ბევრი გამარჯვების მომსწრეა "დინამოს" სტადიონი, მაგრამ... ანუ გულშემატკივრის წერილი ქართველ ფეხბურთელებს - კვირის პალიტრა

ბევრი გამარჯვების მომსწრეა "დინამოს" სტადიონი, მაგრამ... ანუ გულშემატკივრის წერილი ქართველ ფეხბურთელებს

გამარჯობა. მე ერთი რიგითი სურამელი გულშემატკივარი ვარ, ისეთი რიგითი, როგორიც დანარჩენი 4 მილიონი ქართველია. ჰო, დღეს მთელი საქართველო თქვენი გულშემატკივარია, სხვანაირად არც შეიძლება რომ იყოს. ასეთი მნიშვნელოვანი თამაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა.

ბიჭებო, ხშირად ყოფილხართ ჩვენგან გულნატკენი, რადგან ვერ ვიტანთ წაგებას და ამ წაგების გამო ზოგჯერ უკბილოდ და ზოგჯერ კბილიანად ვხუმრობთ ხოლმე, ვიცი რომ გწყინთ და გტკივათ. ვერ დავიჯერებ, რომ როცა მოედანზე ხართ, თქვენზე მეტად ვინმეს უნდოდეს მოგება. გპირდებით დღევანდელი გამარჯვება, ყველაფერ ადრინდელს გადაფარავს, ყველა წაგებაზე აღმატებული იქნება ეს მოგება, ამიტომ აუცილებლად უნდა მოიგოთ.

ჩვენი ისტორია ომების ისტორიაა, სულ ვომობდით. დღევანდელი შეხვედრაც ერთგვარი ომია, ჰოდა მოიგეთ რა ეს ომი. აჩვენეთ მსოფლიოს მაღლა აწეული საქართველოს დროშა, მოგვასმენინეთ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი და ამით თაობების ოცნებას ფრთები შეასხით.

დღეს, მთელი საქართველო პრობლემებშია ჩაძირული, პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა ჩვენი ყოფა და ამის ფონზე, თქვენი გამარჯვება ის სალბუნი იქნება, რომელიც ცოტა ხანს ტკვილს დაგვავიწყებს და გაგვაბედნიერებს. ვიცი, არ იქნება ეს გამარჯვება იოლი ან რომელი გამარჯვებაა იოლი?! მაგრამ ეს გამარჯვება ყველაფერი იქნება ჩვენთვის.

სამწუხაროდ, ტრიბუნებიდან ვერ გაგამხნევებთ, მაგრამ იცოდეთ, რომ დღეს მთელი საქართველო თქვენთანაა, ყველა ქართველი მინიმუმ ერთხელ მაინც იტყვის - ღმერთო, ჩვენმა ბიჭებმა მოიგონ; მინიმუმ ერთხელ მაინც იტყვის - ბიჭებო, ჩემი ჯანი თქვენ, კიდევ ბევრ რამეს იტყვის ქართველი გულშემატკივარი და ბოლოს, დამსახურებულ მადლობასაც გეტყვით გამარჯვებისთვის და იმ სიხარულისთვის.

ბიჭებო, ძალიან მიყვარხართ, თქვენს ყველა თამაშზე ბოლომდე ვიცლები ემოციისგან, თუ მერე რამეს ვწერთ, ისევ სიყვარულით, რადგან ის წაგებები გვტკივა. თქვენ მთელი საქართველოს სახეები ხართ, თქვენი ყველა ნაბიჯი საქართველოს ნაბიჯია წინ ან უკან, უკან სვლის დრო დამთავრდა, მხოლოდ წინსვლა და შეტევა გვმართებს, სადაც დიდი გამარჯვებები გველოდება. თქვენმა თაობამ, უნდა შეძლოს ის, რასაც ყველა ამდენი ხანი ველოდებით, თქვენ ეს შეგიძლიათ.

ბევრი გამარჯვების მომსწრეა "დინამოს" სტადიონი, მაგრამ დღევანდელი მოგება სულ სხვა იქნება, ყველაზე მეტი და ყველაზე მნიშვნელოვანი.

როცა იგებთ, თქვენ არ იცით რა ლამაზია ყველაფერი. ქართული სოციალური ქსელი, რომელიც ამ ბოლო დროს, ბოღმის ბუდედ იქცა, სიყვარულის ფერი ხდება ხოლმე. ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ შეძლებს იმ სიხარულის მონიჭებას რაც თქვენ, სპორტსმენებს შეგიძლიათ, ჰოდა გაგვახარეთ რა.

ჩემო ეროვნულო გუნდო, მიყვარხარ და მეიმედები.

8 ოქტომბერი გამარჯვების დღედ უნდა იქცეს!

თქვენი სურამელი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს