლებოდა.

ბავშვებო, არასოდეს იფიქროთ რომ თვითმკვლელობა კარგია, თქვენს მშობელზე, ახლობელზე იფიქრეთ ამ დროს, მათ ადგილას წარმოიდგინეთ თავი და მიხვდებით, რომ მოუშუშებელ ტკივილს დაუტოვებთ ყველას. გაბედეთ, მოდით უფროსებთან და დაგველაპარაკეთ, ვიმეგობროთ. გულწრფელად ვამბობ, რომ თქვენ ბევრად უკეთესი მასწავლებლები ხართ, ვიდრე ჩვენ და მოდით ერთმანეთისგან ვისწავლოთ და ყველა პრობლემას ერთად მოვუგრიხოთ კისერი.

ლუკა, შენ თავი არ მოგიკლავს, შენ დაუსჯელობის სინდრომმა მოგკლა. თუ არ ვუმკურნალეთ, ეს საშინელი ჭირი, კიდევ ბევრ "ლუკას" მოკლავს, ბევრი "ლუკას" მერე უკვე ქვეყანას შეჭამს, საერთოდ თუ არსებობს საერთოდ ეს ქვეყანა და თუ არსებობს ვისთვის?! სწორედ ლუკასთვის შეიქმნა ეს ქვეყანა, მაგრამ ეს ქვეყანა ლუკას კლავს.

გაუგონარი ამბავია, 15 წლის ბავშვი, თავს იკლავს, პოლიციელის ზეწოლის გამო, იმ პოლიციელის რომელმაც პირიქით, ეს ბავშვი უნდა დაიცვას. იმ ავადსახსენებელ 90-იანებში, პოლიციელებს "ძაღლებს" ეძახდნენ, პოლიციელების შვილების გარდა მგონი არავის უნდოდა ძალოვან სტრუქტურაში მუშაობა, იმათაც მხოლოდ იმიტომ უნდოდათ, რომ ფული იშოვებოდა. მერე სიტუაცია შეიცვალა, პოლიციელობა პრესტიჟული გახდა, პოლიციისადმი ნდობა გაიზარდა, "ძაღლებიც" სადღაც გაქრნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ არსადაც არ გამქრალნან, მომენტს ელოდნენ რომ ადამიანებიდან ისევ "ძაღლებად" ქცეულიყვნენ.

შეიძლება, ლუკა ის ზვარაკია, რომელიც სისტემას შეცვლის, მაგრამ ვინმე აუხსნის მის მშობელს, რატომ დასჭირდა ძირგამომპალ სისტემას ასეთი ზვარაკი?!

ლუკა, ბოდიში იმისთვის, რომ დღეს აღარ ხარ. მე ვერ შევძელი შენი დახმარება, ჩვენ ვერ შევძელით...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ვაიმეე
22 დეკემბერი 2019 19:37
გასკდა გულიიიი..ომი რად გვინდა, ისე გვიკვდება შვილები!!!! პოზიცია-პოზიცია-ოპოზიციაც!!! ტელევიზია!!! ჟურნალისტებოოო, მოისპო ერი თქვენი შუღლით, ბოღმით, ზიზღით!!!! რას დაამსგავსეთ ქვეყანა, თქვენი შვილების ჯერიც მოვა!!! ვინღა შეგიცოდებთ, აღარაა ერი, აღარ დარჩა ქართველისგან აღარაფერი, განადგურდა ერი, კვდებიან ჩვენი შვილები, კივიან სიმწრისგან და არავის ესმის მათი სულის კივილი
ქეთო
20 დეკემბერი 2019 13:36
ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკოსრება სკოლის დირექტორს რომელმაც ვერუზრუნველყო პატარა ბიჭების საქმის განხილვათუნდაც ვაჟკაცურად
ნუგზარი
19 დეკემბერი 2019 16:46
სანამ ქვეყანაში იარსებებს დაუსჯელობის სინდრომი მანამ არაფერი გვეშველება ჩვენ და თუ გვინდა ევროპა მაშინ ნება ვიბოძოდ და მოვიქცედ ისე როგორც პროფესიანლ და კვალიფიკაციით მაღალ დონეზე მდგარ ადამიანებს შეეფერებათ

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები