მარნეულელების აქციის შუქ-ჩრდილები, ხელისუფლების "ჯიბე"(?!), ჩასაფრებული ფარისევლები და "გირჩის" "კრეფა" იპოდრომზე - კვირის პალიტრა

მარნეულელების აქციის შუქ-ჩრდილები, ხელისუფლების "ჯიბე"(?!), ჩასაფრებული ფარისევლები და "გირჩის" "კრეფა" იპოდრომზე

სურამელის ბლოგი

22 აპრილს, მარნეულში, საპროტესტო აქცია გაიმართა. ამაში გასაკვირი (მით უფრო საქართველოში) არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება - თითქმის ერთი თვეა, მარნეულის მუნიციპალიტეტი საკარანტინო რეჟიმში ცხოვრობს, მთელ ქვეყანაში კი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რომლის დროსაც სამ ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია.

გარდა იმისა, რომ კანონდარღვევაა სამზე მეტი პირის შეკრება, დაინფიცირების საფრთხეც ძალიან დიდია, მით უფრო ისეთ რეგიონში, რომელიც სწორედ ამ საფრთხის გამოა საკარანტინო ზონად ქცეული. აქციის მონაწილეების მხრიდან ფართომასშტაბიანი აქციის გამართვა, ნამდვილად დიდი დაუდევრობა იყო, სამწუხაროდ, სახელმწიფოს არ ეყო ძალა რომ დამნაშავეები, ვინც საგანგებო მდგომარეობის წესი დაარღვია, შესაბამისად დაესაჯა, თუმცა ამას მიზეზიც შეიძლება ჰქონდეს: ერთი ის, რომ სახელმწიფო ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონში მოერიდა პრობლემების გამწვავებას და მეორე -  პრობლემა, რაზეც პროტესტანტები ლაპარაკობდნენ, რეალურია...

ეს უკვე მეორე დღემაც გამოაჩინა, როდესაც უცებ გადაწყვიტეს ამ ადამიანების მოთხოვნების გათვალისწინება... ახლა ზედახორა იმიტომ შეიქნა, რომ მათ მიერ მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის შეძენა ერთბაშად გადაწყვიტეს...

მოგეხსენებათ, აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ მათი მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გაყიდვაში სახელმწიფო დაეხმაროს, რადგან მათ არ ეძლევათ მუნიციპალიტეტის დატოვების საშუალება, რასაც ისინი ადრეულ წლებში ახერხებდნენ და შესაბამისად, დახმარებასაც არავის სთხოვდნენ... დღეს კი, როცა მათთვის გადაადგილება შეზღუდულია, მოყვანილი მოსავლის გაყიდვა უჭირთ, ამასობაში კი, მოსავალი ლპება. როგორც იცით, ამჟამად, მხოლოდ კომპანია "ჯიბე" შედის რეგიონებში და ადგილობრივებისგან ყიდულობს პროდუქტს, მაგრამ ცხადად გამოჩნდა, რომ მხოლოდ "ჯიბე" ამ პრობლემას ვერ აგვარებს, ამიტომ სახელმწიფომ დროულად უნდა ნახოს სხვა, ალტერნატიული გზა, რითაც ყველა მხარე მოგებული დარჩება: ადგილობრივი გაყიდის საკუთარ ნაშრომს, ალტერნატიული კომპანია დამატებით შემოსავალს მიიღებს, ხოლო დანარჩენი საქართველო - პროდუქტს.

ვიდრე ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილზე გადავალ, რომლებიც აქციის მონაწილეებს ლანძღავდნენ, "მიშისტებს" ეძახდნენ და მათი ეთნიკური კუთვნილების გამო ათასგვარ სიბინძურეს უწოდებდნენ, აუცილებლად უნდა ვახსენო, ის ფარისევლები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ, ეკლესიაში მრევლის შეკრებას აპროტესტებდნენ და კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების საფრთხეზე წუხდნენ... დიახ, სწორედ ეს ხალხი 22 აპრილს დიდი სიამოვნებით და სიხარულით უყურებდა აქციის მონაწილეებს და მხარდაჭერას უცხადებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს აქცია მათ პოლიტიკურ ინტერესებში ჯდებოდა.  სამარცხვინოა, თქვენი პოზიცია, რომელსაც სახელმწიფოებრივი არაფერი სცხია.

კიდევ უფრო სამარცხვინოა ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომელმაც ვერ შეიგნო, რომ ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს აქვს ყველა ის უფლება, რასაც კონსტიტუცია და კანონი ანიჭებს. მათ აქვთ უფლება გააპროტესტონ ის, რაც აწუხებთ, მიუხედავად იმისა, რომელ რელიგიას წარმოადგენენ ან რა ეთნოსს მიეკუთვნებიან და თუ ვინმე კანონს არღვევს, უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე. ეს ყოველად მიუღებელი დამოკიდებულება, პოზიცია, რომელიც ჩვენი საზოგადოების კიდევ კარგი მცირე ნაწილმა გამოიჩინა, არის შეიძლება გაცილებით საშიშიც კი იმათზე, ვინც მიზანმიმართულად ცდილობს ქვეყნაში ეთნიკური და რელიგიური ნიშნით პრობლემების აალებას...

კი, ბატონო, მარნეულელების ქცევა, ასობით ადამიანის შეკრება არსებულ სიტუაციაში ძალიან დიდი დაუდევრობა იყო, თუმცა გასათვალისწინებელია გარემოება, თუ რის გამო გამოვიდნენ ეს ადამიანები, სახელმწიფოს რომ აქამდე მოეგვარებინა მათი პრობლემები, აქცია საერთოდ აღარ გახდებოდა საჭირო. ვერც ვერავინ წააქეზებდა მათ, თუ ამგვარი რამ რეალურად მოხდა, როგორც ამას "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ამტკიცებდნენ...

ვიმეორებ, ეს შეურაცხმყოფელი კომენტარები შეიძლება იქცეს ეთნიკური შუღლის გაღვივების წინაპირობად, რომელსაც ასე ოცნებობს არაერთი, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ...

აქვე ვიტყვი, ვითომ პატრიოტული ზრახვებით, "მთავარი არხი" და ნიკა გვარამიაც დიდი ხანია ცდილობენ ფითილს ცეცხლი მოუკიდონ, სახელმწიფოს ამუნათებენ ეთნიკური უმცირესობების მიამრთ არასწორი პოლიტიკის გამო და რეალურად კი, ცდილობენ კონფლიქტის გაღვივებას, რათა მერე შეწუხებული "სიფათით", რომელზეც გაჭირვებულებზე ზრუნვას მიიხატავენ, სახელმწიფო დაადანაშაულონ.

ცალკე თემაა, რომ დემონსტრანტებს, პოლიტიკური ძალები სათავისოდ იყენებენ, რაც გუშინაც კარგად გამოჩნდა. წმინდად სოციალური თემით შეკრებილმა ხალხმა "მიშა", "მიშას" ძახილი დაიწყო. პატარა ბავშიც კი არ დაიჯერებს, რომ იმ ხალხმა საკუთარი სურვილით გადაწყვიტა "მიშას" ყვრილი. კი, გიგა ბოკერია ამბობს, ჩვენი წარმომადგენლები იქ იმიტომ იყვნენ, რომ მოსახლეობა დაემშვიდებინათო, მაგრამ "ევრონაცების" "დამშვიდებული ამბოხი" არ გაიშვას არსად...

P.S. "გირჩმა" დაინახა რა, ვიღაცა აქციას ატარებსო, იყვირეს, - არიქა, ყველანი ყოფილ იპოდრომზე, საგანგებო მდგომარეობა გავაპროტესტოთო! ჰოდა, "იხუვლა" "გირჩის" ჯარმა და მივიდა 5 კაცი... ისინიც პოლიციამ წამოკრიფა, თან 3000-3000-იანი ჯარიმით...

სოციალურ ქსელში ჩემმა კოლეგამ იხუმრა, - პოლიციამ ოპოდრომზე "გირჩი" მოკრიფაო...

იხილეთ ასევე: მრევლის ფანატიკოს ნაწილს ნუ ეგონება, რომ ეკლესიის მტერი ვარ

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს